პირველ ჯგუფში სრული დემოკრატიის ქვეყნები მოექცნენ, მეორეში - არასრული დემოკრატიები, მესამეში - ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული რეჟიმები, მეოთხეში კი - ქვეყნები, რომელთა მახასიათებელიც ავტორიტარიზმია. საქართველო მესამე კატეგორიის ქვეყნებს შორის მოხვდა. რა კრიტერიუმებით აფასებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, დასავლეთში ვინ და რის საფუძველზე უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში - გაერთიანებაში, რომელსაც საერთო ფასეულობების საფუძველზე არსებულსაც უწოდებენ?
“ეკონომისტის” კვლევითმა ჯგუფმა 167 ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი 5 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეისწავლა. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის ქმედობაუნარიანობა, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა.
კვლევის შედეგად, სრული დემოკრატიის ხარისხი ტრადიციული დემოკრატიების ქვეყნებს მიენიჭა, ისეთებს, როგორიცაა: სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, მათ შორის - ჩეხეთსაც. არასრული დემოკრატიების კატეგორიაში მოხვდა: ჰონ-კონგი, მაკედონია, სერბეთი, არგენტინა, ჩილე, იტალია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ასე შემდეგ.
მესამე კატგორიაა ჰიბრიდული რეჟიმები. ამ კატეგორიაში საქართველოსთან ერთად არის: ალბანეთი, სინგაპური, ლიბანი, თურქეთი, ზამბია, რუსეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, ერაყი.... ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებად დასახელდა: პაკისტანი, ეგვიპტე, კუბა, ირანი და ასე შემდეგ, მათთან ერთად - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი.
დემოკრატიის ხარისხის მკვლევართა მიერ საქართველოს ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის დასახელება არცთუ სასიამოვნო უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომელიც რეგიონში დემოკრატიის გავრცელების პრეტენზიებით გამოდის, რომელიც ასე ამაყობს იმ ფაქტით, რომ საქართველოს დემოკრატიის შუქურას უწოდებენ. ეს ფაქტია: დემოკრატიის შუქურა საქართველოს თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უწოდა. ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ სმიტმაც ( ის ამჯერად საქართველოში მუშაობს ) ჩვენთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მოკავშირეობას საერთო ფასეულობებზე დამყარებული მოკავშირეობა უწოდა:
[დევიდ სმიტის ხმა] ”მე როცა დემოკრატიისკენ სწრაფვის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ, ეს ხანგრძლივ მოკავშირეობას გულისხმობს. ისეთ ქვეყანას, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მრავალი საკითხის შეთანხმება სჭირდება. მას აქვს ინტერესები მთელ მსოფლიოში. შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობას ხანგრძლივს ხდის ის, რომ კავშირი არსებობს ხალხთან, რომელიც იზიარებს შენს ფასეულობებს, რომელიც მსოფლიოს მომავალს განიხილავს ისე, როგორც ჩვენ. ”
ამიტომ ამერიკელი ექსპერტი არ ელის ცვლილებებს საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაში. მისი აზრით, ამ დამოკიდებულებაში ცვლილებას არ შეიტანს ის, თუ ვინ გახდება 2008-ში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ”მიმაჩნია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის საფუძველი არ იცვლება. ჩვენ დღეს სხვა რამე უნდა გვაღელვებდეს - ვგულისხმობ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას,”- ამბობს დევიდ სმიტი.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში არსებობს პროექტი დოკუმენტისა, რომელიც ნატოში ალბანეთის, ხორვატიის, საქართველოსა და მაკედონიის დროული მიღების მოწოდებას შეიცავს. ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა მოამზადა და ცნობილია, რომ დოკუმენტს მხარს უჭერს ლუგარის დემოკრატი შემცვლელიც.
ნატოს, სამხედრო ალიანსის გარდა, ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებას უწოდებენ. საქართველო ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს გადის. ამ ეტაპის შემდეგ რამდენად სწრაფად წარიმართება მისი სვლა ალიანსისკენ, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები. როგორც ჩვენთან საუბრისას ერთხელ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ აღნიშნა, ნატოსკენ სწრაფვაში საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საქართველომ ევროპაც უნდა დაარწმუნოს ევროპული ფასეულობების ერთგულებაში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც გია ნოდიამ აღნიშნა:
[გია ნოდიას ხმა] ”მას სჭირდება რაღაც წარმატების მაგალითები, ისეთი ქვეყნების, რომლებმაც ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწიეს დემოკრატიზაციის პროცესში. ამ მხრივ, ბევრი კონკურენტი არ გვყავს. ამიტომ ამერიკელებს აქვთ ინტერესი, თუკი დაინახავენ საქართველოში წარმატებას, მაქსიმალურად ხაზი გაუსვან ამას და წაგვახალისონ და ამით თითქოს საკუთარ თავსაც წაახალისებენ დემოკრატიზაციის მხარდაჭერაში.”