Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარღვია თუ არა კობა დავითაშვილმა კანონი პარტიული შემოწირულობის მიღებისას?


თბილისის საკრებულოს წევრის, კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის მიერ პარტიის შემოწირულობის - 20000 დოლარის - აღების ფაქტი პოლიტიკური მითქმა-მოთქმის საგნად რჩება.

დავითაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები შემოწირულობის მიღებაში კანონის დარღვევას ვერ ხედავენ და კანონის დარღვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებენ, ამტკიცებენ რა, რომ აქამდე პარლამენტის წევრის ფარული თვალთვალი მიმდინარეობდა. თუმცა დავითაშვილის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. რა გაგრძელება ახლავს სკანდალს, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გაეხვია?

კობა დავითაშვილი თბილისის საკრებულოს წევრია და თავის ამ ახალ ამპლუაში მას სადეპუტატო იმუნიტეტი აღარ იცავს. ამა წლის მაისში ერთ-ერთ რესტორანში ალადან მირზაევისგან, პარტიისთვის შემოწირულობის სახით, 20000 დოლარის მიღების ფაქტს ის არ უარყოფს და ამ ფაქტში ვერც სამართალდარღვევას ხედავს.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საქართველოს ტელევიზიებმა გაავრცელეს დავითაშვილისთვის ფულის გადაცემის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ტელეკომპანიებს კონსერვატიული პარტიის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აკაკი კაპანაძემ მიაწოდა.
კაპანაძე განმარტავს, რომ სწორედ მან დააკავშირა მირზაევი დავითაშვილს და მანვე განახორციელა ფულის გადაცემის ფარული ჩაწერა. ჩანაწერით ირკვევა, რომ, ავანსის სახით მიღებული 20000 დოლარის სანაცვლოდ, ოპოზიციური პარტიის ლიდერი მირზაევს საარჩევნო სიაში გამსვლელ ადგილს დაჰპირდა.

ჰქონდა თუ არა ადგილი მთელ ამ ისტორიაში კანონის დარღვევას, ფაქტია, რომ კონსერვატორების და რესპუბლიკელების საარჩევნო ბლოკით თბილისის საკრებულოში შესული ერთადერთი დეპუტატი უსიამოვნო სკანდალში გაეხვია.
შეკითხვას, დაარღვია თუ არა მან კანონი, იურისტები უპასუხებენ : ფარული ჩანაწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის გადაცემაში კანონის დაღვევა არ იკვეთება, თუმცა გასარკვევია რა მოხდა შემდეგ, პარტიამ როგორ გააფორმა შემოწირულობა, ანონიმურად თუ გვარის მითითებით, სად წავიდა ეს თანხა და ა. შ .

კანონი ”პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ უშვებს პარტიის მიერ ანონიმური ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას, თუმცა შემოწირულობის საერთო ღირებულება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. რაც შეეხება არაანონიმურ შემოწირულობას : ფიზიკური პირისგან ის არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს, იურიდიული პირისგან კი - 100 000 ლარს.

20000 დოლარი, ლარის დოლართან დღევანდელი შეფარდებით, დაახლოებით 34800 ლარია. გამოდის, დავითაშვილმა შემოწირულობა იმაზე მეტი მიიღო, რაც ფიზიკური პირისგან კანონით არის დაშვებულიო, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და იქვე დასძენს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა} ” ნაღდი ანგარიშსწორებით არ ხდება ფულადი მიმოქცევები; გარდა ამისა, ფულადი სახსრების გადარიცხვა 15000 ლარს ზევით ექვემდებარება ფინანსური მონიტორინგის სავალდებულო ზედამხედველობის სფეროს.”

ფარული ჩანაწერი, ზედაპირული დაკვირვებით, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავსო, - ამბობს ბეჟაშვილი. თუმცა საკითხი შესასწავლია და, სხვა იურისტების განმარტებებით, დასკვნები ნაადრევია. კანონდარღვევაა დეპუტატის თვალთვალიც. კობა დავითაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მის თვალთვალში ადანაშაულებს და აცხადებს , რომ მაისის ფარული ჩანაწერი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უნდა იყოს წარმოებული. ასეთივე შთაბეჭდილება ექმნება დავითაშვილის პოლიტიკურ პარტნიორს, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”მე რაც ვნახე და როგორც იყო გადაღებული, აქ აშკარად პროფესიონალის ხელი ერია - კამერის დაყენების ადგილი, ფოკუსი და ყველაფერი.”

ესეც ზედაპირული დაკვირვებით შექმნილი შთაბეჭდილებაა. ბრალდებებს დამტკიცება სჭირდება ორივე მხრიდან.
XS
SM
MD
LG