ეგრეთ წოდებულ ”ხორცსა და სისხლში” , რაც ქურდულ სამყაროში დამკვიდრებული ტერმინია, მერაბიშვილმა ეგრეთ წოდებული ”ობშიაკი”, ანუ “საერთო”, იგულისხმა.
დაკავებულ იქნა 19 პიროვნება. მათ შორის არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ისინი ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით - კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდულ სამყაროში მიღებული ეგრეთ წოდებული ”ობშიაკის ” შეგროვებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ცნობით, ამოღებულია ეგრეთ წოდებული ”ობშიაკიც” - დაახლოებით, 100 000 ლარი. თუ რა ფულსა და რა ტერმინზეა ლაპარაკი, ამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე განმარტავს:
[სალომე მახარაძის ხმა] “ ‘საერთო’ და ‘ობშიაკი’ ეს არის თანხა, რომელსაც აგროვებს რამდენიმე ავტორიტეტი. არსებობს ქურდული კანონი, რომლის მიხედვით, ეს თანხა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა გარიგებებისთვის, კრიმინალური სამყაროს საქმიანობისთვის, რასაც თავად აწარმოებენ ეგრეთ წოდებული ავტორიტეტები. ”
სალომე მახარაძის თქმით, ეგრეთ წოდებული ”ობშიაკი” , ”საერთო” და, ქურდულ სამყაროში დამკვიდრებული ტერმინოლოგიით, ”სისხლი და ხორცი” ადრე, ძირითადად, ციხეში გროვდებოდა და ციხიდან ბრუნავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ციხეებში ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, მათი მეშვიდე იზოლატორში გამოცალკევების მეშვეობით, საქმიანობა შეეზღუდათ, ეგრეთ წოდებული ”საერთოს” შეგროვება ციხის გარეთ ხდება და ბრუნვაც - მათ შორის, ციხეში - ციხის გარედან წარმოებს.
ეგრეთ წოდებული ”საერთო”, - დაახლოებით, 100 000 ლარი, - სალომე მახარაძის განმარტებით, იმ დავთრებთან ერთად იქნა ამოღებული, რომლებშიც მითითებულია, ვის რამდენი თანხა ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ”ობშიაკში” ჩადებული. სწორედ ამ დავთრების მეშვეობით გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროსთვის მორიგი სერიოზული დარტმის მიყენებას - კიდევ ათეულობით პირის გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას. შემოგთაზავებთ 20 დეკემბერს ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს :
[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ”ობშიაკი”, ანუ ”ტყავი”, ანუ ”ხორცი” , ანუ” საერთო”. საქართველოს მასშტაბით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და მე მინდა მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს ასეთი სერიოზული წარმატება. ”
მაგრამ ”ობშიაკის”, ანუ ”ხორცის”, ანუ ”სისხლის”, ანუ ”საერთოს ”ამოღებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 თანამშრომლის დაკავებაც მოჰყვა. აღნიშნული დეპარტამენტის პრეს-მდივნის თქმით, ისინი ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ ეგრეთ წოდებული ”ობშიაკიდან” ფულის ციხეში ბრუნვას უწყობდნენ ხელს.