Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას ექსპერტები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში განიხილავენ


აშშ-ის სენატის წევრობის იმ კანდიდატთა შორის, რომლებიც კენჭს იყრიან 7 ნოემბრის არჩევნებში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უდავოდ ჰილარი კლინტონი გახლავთ.

ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მეუღლე და თავადაც დემოკრატი პოლიტიკოსი მეორე ექვსწლიანი ვადით შეეცდება სენატორის მანდატის მოპოვებას. მის წარმატებაში მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ჰილარი კლინტონისადმი მედია მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

საქმე ის არის, რომ მრავალი ექსპერტის ვარაუდით, ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იქნება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მართალია, თავად ქ-ნ კლინტონს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ მის საპრეზიდენტო ამბიციებში ცოტა ვინმეს თუ შეაქვს ეჭვი. ამიტომ მისი ყოველი საჯარო გამოსვლა ტელეკამერებისა და მიკროფონების თანხლებით მიმდინარეობს. 7 ნოემბრის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო ჰილარი კლინტონის გამოსვლა სამშაბათს ნიუ იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში. თავის სიტყვაში ჰილარი კლინტონმა ერაყის საკითხში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა:

[ჰილარი კლინტონის ხმა] "იმ წარუმატებლობისა და არეულობის ფონზე, რომლის მოწმენიც ვართ, არაფერია კონსენსუსის მიღწევაზე უფრო მნიშვნელოვანი - რათა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება, დავამკვიდროთ საკუთარი ფასეულობები."

ჰილარი კლინტონმა დასძინა, რომ ვაშინგტონი უფრო მეტად უნდა უგდებდეს ყურს სხვა ქვეყნების მოსაზრებებს. სენატორის თქმით, იზოლაციონისტური პოლიტიკა მხოლოდ ავნებს ამერიკის - როგორც ზესახელმწიფოს - იმიჯს და ხელს ვერ შეუწყობს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ეფექტიანობას.

[ჰილარი კლინტონის ხმა] "აუცილებელია, ახალ საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში სიტყვითა და საქმით ავაღორძინოთ ინტერნაციონალიზმი. არც მეორე მსოფლიო ომსა და არც ცივ ომს მარტო არ გავმკლავებივართ, და მარტო ვერ გავუმკლავდებით ტერორიზმის გლობალურ საფრთხეს, ან რომელიმე სხვა სერიოზულ ხიფათს."

7 ნოემბრის არჩევნებში ჰილარი კლინტონის წარმატება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არავის ეეჭვება. მაგრამ შეიძლება თუ არა მის შანსებზე საუბარი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გადაწყვიტა, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს)?

ამ საკითხზე მსჯელობისას, მიმომხილველები საუბრობენ პოლარიზაციაზე, რომელსაც ამერიკის საზოგადოებაში - და, შესაბამისად, ელექტორატში - ჰილარი კლინტონის ფიგურა იწვევს. მომხრეები მას აღმერთებენ, მოწინააღმდეგეებს კი ჭირივით სძულთო, აღნიშნა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, პოლიტოლოგმა ბენჯამინ ბარბერმა. თუმცა, თუ ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა, მას, იმავე ბარბერის თქმით, გამარჯვების შანსიც ექნება.
XS
SM
MD
LG