Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა რუხაძე როგორი იყო გასული კვირა

კარდიოლოგ ეკა რუხაძისთვის?

28 ოქტომბერი, შაბათი
ეს რა ძნელი საქმე დაუვალებიათ! არადა, თავიდან ისე ადგილი და სახალისო მომეჩვენა, ვიფიქრე, რაღა კვირას ვუცადო, ბარემ შაბათს დავიწყებ "დღიურობანას"-მეთქი. ვინ მაცლის წყნარად წერას? ჩილის, 6 თვის კოკერსპანიელს, უკვე მერამდენჯერ მოაქვს ბურთი და სანამ არ გადავუგდებ, დაჟინებით ყეფს. არადა, უკვე 9 საათია, ჩემი ქალიშვილი დაძინებას აპირებს – 18 წლისაა, მაგრამ ძირითადად ადრე იძინებს – და ძაღლის ყეფა ხელს შეუშლის. ისე, არა მგონია, მეზობლებიც დიდად აღფრთოვანებული იყვნენ ჩილის ვოკალური მონაცემებით. კიდევ კარგი, ჩვენს ქვემოთ მცხოვრები ბინის პატრონები სხვაგან გადავიდნენ და ძველი ბინა ორ "პატარა" ჩინელს მიაქირავეს: უპრეტენზიო ხალხია, არც რუსული იციან და არც ინგლისური, ისევ ქართულად თუ ახერხებენ რაღაცას!
სამზარეულოს მაგიდაზე ექოკარდიოგრაფიის დახურული წიგნი მიდევს – იმდენი მაქვს წასაკითხი! მე კი დღიურის წერა დავიწყე – თან ერთი დღით ადრე. ისე, ყველაფერს ასე ვაკეთებ. ამიტომ არ იყო, ეჭვი რომ შეიტანეს უკვე აპრობირებული დისერტაციის სარწმუნოებასა და "მეცნიერულ ღირებულებაში"? ასე მოკლე ხანში როგორ მოასწრო მასალის შეკრებაო?! არადა, ე.წ. "მასალა" მართლა ჩემი შეკრებილი იყო. ახლა ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ის დისერტაცია ვერ დავიცავი – კიდევ ერთი არააკადემიური შრომა შეემატებოდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატების მრავალრიცხოვან ნაწერებს (ყველას არ ვგულისხმობ). 15 წლის წინ კი გული ნამდვილად დამწყდა: ბეჯითად ვცდილობდი ჩემზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ვაკეთებდი იმას, რასაც მთხოვდნენ, მათ კი უსამართლოდ დამჩაგრეს... მაშინ ასე ვფიქრობდი. ახლა არ ვიცი, ალბათ, ასე იყო საჭირო, მით უმეტეს, თუ ჩემი "ნაღვაწის" სამეცნიერო ღირებულებას გავითვალისწინებთ.
საინტერესოა, რატომ გამახსენდა დღეს ეს ამბავი? ეტყობა, მაინც ვერ მივუტევე. თან, ჩემმა თანამშრომელმა, მართლაც ძალიან კარგმა სპეციალისტმა და ადამიანმა, ჩანთაში თავისი დისერტაციის ავტორეფერატი ჩამიდო – საჩხერეში რომ წახვალ, წაიკითხეო. ღმერთმა ხელი მოუმართოს! ისე, ისიც გვარიანად გააწვალეს. არადა, დისერტაციის დაცვას არც აპირებდა, რომ არა ერთი გარემოება: სამედიცინო სისტემაში დაწყებულ რეფორმასთან დაკავშირებით, ამ ათიოდე წლის წინ, ექიმთა სერტიფიცირება შემოიღეს. ტესტების ხარისხზე ბევრს არაფერს ვიტყვი – ერთ-ერთის ავტორი, ჩემს მეგობართან ერთად, მეც ვიყავი. სასაცილო ის არის, რომ ჩემი დაწერილი ტესტებით თვითონ ჩამაბარებინეს და კითხვარის მეორე შემდგენელს გამოცდაზე გასვლის უფლება არ მისცეს! რატომ? იმიტომ, რომ თერაპევტის შტატზეა გაფორმებული, ტესტები კი ვიწრო სპეციალიზაციაში – კარდიოლოგიაში – იყო. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული! თუ, მაგალითად, კარდიოლოგის ლიცენზია არ გქონდა აღებული, კარდიოლოგის შტატზე მუშაობა არ შეგეძლო. მეორე მხრივ, სალიცენზიო გამოცდებზე არ გაგიშვებდნენ, თუ კარდიოლოგად მუშაობის 3 წლის სტაჟი არ გქონდა. ხომ მაგარია? რა ექნათ ახალდამთავრებულ ექიმებს? გამოცდაზე დაშვების უფლების მოსაპოვებლად, დისერტაციების დაცვა გადაწყვიტეს. ახლა, მგონი, სიტუაცია ცოტათი შეიცვალა. მართალია, ჯერჯერობით ყველაფერი "მკაცრად" ფორმალურია, მაგრამ ეს აბსურდული მოთხოვნები მოიხსნა. ვნახოთ, რა იქნება.
ჩემი ექოკარდიოგრაფიის წიგნი – ამერიკელი ავტორის, ფეიგენბაუმის – ისევ დახურულია. და აღარ ვიცი, რა ვქნა – "დღიურობანა" გავაგრძელო თუ საქმეს შევუდგე. ეს წიგნი მართლაც არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოა. ჩემმა მეგობარმა ჩამოიტანა მადრიდიდან და ისე მიყვარს, შეყვარებულს ვეძახი: "ჩემი შეყვარებული ფეიგენბაუმი". აწი ასე მოვიხსენიებ. სხვათა შორის, ეს ბლოკნოტიც მადრიდულია – იმ მეგობრის მეუღლემ მომიძღვნა "გოიასგან". თამუნა ჩიქოვანმა მითხრა, ლირიკული გადახვევები შეიძლებაო და, მგონი, სულ ლირიკული დღიური გამომდის!
9 საათი და 50 წუთია. ჩილიმ დაიძინა, თუთიმ ოთახის კარი მიიხურა და ვართ სამზარეულოს მაგიდასთან მე, ფეიგენბაუმი და გოიას დღიური. კაბინეტში ვერ შევდივარ, ცივა. დღეს ახალი ქურა დააყენეს –Victoria! – და იმედი მაქვს, ამ ზამთარს მაინც დავამარცხებთ სიცივეს. ნეტარ არიან მორწმუნენი...
დღევანდელი დილაც სწორედ ქურის დამყენებელი ხელოსნების მოსვლით დაიწყო. ისეთი კარგი ხალხია, რემონტის გაკეთება მოგინდება. მანამდე, მამაჩემი, ჩვეულებისამებრ, ჩილის გასასეირნებლად მოვიდა - მის გარდა, ყველას გვეზარება მეხუთე სართულიდან ძაღლის ეზოში ჩაყვანა და, უკან დაბრუნებულებს, "ჰიგიენური წმენდის" ჩატარება (ეს უკანასკნელი დიდად არც ჩილის ეპიტნავება).
მე, ასევე ჩვეულებისამებრ, სამსახურში დაგვიანებით გავიქეცი. რაღა თქმა უნდა, დედა ნინომ დარეკვა მოასწრო: როდის მოხვალო, და ხელოსნები, გრიპ- თუ გაციებაშეყრილები, თუთი, ჩილი და ანგრეული სახლი თამრიკოს დავუტოვე. თამრიკო ჩემი ერთგული, უკეთილშობილესი და ულამაზესი ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. მისი შემხედვარე ადვილად დარწმუნდები, რომ ღირსება და შინაგანი კულტურა ადამიანს ან აქვს ან არა და ვერანაირი უცხო ენა, უმაღლესი და კომპიუტერი – ფული მით უმეტეს! – ამას ვერ მოგცემს. ისე, საოცრად მიმართლებს გარშემომყოფებში! დედა ნინო, ცოტა ხნის წინ რომ ვახსენე, ჩვენი "კარდიოექსპრესდიაგნოსტიკის" ერთადერთი და განუმეორებელი ექთანი და ყველას პატრონია. "კარდიოექსპრესში", საერთოდ, ექთნები არ მუშაობენ. გამოძახებაზე ორი ექიმი დადის, რომლებიც რიგრიგობით ასრულებენ ექიმ-ექთნის მოვალეობას. ნინო ერთადერთია! ჩვენზე ასაკით ბევრად ახალგაზრდას, დედას ვეძახით იმიტომ, რომ ყველაზე მოწესრიგებული, ყურადღებიანი და მომთხოვნი ისაა. გვარიანადაც დაგვიტატანებს ხოლმე, "ცუდად" რომ მოვიქცევით – ძირითადად, დაგვიანებით ვაჯავრებთ. ჩემს სამსახურში მარტო ნინოსი მეშინია (ცოტა ინგასიც).
ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა. "კარდიოექსპრესს" წესად აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასვლითი კონფერენციების და უფასო გასინჯვების მოწყობა. ერთ-ერთ ასეთ "გასვლაზე" პაციენტებით გარშემორტყმულ დედა ნინოს (27 წლის იყო მაშინ) 47 წლის მძღოლმა მინერალური წყალი მიაწოდა – დედა, პირი გაგიშრებოდაო. უიმე, რამხელა შვილი გყოლიაო! – შეიცხადა კარდიოგრამის გადასაღებად მომზადებულმა პაციენტმა.
დღეს სამსახურში დიდად არ დამიგვიანია. თუმცა, ყველა იქ დამხვდა. შაბათი დღე ძალიან მიყვარს საჩხერის გამო: კვირაგამოშვებით, რამდენიმე ჩემი მეგობარი იქაც ვმუშაობთ, ყველანი ერთად შაბათობით ვიკრიბებით. სამსახურში ყველაზე გვიან მისულს, ბიჭების მანქანები იქ რომ მხვდება, გული სიხარულით მევსება – "მიშაც აქ არის, გრიშაც აქ არის" – "ცისფერი მთები" მახსენდება-ხოლმე. შაბათს პაციენტიც უამრავია. ჩვენს პატარა მოსაცდელში ამდენი დასაჯდომიც არაა და ოთახებიდან სკამები გამოგვაქვს ხოლმე. ახლა ამას მოწვეული ენდოკრინოლოგი და რევმატოლოგიც რომ ემატებიან, უკვე საკონსულტაციო ოთახებიც არ გვყოფნის. არის ერთი ჟრიამული, მაგრამ ჩვენი რეგისტრატორი, პროფესიით ფილოლოგი ინგა, თავის სიმაღლეზეა! ინგა ერთობ ნიჭიერი ადამიანია, მისი მახსოვრობის უნარს, ჩემი ნაცნობებიდან, მხოლოდ შალვა პეტრიაშვილის ასეთივე უნარი თუ შეედრება! არქივის და კართოტეკის წარმოება, პრაქტიკულად, არ გვჭირდება: ჰკითხავ ინგას და ყველა პაციენტის ავადმყოფობისა და საოჯახო ისტორიას ზეპირად მოგიყვება. ის კი არა, გახსნის დღიდან ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ ემსახურება და რეგისტრატორს, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, ამ პაციენტების სპეციალურ ჟურნალში გატარებაც ევალება. იქ მათი პერსონალური მონაცემების გარდა, ჩვენს მიერ დასმული დიაგნოზიც უნდა ჩაიწეროს. ჰოდა, ეს ფილოლოგი ქალი, ექიმის დანიშნულების მიხედვით ხვდება დიაგნოზს! თანაც, თუ შემთხვევით, ძველი კლასიფიკაციით უკარნახე დიაგნოზი, თვითონვე შეგისწორებს...
უკვე იმდენი ვწერე, ხელი მეტკინა. დღეს სამსახურში თამარ ჩიქოვანთან საუბრის ამბავი რომ მოვყევი, ნინო დედამ, წერა დღეიდან დაიწყეო: აბა, ორშაბათიდან საჩხერეში მიდიხარ და ჩვენზე არ უნდა დაწეროო? მართალია დედა, როგორც ყოველთვის!
"კარდიოექსპრესი" ჩემთვის, არა – ჩვენთვის, სამსახური არაა: მალხაზი (მალხაზ გაბისონია, "კარდიოექსპრესის" პირველი დირექტორი, "კარდიოექსპრესდიაგნოსტიკისაც"), პაატა (პაატა ქავთარაძე – მასზე ლაპარაკი კიდევ მომიწევს, მთელი კვირა საჩხერეში ერთად ვიქნებით), თაზო (თამაზ ორაგველიძე – "კარდიოექსპრესის" მოქმედი დირექტორი), შალვა (შალვა მექვაბიშვილი, დირექტორი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენს კლინიკას მექვაბიშვილის კლინიკას ეძახის ზოგიერთი), ნინო, ინგა, თამუნა, ირმა, დალიკუკუნა (ჩვენი საყვარელი ბუღალტერი), მზია, მარიკა... ჩემი თანამშრომლები არ არიან – ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთად ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ. როგორ ვმუშაობთ? ეგ კაცმა ჩვენს პაციენტებს უნდა ჰკითხოს.
მომიკვდა თავი, ლევან ჩხეიძე დამავიწყდა! სიკვდილსაც დავიწყებია...

29 ოქტომბერი, კვირა
თითქმის 11-ის ნახევარია. დღეს უფრო მეძნელება დღიურის წარმოება: იშვიათი გამონაკლისია, თუთი ჯერ არ დაბრუნებულა. ვიცი, სადაცაა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ვღელავ. დილით, მაღვიძარის დახმარებით, 8-ის ნახევარზე გავიღვიძე და შესაშურად სწრაფად წამოვდექი – გაღვიძებულზე მიყვარს, ცოტა ხნით მაინც, საწოლში შეყოვნება – სანამ ჩილი სასეირნოდაა, საუზმე უნდა მოვასწრო, თორემ ისე საწყლად გიჯდება მაგიდასთან, გული არ მითმენს, რომ რაიმე არ ვაჭამო, ეს კი სულ არ უხდება მისი საჭმლის მონელებას.
ეკლესიაში ისე მოვედი, რომ სახარებას მივუსწარი. ხანდახან ისე ვაგვიანებ, რომ დიდ გამოსვლას – ბარძიმს რომ გამოაბრძანებენ – ძლივს ვუსწრებ ხოლმე. "მამაო ჩვენოს" შემდეგ მე და ჩიქო (ჩემი ერთადერთი თბილისს შემორჩენილი სტუდენტობის მეგობარი, წესიერების და პატიოსნების ეტალონი და, ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი საუკეთესო ენდოკრინოლოგი – კარდიოექსპრესელები ასე ვფიქრობთ – ტაძრიდან გამოვედით და ჩვენი მამისთვის ტკბილეულის ყიდვა გადავწყვიტეთ. ჩვენი მოძღვარი გიორგი გამრეკელია. თვითონ ძალიან გვიბრაზდება, ასე რომ ვამბობთ, მაგრამ გულწრფელად მგონია, რომ ყველაზე უკეთესი მოძღვარი ჩვენ გვყავს. გუშინ მამა გიორგის დაბადების დღე იყო. სამწუხაროდ, ავადაა და წირვას ვერ დაესწრო. ასე მითხრეს. მე სიონში არ ვყოფილვარ, ამ ბოლო დროს ჩვენს პირველ ტაძარს, ანჩისხატს დავუბრუნდით.
ლესელიძის ქუჩა გადაკეტილი დაგვხვდა – მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტს ამონტაჟებდნენ. არ ვიცი, რამდენად მისაღებია წმინდანების გამოქანდაკება. მგონი, მთლად მართლმადიდებლური არ უნდა იყოს. მოძღვარს შევეკითხები.
ნამცხვრის ძებნაში – დღეს აღმოვაჩინე, რომ სიონიდან "პირიმზემდე" წესიერ საკონდიქტროს ვერ ნახავ – "GTC"-ში შევეხეტეთ და გაუთვალისწინებელი შენაძენი გავაკეთე: ზამთრის ჩექმები ვიყიდე (დეკემბერში პრაღაში მივდივარ ევროპის ექოკარდიოგრაფთა კონგრესზე და "შოპინგსაც" იქ ვაპირებ).
სამწუხაროდ, მამა ვერ ვნახე. ეტყობა, ძალიან ცუდად იყო. ყოველთვის ასეა, სანამ მართლა სერიოზულად არ გახდება ავად, მოსვენებისთვის ვერ იცლის (ან ვინ აცლის?). დღეს ჩვენ – მრევლის მეორე, მარად სარეზერვო გუნდს – გალობაც არ ჩაგვიტარდა. ჩვენივე ბრალია, თორემ, მაგდა-ლოტბარი – ასე ვეხუმრები ხოლმე – გუნდისთვის თავს, ხმას და სმენას არ ზოგავს. ყველაზე აქტიური წევრი ნანა რატომღაც არ იყო (ძალიან მინდა, რომ, თუ 60 წლამდე ვიცოცხლე, ნანასნაირი ვიყო. ნანა კი არ არსებობს, ნამდვილად ცხოვრობს! ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ). მე და ქეთი მაინც შევხვდით ერთმანეთს და ჩვენს საყვარელ "გაბრიაძის კაფეში" წავედით. დამავიწყდა, სინამდვილეში რა ქვია. სხვათა შორის, ბატონი რეზოც იქ იყო. ნანა რეზო გაბრიაძეს გადაეხვია: მეზობლები არიან. უცბად, ბატონი რეზო ჩემკენ შემოტრიალდა: ეკა, შენც აქ ხარო? მე კი ვიცი, რომ გაბრიაძე არ მიცნობს, მაგრამ აშკარად მეძახის! გაკვირვებულმა და გახარებულმა (თურმე, გაბრიაძესაც გაუგია ჩემი არსებობა-მეთქი – თამარ ჩიქოვანმა ხომ დამირეკა!), ბატონი რეზო დიდი სიყვარულით გადავკოცნე და თურმე ჩემს უკან, მართლა გაბრიაძის ახლობელი, ისიც ეკა არ მდგარა?!
ქეთის ინტერვიუს და დღიურის ამბავი მოვუყევი. ამ კვირაში უნდა "შეგეტენო", რომ შენს დღიურში ჩემზეც დაწეროო. მგონი, გამოუვიდა: კაფეშიც დამპატიჟა და მერე საკუთარ ოფისშიც შემარბენინა ცოტა ხნით. მართლაც, ძალიან სუფთა გოგოა და, ამავე დროს, შესანიშნავი იურისტი.
არა, ნამდვილად მიმართლებს ადამიანებში! გალობა რომ გალობაა, იქაც ერთმანეთზე უკეთესი ქალები არიან: მაგდა, ნანა, ქეთი, თამუნა... ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში (მადლობა ღმერთს, ეს საყვარელი ადამიანის სიკვდილთან არ ყოფილა დაკავშირებული – ჩემი შეცდომების ლოგიკური შედეგი უფრო იყო) ეკლესიას დავუბრუნდი – მაშინ დღევანდელივით დაკავებული არ ვიყავი – და გულის გადასაყოლებლად ქარგვასა და გალობაზე დავიწყე სიარული. ქარგვას კარგა ხანია, თავი დავანებე. ვინც მთხოვა, მობილურის ჩასადები თითქმის ყველას მოვუქარგე. გალობაზე კვირაში ერთხელ სიარულს კიდევ ვახერხებ. ბევრი ვერაფერი მგალობელი დავდექი, მაგრამ თვითონ პროცესი ძალიან სასიამოვნოა!
კაფესა და ქეთის ოფისის შემდეგ მცირე ხნით სახლში შემოვირბინე და მერე მე და ნინო – გაჭირვების ტალკვესი, დედა ტერეზა, დაუზარელი და ღირსეული ბუხრიკა – "ამირანში" წავედით. ზიუსკინდის "პარფიუმერი" მერვე თუ მეცხრე კლასში წავიკითხე, თაბახის ფურცლებზე კუსტარულად და მეკობრულად დაბეჭდილი. ჩემმა ჯერ კლასელმა და მერე კურსელმა, ახლა ამერიკაში მოღვაწე ექიმმა ხათუნა ქადეიშვილმა იშოვნა სადღაც. ხათუნა უზომოდ და განურჩევლად კითხულობდა ყველაფერს და ყოველთვის. იმდენად ბევრს, რომ კითხვას უშლიდნენ და კლასგარეშე ლიტერატურას უმალავდნენ. ძალიან მენატრება ხათოც და ჩემო ბავშვობაც...
წიგნმა მაშინაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ დღეს, როცა ფილმი ვნახე (სხვათა შორის, ლიტერატურულ პირველწყაროსთან ძალიან ახლოსაა) მივხვდი, რომ მაშინ მთავარი ვერ გამიგია. თურმე, ნაწარმოების ძირითადი აზრი ყნოსვის, როგორც სამყაროს აღქმის ძლიერი იარაღის წარმოჩინება კი არა, სიყვარული ყოფილა! ჭეშმარიტი სიყვარულის გარეშე ყველაზე სანუკვარი მიზნის მიღწევის შემდეგაც კი იმედგაცრუებული და უბედური ხარ. კი ბატონო, გარეგნული ეფექტებით ბრბოს მოატყუებ, გააცუცურაკებ და შენს ჭკუაზე აცეკვებ; რამდენი ასეთი მაგალითია თუნდაც ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ბანგი გადაივლის, ხალხი გამოფხიზლდება და ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი მიხვდები, რომ უსიყვარულოდ ყველაფერი ამაოებაა და თვითონ მოგინდება მწვერვალიდან უფსკრულში გადაჩეხვა. საწყალი, უსიყვარულო და უღმერთო გენიოსი – პარფიუმერი! სახლში მობრუნებულმა, ამ კვირაში, მგონი, მეორედ მოვახერხე ფეიგენბაუმთან განმარტოება: პრაღამდე მისი კიდევ ერთხელ, კარგად წაკითხვა უნდა მოვასწრო.

30 ოქტომბერი, ორშაბათი
ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. მეშინია, რომ კიდევ ერთხელ არ გამოვცადო დიდი იმედგაცრუება. ჩემი აზრით, სიყვარული თავის გაწირვაა, მეგობრობა კი ყველაზე მარადიული და დიდი სიყვარული, უფლის სიყვარულის შემდეგ. იმედია, ვცდები და ყველაფერი გავაზვიადე, ან, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლო, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები იდეალურები არ არიან და ხანდახან მათშიც შეიძლება აღმოვაჩინო მოულოდნელი, არამოსაწონი თვისებები. ყველას თავისი სისუსტე აქვს, პირველ რიგში, მე ვარ ცოდვილიო, პავლე მოციქული ამბობდა და ჩვეულებრივ, თუნდაც ყველაზე კარგ ადამიანს რომ შეეშალოს რამე, რა მოხდა? განა სხვაზე მეტი მე არ მეშლება? მაინც მტკივა და მწყინს.
დღეს ბევრი არაფერია დასაწერი. 8 საათისთვის ავდექი, დილის ლოცვები, ფსალმუნ-სახარება წავიკითხე, ვივარჯიშე და კარგი გოგო ხარ-მეთქი, ჩემს თავს ვუთხარი. მერე სეირნობიდან დაბრუნებული ჩილი ვაბანავე და მამაჩემმა "ოკრიბას" ავტოსადგურში მიმიყვანა.
ჩემთან სახლში დედა გადმოდის ხოლმე ერთი კვირით – ჩემი მორჩილი და სენტიმენტალური დედა. ყოველთვის მეამაყება, ნანა ბილანიშვილის შვილი ვარ-თქო ვთქვა, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცი: გარშემო მყოფთათვის დედაჩემი ღირსეული და კეთილი ადამიანია.
ჭიათურის ავტობუსით – ასაკით ჩემი ხნის უნდა იყოს – ნელა, მაგრამ უსაფრთხოდ ვიარეთ. ახალი გზა ძალიან მომწონს! ვინ თქვა, ჩვენი მთავრობა არაფერს აკეთებსო? ჭერათხევზე ჩვეული გაჩერების შემდეგ (სასადილოების მეპატრონეები მძღოლებთან შეთანხმებულები არიან, რომ მგზავრების მიყვანის შემთხვევაში, უფასოდ გაუმასპინძლდენიან. ჰოდა, ყველა მძღოლს თავისი კვების ობიექტი აქვს ამორჩეული და მასთან გაჩერება ამ რეისის აუცილებელი ატრიბუტია) საჩხერეში ჩავაღწიეთ. პაატა, როგორც ყოველთვის, მაქანით დამხვდა და კაბინეტის კარებამდეც მიმაცილა. დღეს ორი ძალიან საინტერესო პაციენტი გავსინჯე. ერთზე ზუსტად ვიცი, რა დავწერო, მეორეს დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩავუტარო და, იმედია, ეს მაინც მოიტანს სიცხადეს. ხვალ უამრავი საქმე და პაციენტი მელოდება. დღესაც მაქვს რაღაცები წასაკითხი. მართლა, კინაღამ დამავიწყდა: ავტობუსი ისეთი ტაატით მოძრაობდა, რომ ფეიგენბაუმის ორი მოზრდილი თავის წაკითხვაც მოვახერხე. დღეს სუფთა სინდისით შემიძლია დავიძინო.

31 ოქტომბერი, სამშაბათი
დღიურის წარმოების ახალ სტილზე გადავედი: დილიდანვე დავიწყე დეტალური ჩაწერა. იქნებ, დღიურის შევსება ასეა საჭირო?
მაღვიძარა-მობილურის მესამე ზარზე წამოვდექი: გარეთ ისეთი კარგი ამინდია, ეგრევე კარგ გუნებაზე დავდექი. თან დილით, გუშინ მეგობრის მიერ ერთ პაციენზე მოწოდებული ინფორმაცია გამახსენდა და ძალიან გამიხარდა.
დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღე ყოფილა. მე ლუკას სახარების წაკითხვა მომიწია და ეს დამთხვევაც გამეხარდა. სავარჯიშოდ მივდივარ. ვივარჯიშე. თურმე, ზუსტად 19 წუთი სჭირდება. აი, დღიურის წარმოების კიდევ ერთი დადებითი შედეგი – ბოლოს და ბოლოს გავიგე, რამდენ წუთს ვანდომებ ვარჯიშს!
სახლში 7 საათზე დავბრუნდი, სამსახურში გიჟური დღე მქონდა. ერთი ღვთისნიერი კაცის წყალობით, საჩხერეში სამედიცინო დახმარება უფასოა. ჰოდა, უფასოდ პაციენტს რა დალევს? ექოსკოპიას იკეთებს და უკეთებენ ყველას: ვისი პატივისცემაც უნდათ, ვინც თვითონ სცემს თავს პატივს თუ პროფილაქტიკის მიზნით. ასე, ერთ-ორ თვეში ერთხელ ექოკარდიოსკოპიასაც იკეთებენ. ერთი პაცინტის ნორმალური კვლევა, მინიმუმ, 30-45 წუთი გრძელდება და, რთულ შემთხვევებში, შეიძლება 1,5-2 საათიც გასტანოს. "აღთქმულ" ქვეყანაში – აშშ-ში – სადაზღვევო კომპანიას თუ პაციენტს ეს პროცედურა 500-დან 1500 დოლარამდე უჯდება. ზოგჯერ ექოსკოპიას ექიმები საკუთარი თავის დაზღვევის მიზნითაც აკეთებენ: ისეთი ამბავია ატეხილი, ვაითუ რაიმე გამოგვრჩეს და მერე შემოგვედავონო. არსებობენ კეთილი "აიბოლიტები". მაგალითად, პაატა ქავთარაძე, რომელიც ვერავის ვერაფერზე უარს ვერ ეუბნება, აბსოლუტურად არ ზოგავს საკუთარ დროს, ცოდნას და თავს და, აბა, ექოსკოპიის მიმართვაზე უარს ვის ეტყვის?!
პაატა ჩემი (ჩვენი) მეგობარია, მაგრამ მიუკერძოებელი ობიექტურობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს ირგვლივ ასეთი ნიჭიერი, ნაკითხი და, ნურავის ეწყინება, პროფესიონალი ექიმი არავინაა (ჩემი მდედრობითი სქესის მეგობრებიდან ყველაზე ნიჭიერად ახლა ამერიკაში მოღვაწე ხათუნა ნაცვლიშვილს ვთვლი). გულწრფელად მიკვირს, როდის ასწრებს ეს ადამიანი კითხვას? პირველი მომლხენი, მუდმივი თამადა – თან, თითო სადღეგრძელოზე ორ-ორ ლექსს ამბობს, დაგვტანჯა პირდაპირ – უამრავი მეგობარ-ახლობლის პატრონი და დღენიადაგ სახლიდან გარეთ გასული კაცია. ჩემი მეგობარი მარიკა თოიძე პაატაზე ამბობს: ეს კაცი ზეცაში აგროვებს საუნჯესო და მართალია!
მარიკა თოიძე ამერიკიდან დაბრუნებული ერთ-ერთი – თუ ერთადერთი არა – სერტიფიცირებული, ანუ ამერიკაში მუშაობის უფლების მქონე ექიმია. როცა მარიკამ, ჩემს დანარჩენ მეგობრებთან ერთად, გამოცდებისთვის მზადება დაიწყო, გიჟი მეგონა: ორჩვილბავშვიანი, ქმრიანი ქალი ამდენს როგორ იმეცადინებს და, თუ ჩააბარებს, ამერიკაში ასე ოჯახაკიდებული როგორ წავა-მეთქი? იმეცადინა, ჩააბარა, წავიდა და უკანაც დაბრუნდა საკუთარ ქმართან და შვილებთან და ახლა დასავლეთ საქართველოში ავრცელებს დასავლური მედიცინის პრინციპ-სიახლეებს.
ცოტა ხნით წერა უნდა შევწყვიტო – ფეიგენბაუმთან მაქვს საქმე. სანამ მარიკა ჩამოვა, რაღაც უნდა წავიკითხო, თორემ გრაფიკიდან ამოვვარდები.

1 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილა ჩვეულ რიტმში დავიწყე – კარგი გოგო ვარ!
საჩხერის, განსაკუთრებით, სოფელ ჭორვილის ყოფა უტოპიურს ჰგავს. სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ მთის სოფლიდან დედულეთში სტუმრად ჩამოყვანილმა 4 წლის ბავშვმა ტელევიზორის დანახვაზე დედას გაოცებულმა მიმართა: შეხედე, ყუთში რამდენი ქალი და კაციაო! დღეს ჭორვილაში არის მუდმივი – თანაც უფასო! – დენი, უფასო გაზი, სატელიტური ანტენები, ევროპული სტანდარტის სკოლები, მეტალოკერამიკის სახურავებიანი ლამაზი სახლები (საკუთარი სახლების მშენებლობაზე ხალხს აქეთ უხდიდნენ ხელფასს!), მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო აპარატურა (მაგალითად, ჩვენი კლასის ექოსკოპია საქართველოში ჯერჯერობით არსადაა), სასტუმრო, სადაც მიწვეულ სპეციალისტებს უფასოდ გვაცხოვრებენ და გვკვებავენ. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გაკეთებულია! სანამ ეს საკუთარი თვალით არ ვიხილე, მეგონა, პაატა და მალხაზი ფეტიშიზმის მავნე სენით დაავადდნენ-მეთქი.
სამსახურში საქმე თავზე საყრელად დამხვდა. მე და ჩემი საწყალი აზა (აქაური ექთანი და ძალიან კარგი ადამიანი) კინაღამ დავიხოცეთ მუშაობით. ისე გავერთე, კინაღამ დაბადების დღის მილოცვა დამავიწყდა მამაჩემისთვის! დღეს 70 წლის შეიქნა, მაგრამ შესაშურად ახალგაზრდულად გამოიყურება.
...საჩხერის სამედიცინო დონე ზოგიერთ დარგში, მაგალითად, კარდიოლოგიაში, საკმაოდ მაღალია და, თბილისიდან მოწვეულ ექიმებთან ერთად, აქაური უფროსი ექიმებიც მშვენივრად მუშაობენ. თუკი თბილისში ვინმე კარგი სპეციალისტი არსებობს, საჩხერის საავადმყოფოს კონსულტანტია. დღეს, მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი და სეფსოლოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი ალეკო ნანუაშვილი ჩამოვიდა.
საღამოს, სადილობის შემდეგ, მე, მარიკამ, პაატამ და ალეკომ ჩაის სმის, სამედიცინო თუ არასამედიცინო თემებზე საუბრისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ჩვეული რიტუალი ჩავატარეთ. გაზაფხულზე, ერთხანს, სამსახურიდან დაბრუნებულები გასეირნებასა და გარემოს დათვალიერებასაც ვახერხებდით (ძალიან ლამაზი ლანდშაფტია), დღევანდელი არაჩვეულებრივად თბილი საღამო კი "ჩავაგდეთ".
ფეიგენბაუმთან დღევანდელი კონტაქტით უკმაყოფილო ვარ: მეტისმეტად ხანმოკლე გამომივიდა. სამაგიეროდ, როგორც იქნა, დავამთავრე პაატას ნაჩუქარი, 15 წლის წინ გამოშვებული "ათი საუკეთესო მოთხრობა". დოჩანაშვილის "ორნი, აქა, იქა" წაკითხული არ მქონდა. 9 აპრილიდან 17 წლის შემდეგაც მომადგა ცრემლი, იმ პერიოდში, წარმომიდგენია, რა ამაღელვებელი იქნებოდა! არადა, რეიტინგით მეცხრე ადგილზეა ამ კრებულში.

2 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღეს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გუშინ: დილის იგივე პროცედურა, რიტუალები, ისევ უამრავი სამუშაო და პაციენტი, ისევ მეგობრებთან გატარებული სადილ-ვახშამი, ისევ ფეიგენბაუმი...
სასიამოვნო ფაქტი: ნონა ჩამოვიდა თბილისიდან და, როგორც ყოველთვის, "საშინლად" კარგად მომეხმარა! რა მეშველება, დეკემბრიდან 7 თვით პედიატრიული ექოსკოპიის სასწავლად მიდის... უნდა წავიდეს, აბა რა, ძალიან ჭკვიანი და მონდომებული გოგოა!
სამსახურიდან 8-ის ნახევარზე დავბრუნდი. არა, პაატას რეჟიმის გაძლება ყოვლად შეუძლებელია! ეს ადამიანი, პრაქტიკულად, არ იღლება: მართლა არ ვიცი, რამდენი პაციენტის ნახვას ასწრებს ყოველდღიურად – ღმერთმა გაძლება მისცეს! ისევ მალხაზს – ჩვენს მამას (დედა ხომ გვყავს!) – უნდა შევუწყვილდე. სამუშაო არ მოიკლებს, მაგრამ უფრო წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი გახდება. მალხაზი ძალიან მოწესრიგებული და საქმიანი ადამიანია, თან საოცრად მზრუნველი და ჩვენი პატრონი.

3 ნოემბერი, პარასკევი
დილა – ჩვეულებრივი; სამსახური – დატვირთულ-დაძაბულ-საინტერესო. დღეს საჩხერიდან თბილისში წამოსვლის დღეა. ალეკოს მანქანით მოვდივართ მე და მარიკა, პაატას საქველმოქმედო საქმეები აქვს და ცოტა გვიან წამოვა.
დღეს გზა არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, ამინდი – მზიანი, ცა –მოწმენდილი და ოდნავ თეთრღრუბლებიანი, ხეები – წითელ-ყვითელ-მომწვანოდ შეფოთლილი. ახლოს ჯერ კიდეც მწვანე მდელოები მოჩანდა, შორს – თეთრქუდიანი მწვერვალები და ნაზად მთის ფერდობებზე ფენილი ნისლი. რატომღაც, ასეთი ამინდი წარმომიდგენია სამოთხეში. ისე, ერთხელ, ტაო-კლარჯეთში, შატბერდის სანახებში, წვიამიან ამინდშიც კი მქონდა არაამქვეყნიურის განცდა: ვერ გავიზარდე – ედემი მწვანე მდელო მგონია ისევ.
სასიამოვნო საუბარში დრომ სწრაფად გაირბინა და "გუდვილთან" მე და მარიკა მარიკას მეუღლის, თაზოს მანქანაში გადავსხედით: ალეკო საღამომდე კიდევ სამ სხვადასხვა კლინიკაშია წასასვლელი პაციენტთა საკონსულტაციოდ. "გუდვილში" მცირეოდენი თანხის დახარჯვის შემდეგ, ჩვენი სამეული ახლახან სოფელ დიღომში შეძენილი ნაკვეთების სანახავად გავემგზავრეთ – გაუმარჯოს კრედიტს! ნაკვეთებს ძლივს მივაგენით. დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლად ვერც აწი მივაგნებ ჩემს "ადგილ-მამულს".
ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჩვენი დატვირთვით მომუშავე ექიმებისთვის საკუთარი სახლის შეძენა-აშენება მარტივი საქმეა. ჩვენ კი ჯერ მხოლოდ ამაზე ოცნება თუ შეგვიძლია – 5 წელიწადში, 10 წელიწადში, უფალი მოწყალეა. სახლში დაბრუნებულს, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა და ორი ამბავი დამხვდა: დედაჩემის მეგობარი, ჩვენი ერთგული ჟენიკო პოსტოპერაციული პულმონური ემბოლიზმით გარდაცვლილა დღეს დილით. საშინლად დამწყდა გული, საოცრად ენერგიული, გულუბრყვილო და კეთილი ადამიანი იყო.
ქალიშვილმა გამომიცხადა, ერთ კვირაში ნიშნობა უნდა მოეწყოს და მომავალი ნათესავების შესახვედრად უნდა მოვემზადოთო. ვიცოდი ჩემი შვილის შეყვარებულობისა და დაქორწინების სურვილის ამბავი, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ეს ასე ადრე არ მოხდებოდა.
ჩემი მომავალი სიძე – გეგა – და თუთი კლასელები არიან. სკოლა წელს დაამთავრეს და ჯერ მხოლოდ პირველ კურსზეა ორივე. გეგა ძალიან მიყვარს, რაღაცნაირი ღირსეული ბიჭია და ჩემი შვილიც სერიოზული გოგოა, მაგრამ რა ეჩქარებათ? მე და ჩემმა მომავალმა მძახალმა ნინიმ – ძალიან კარგი გოგოა, ასაკით ჩემზე უფრო ახალგაზრდა – ბევრი ვეცადეთ შვილების გადარწმუნებას, მაგრამ ქორწილის მხოლოდ გაზაფხულისთვის გადადებას მივაღწიეთ. მართლა ძალიან პატარები არიან და არ ესმით, რამხელა პასუხისმგებლობას იკიდებენ და რა უღლში ჰყოფენ თავს. "ფეხების ბაკუნს" და სიდედრ-დედამთილური ისტერიკის ატეხვას აზრი არ აქვს. ახლა ერთი დიდი პრობლემა დარჩა: ეს ამბავი ჩემს მშობლებს უნდა გავაგებინო და ყველაფრისთვის მზად ვიყო.
წავალ, კომპიუტერს მივუჯდები: ფოსტას შევამოწმებ და მალხაზის ნაჩუქარ დისკს გავხსნი – 600 სახლის სხვადასხვა პროექტი ყოფილა ზედ – და ვიოცნებებ საკუთარ სახლზე აუზით, საუნით, ბუხრით და ბუხრის წინ საქანელა-სავარძლით!

4 ნოემბერი, შაბათი
დილა ჩვეულებრივად დაიწყო. მნიშვნელოვანი ახალი ამბავი: მამაჩემს ჩემი ქალიშვილის უკვე დაგეგმილი ნიშნობა-ქორწილის შესახებ ვუთხარით. რეაქცია ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდი: ჯერ გაგიჟდა, მერე კი მომავალი შვილთაშვილების სახელების შერჩევას შეუდგა. ჩემი და მაკა ჩემმა სიძემ რომ "მოიტაცა", მამაჩემი სიმწრისგან ლიფტის კარს ურტყამდა თავს. ზუსტად ორ დღეში თბილისს დაბრუნებულ ახალდაქორწინებულებს საჩუქრით ხელდამშვენებული მიადგა სახლში.
სამსახურში ხალხმრავალი, "ჟრიამულა" შაბათი დამხვდა უამრავი პაციენტით და ერთი კვირის უნახავი მეგობრებით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG