Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონებში მყოფი სამშვიდობო ძალების შესახებ


საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონებში მყოფი სამშვიდობო ძალების შესახებ და დაავალა მთავრობას დაიწყოს აუცილებელი ზომების გატარება

აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესად შეწყვეტისთვის. დადგენილება სხდომათა დარბაზში შეკრებილმა დეპუტატებმა ერთხმად, 144 ხმით, მიიღეს, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის განხილვისა და კენჭისყრის ფაქტმა ოპოზიციას ბოიკოტის პირობა ვერ დაარღვევინა. ამდენად, რუსეთის სამშვიდობო ჯარების უსწრაფესი გაყვანისთვის შესაბამისი პროცედურების გატარება პარლამენტს მთავრობისთვის სრული ერთიანობით არ მოუთხოვია. მაინც რას ავალებს პარლამენტი მთავრობას და რა პერსპექტივები არსებობს 18 ივლისის დადგენილების პირობების განსახორციელებლად?

[ნინო ბურჯანაძის ხმა} ”ყურადღებით! მიმდინარეობს კენჭისყრა. ყურადღებით! კენჭი ეყრება დადგენილებას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ. ”

დადგენილება ერთხმად, 144 ხმით, იქნა მიღებული, თუმცა, როგორც უკვე განვმარტეთ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ დადგენილების განხილვასა და კენჭისყრაში ოპოზიციურ ფრაქციებს მონაწილეობა არ მიუღიათ. პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება ოპოზიციას გაეზიარებინა პასუხისმგებლობა აღნიშნული დადგენილების მიღებაზე უპასუხოდ დარჩა. ოპოზიციურ ფრაქციებში არ იზიარებენ აზრს, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ისტორიული მნიშვნელობისაა, როგორც ამას საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ. დადგენილებაში კი ნათქვამია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ქმნიან მთავარ ბარიერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე, რომ საქართველო , სწორედაც, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა, მომხრეა ერთიანი საქართველოს ფარგლებში დაიცვას აფხაზი და ოსი მოქალაქეების უფლებები, უზრუნველყოს მათი თვითმყოფადობის შენარჩუნება . პარლამენტი ადგენს: საქართველოს მთავრობას დაევალოს აუცილებელი პროცედურების განხორციელება აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესად შეწყვეტის, შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების გაუქმებისა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანისთვის; მეორე - საქართველოს მთავრობამ დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლასა და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე და, მესამე, გააცნოს საერთაშორისო საზოგადეობას საკუთარი სამშვიდობო გეგმები, მათი რეალიზაციისთვის იხელმძღვანელოს ფართო თანამშრომლობის პრინციპებით და, ასევე, გაააქტიუროს მუშაობა აფხაზებსა და ოსებთან მათი ინფორმირებისა და მათი ნდობის მოპოვებისათვის.

ასეთია 18 ივლისის დადგენილების შინაარსი. დადგენილებისთვის კენჭისყრამდე დეპუტატების გამოსვლებისას არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციების ფორმატის შეცვლას მთავარი დაბრკოლება რუსეთიდან შეხვდება, თუმცა საქართველო ელის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებები:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ ვიცით, ასე მარტივად ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას პატარა საქართველოს ძნელად თუ აპატიებს ის სახელმწიფო, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მიიჩნევდა, რომ საქართველო არის მისი გავლენის სფერო. ”

[დავით ბაქრაძის ხმა] ”საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში და ეს, ამ კონფლიქტების გადაწყვეტა, წარმოადგენს მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტს. ”

პარლამენტის დადგენილება უკვე მიღებულია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 18 ივლისს პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული და აღარ შეიძლება ლაპარაკი იყოს მის გადახედვაზე.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში მიიჩნიეს, რომ 18 ივლისის დადგენილება რიგითია და განსაკუთრებული ისტორიული სტატუსი არ გააჩნია. თუ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს მისი შესრულება, უნდა დაიწყოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის პროცედურა, - აღნიშნავენ ოპოზიციაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონებში სწორედ თანამეგობრობის ეგიდით იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG