ვიაჩესლავ კოვალენკო თბილისში ერევნიდან ავტომობილით გამოემგზავრა. ვბრუნდები იმისთვის, რომ ვიმუშაო და ორი ქვეყნის ურთიერთობის გამოსწორებას შევუწყო ხელიო, - თქვა მან. რუსეთის ელჩის დაბრუნება საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის ნიშნად შეფასდა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ელჩის დაბრუნებას ჯერ კიდევ არ აღიქვამენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესაძლო გამოსწორების ნიშნად.
საქართველოში ელჩის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში მიიღო. გასული წლის სექტემბერში თბილისიდან მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაწვეულ ვიაჩესლავ კოვალენკოს მან 18 იანვარს უთხრა, რომ უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, რომელთანაც რუსეთს საუკუნოვანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. რუსეთის ელჩი თბილისში 22 იანვარს დაბრუნდა, მუშაობას კი 23 იანვრიდან შეუდგება. პუტინის გადაწყვეტილებას თბილისში გასულ კვირაშივე მიესალმნენ, თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე არავის არ დაუმყარებია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამოსწორების იმედი. პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა პუტინის გადაწყვეტილება უფრო საქართველოს მიმართ ბოლო თვეებში განხორციელებული პოლიტიკის გამო შელახული იმიჯის გამოსწორების მცდელობად აღიქვეს, ვიდრე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამოსწორების ცდად:
[დავით ბაქრაძის ხმა] ”ამ შემთხვევაში რუსეთი მოქმედებს კლასიკური საბჭოური დიპლომატიის გზით. ჯერ თვითონ ქმნის პრობლემებს და მერე ამ პრობლემების მოხსნით ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ ის კონსტრუქციულია. ”
ეს იყო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადება. ჩვენ მას ბრიუსელში გამგზავრების წინ ვესაუბრეთ. საქართველოში ელჩის დაბრუნების თაობაზე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გადამეტებული იმედებით არც ექსპერტები შეხვედრიან. პოლიტოლოგმა არჩილ გეგეშიძემ 22 იანვარს რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა შედეგები მოუტანა საკუთრივ რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებულმა სანქციებმა, აღნიშნა რუსეთის იმიჯის შერყევა არა მარტო დასავლეთში, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეშიც და შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ელჩის დაბრუნება გარკვეულ შემობრუნებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში,ასე უპასუხა:
[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ჩვენ უნდა ვნახოთ, ელჩის ჩამოსვლას სხვა რა ნაბიჯები მოჰყვება - მოჰყვება თუ არა სანქციების გაუქმება. მთავარია, პოლიტიკურ ჭრილში აღმოიფხვრას პრობლემები ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თორემ დიდი შანსია კვლავ იჩინოს თავი ამგვარმა დაძაბულობამ. ”