Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგაც გაურკვეველია როდის მოხსნის რუსეთი საქართველოსთან საჰაერო ბლოკადას


ორიოდე დღის წინ მოსკოვში დასრულდა მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

შედეგი არის ის, რომ მხარეთა შორის დიალოგი დაიწყო, გარკვეულწილად ურთიერთგაგებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა როდის და რა პირობით მოხსნის რუსეთი საქართველოსთან საჰაერო ბლოკადას, არ გარკვეულა. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკება თბილისში უნდა გაგრძელდეს. რუსეთი საქართველოს მხარეს დავალიანების დაფარვის პირობას უყენებს. მოლაპარაკების დეტალებზე ხუთშაბათს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრ ”რია ნოვოსტიში” საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩხიკვაძემ და საქართველოს ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია, ”ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის ” თავმჯდომარის ალექსანდრე ჩხიკვაძის მეთაურობით, მოსკოვში სტამბულიდან ჩავიდა და უკან, თბილისშიც, სტამბულის გავლით დაბრუნდა. თუმცა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენით დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს დელეგაციას სამშობლოში განსაკუთრებული სიახლე არ ჩამოუტანია. როგორც ალექსანდრე ჩხიკვაძე აღნიშნავს, ეს არის, რომ პროცესი დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს და საქმე გადაწყვეტილების მიღებისკენ მიდის. თუმცა, ისევ ალექსანდრე ჩხიკვაძის თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის მხარე განზე გადადებს თუ არა პოლიტიკურ მოტივაციას. საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი სწორედ პოლიტიკა იყო და არა საქართველოს მხარის დავალიანება. მოსკოვში მიმინარე მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან ”როსაერონავიგაციისა” და ”როსავიაციის” წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას მათ განუმარტეს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის 3 მილიონიანი დავალიანების დაფარვაა საჭირო.საქართველოს მხარე კი ამ დავალიანებას არ ცნობს:

[ალექსანდრე ჩხიკვაძის ხმა] ”ბევრი კომპანია არის ბანკროტი. ბანკროტს რა უნდა მოსთხოვო? უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი და ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ არსად, არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო კერძო კომპანიებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ”

როგორც საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ლაპარაკია საბჭოთა კავშირის დარღვევის შემდეგ კერძო - და დღეს უკვე ბანკროტი - კომპანიების მიერ დაგროვილ დავალიანებაზე, რაც რუსეთში ბოლო პერიოდამდე არავის გახსენებია. საქართველოს სახელმწიფო ამ დავალიანებას არ ცნობს. სხვა საკითხია ის, რომ მოქმედ ავიაკომპანიებს, მართლაც, აქვთ რუსეთის მიმართ მცირე დავალიანება, რისი დაფარვაც პრობლემას არ წარმოადგენს. დავალიანების თაობაზე რუსეთის, ციფრებში გამოხატულ, პრეტენზიას საქართველოში იურისტების და ეკონომისტების ჯგუფი შეისწავლის და დასკვნას სპეციალურ სახელმწიფოთაშორისო კომისიას წარუდგენს. ისევ ალექსანდრე ჩხიკვაძის თქმით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა მომავალში ძველი დავალიანების საკითხი აღარ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად. ასეთმა გადაწყვეტილებამ კი საქართველოში, ხალხთან ერთად, თავისთავად ავიაკომპანიებიც დააზარალა. მაგალითად, ავიაკომპანია ”საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს” რუსეთის სანქციამ, რაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო, საწყის ეტაპზე საგრძნობი ზარალი მოუტანა, თუმცა ავიაკომპანიის პრეზიდენტი გიორგი კოდია აღნიშნავს, რომ ალტერნატიული გზების მოძებნით პრობლემები დაიძლია:

[გიორგი კოდუას ხმა] ”ალტერნატიული გზები მოინახა. ვალი გავყინეთ და დღეს არ ვზარალობთ. კმაყოფილი ვართ უკრაინის ბაზრით. ყოველთვის მოინახება ალტერნატიული გზები. ბუნებაში ასე იყო და ასეა. ”

”მთავარია , რომ სიძნელე ექმნებათ რიგით ადამიანებს, რომელთაც რუსეთში მოსახვედრად მესამე ქვეყნის გავლა სჭირდებათ, ” - აცხადებენ საქართველოს ავიაკომპანიების წარმომადგენლები და დასძენენ, რომ მზად არიან რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინონ, როგორც კი რუსეთში საამისო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
XS
SM
MD
LG