Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაამძიმებს თუ არა სულხან მოლაშვილის მდგომარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევა


შაბათ დილით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევის ფაქტი, შესაძლოა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩო ახალაიამ გაქცევის ფაქტზე საუბრისას არ გამორიცხა, მოლაშვილს წინასწარ სცოდნოდა გაქცევის შესახებ. საქმე ეხება სულხან მოლაშვილის ყოფილი კოლეგის გაგი ხვედელიძის გაქცევას. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ გამოძიებამ სულხან მოლაშვილი სწორედ მისი გამოსარჩლებისა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის შეურაცხყოფის გამო დაკითხა, თუმცა მოლაშვილმა ექიმის ცემა უარყო.

რა მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რამდენად შეიძლება დაამძიმოს მომხდარმა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მდგომარეობა.?

გაგი ხვედელიძის გაქცევასთან სულხან მოლაშვილის შესაძლო კავშირი ერთ-ერთი ვერსიაა და, სასჯელაღსრულების დერპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას აზრით, ეს ვერსია, შესაძლო, ახლოს იყოს რეალობასთან:

[ბაჩო ახალაიას ხმა] ” თავისთავად, სულხან მოლაშვილმა დაიცვა და, შესაძლოა, იყოს კავშირში. ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიაა და, შესაძლოა, ახლოს იყოს კიდეც რეალობასთან. ” (სტილი დაცულია)

ვერსია რამდენიმე დღის წინ ციხის რესპუბლიკურ სავაადმყოფოში მომხდარ ინციდენტს ეფუძნება. რამდენიმე დღის წინ, როგორც უკვე ვთქვით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე გამოძიებამ ექიმის ცემის გამო დაკითხა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, ციხის საავადმყოფოში ინციდენტი მოლაშვილის ყოფილი კოლეგისა და მეგობრის, გაგი ხვედელიძის, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა. ”მოლაშვილი მიიჩნევდა, რომ ხვედელიძე მძიმე ავადმყოფია და მკურნალობას საჭიროებდა. ამიტომ გაწერის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ის გააღიზიანა დ ექიმ ჯურხა ფილაურს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.” - ასეთ ცნობას ავრცელებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მოლაშვილის ადვოკატმა კი, მომხდართან დაკავშირებით კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, მის მიერ ექიმის ცემის ფაქტი უარყო. სულხან მოლაშვილის მონათხრობზე დაყრნობით, მან განაცხადა, რომ ეს იყო თავად ექიმის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია, რასაც შორს მიმავალი მიზანი უნდა ჰქონოდა. იგულისხმება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სულხან მოლაშვილის საქმის განხილვის წინ პატიმრისთვის დამამძიმებელი გარემოების ხელოვნურად შექმნა. ზუსტად ასეთივე განმარტებები გააკეთეს მოლაშვილის ოჯახის წევრებმაც.

ასეა თუ ისე, გამოძიებამ სულხან მოლაშვილი ექიმის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილად ცნო.

ამჯერად გაგი ხვედელიძის გაქცევის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და გამოძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თამჯდომარემ უკვე შესთავაზა ვერსია კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის დასაკითხად. გაგი ხვედელიძე , რომელსაც ახლა უკვე ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ბაჩო ახალაიას განმარტებით, შაბათს, გამთენიისას, ისე გაიქცა, რომ ვერანაირი რეაგირება ვერ მოხერხდა:

[ბაჩო ახალაიას ხმა] ” გაქცევა მოხდა შაბათს, გამთენიისას, ისე რომ ვერ მოხერხდა ვერანაირი რეაგირება. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულები არიან ბადრაგის თანამშრომლები. ”(სტილი დაცულია)

როგორც აღნიშნავენ, ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ხვედელიძის ავადმყოფობის ისტორია ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოდან სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა, რადგან სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს სწავლობს, კერძოდ იმას, ხვედელიძის გამოსარჩლების მიზეზით მართლაც მიაყენა თუ არა ექიმს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დღემდე ვერ მოახერხეს თითქოსდა მოლაშვილის მიერ ნაცემ ექიმთან შეხვედრა.
XS
SM
MD
LG