Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მზადაა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს ყოველგვარი პირობების გარეშე შეხვდეს


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, უკვე მეორედ, საქართველოს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოდის,

მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკების წინაპირობად საომარი მოქმედების განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ბაღაფში სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა. ოფიციალურმა თბილისმა სოხუმის წინადადებას უკვე უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა სერგეი ბაღაფშს შეხვდეს, ოღონდ ყოველგვარი პირობების გარეშე. რამდენად პერსპექტიულია პირდაპირი დიალოგისკენ ეს სწრაფვა?

სერგეი ბაღაფშმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინაპირობად, როგორც უკვე ვთქვით, საომარი მოქმედების განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა დაასახელა.

შეგახსენებთ, ასეთი დოკუმენტი მხარეთა შორის ჯერ კიდევ 1997 წელს გაფორმდა და მასზე ხელი ედუარდ შევარდნაძემ და ვლადისლავ არძინბამ მოაწერეს. მოგვიანებით კი, გალის ცნობილი მოვლენების - კერძოდ, კოდორის ხეობიდან სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩეჩენი საველე მეთაურის გილაევის რაზმის შეჭრის - შემდეგ, მხარეებმა, საერთაშორისო გარანტიებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი შეთანხმების გაფორმება დაგეგმეს. როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, აფხაზთა მხარე მაშინ თანახმა იყო მიეღო საქართველოს მხარის მიერ შეთავაზებული ტექსტი, რომელშიც ხაზი ესმებოდა რუსეთის სამშვიდობო ძალების როლს კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ჩამოყალიბებისა და სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ცნობილი დადგენილებების მიღების შემდეგ უსაფრთხოების შესახებ საბოლოო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა შეწყდა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე მიზანშეუწონლად მიიჩნია აფხაზთა მხარესთან შეთანხმებაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მშვიდობის გარანტად აღიარება. ასე რომ, დღევანდელ პირობებში საეჭვოა საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის წამოსაწყებად ხსენებული დოკუმენტის გაფორმებაზე დათანხმდეს, მით უფრო, რომ უკვე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სერგეი ბაღაფშს შეხვდება, ოღონდ ყოველგვარი პირობების გარეშე.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ოღონდ ყოველგვარი პირობების გარეშე. საჭიროა პირდაპირი, საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული საუბარი. საუბარი საუბრისთვის ჩვენ არ გვჭირდება.”

ასეთი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის განცხადება.
სააკაშვილისა და ბაღაფშის შეხვედრის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს პაატა ზაქარეიშვილი. ბაღაფშის ინიციატივას ის საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს და, ამდენად, მას სერიოზულად არ ეკიდება:

[პააზა ზაქარეიშვილის ხმა] ”ეს არის წმინდა წყლის საარჩევნო ტრიუკი. 4 მარტს აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებია, ბაღაფშს სჭირდება ზემოქმედება ამომრჩეველზე და, ამავე დროს, სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, როგორი ინიციატივიანია აფხაზთა მხარე და როგორ სთავაზობს ქართველებს შეხვედრებს. ”

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატივით სერგეი ბაღაფში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც გამოვიდა. ბაღაფშთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა საქართველოს პრეზიდენტიც, მაგრამ, მხარეთა მიერ წამოყენებული წინაპირობების მიზეზით, ინიაციტივები ინიციატივებად დარჩა.

აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხევდრა ორჯერ შედგა და ორჯერვე რუსეთის შუამავლობით. პირველად ედუარდ შევარდნაძისა და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა სოხუმში, რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის შუამავლობით, შემდეგ იყო შევარდნაძისა და არძინბას შეხვედრა თბილისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით. ამჯერად რუსეთის მხარე არ აქტიურობს. შეხვედრის ინიციატივა სოხუმიდან მოდის, ოღონდ - გარკვეული პირობებით.
XS
SM
MD
LG