Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოდინები ”დიდი რვიანის” სამიტის წინ


15 ივლისიდან სანკტ-პეტერბურგი ”დიდი რვიანის” სამიტზე ძლიერთა ამა ქვეყნისათა ლიდერებს უმასპინძლებს. შესაბამისად, 15-16 ივლისს მსოფლიოს ყურადღება

სანკტ-პეტერბურგისკენ იქნება მიპყრობილი, უფრო სწორად, შეხვედრისკენ, რომელზეც - არც მეტი, არც ნაკლები - მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე მთავარი მოთამაშეების პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. მართალია, ”დიდი რვიანის” სამიტზე გლობალური პრობლემები უნდა იქნეს განხილული, ამ ფორუმისკენ განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული საქართველოდანაც. საით წავა მსოფლიო და მომავალში იქნება თუ არა დაცული პატარა სახელმწიფოს ინტერესები - ეს არის საქართველოს მთავარი ინტერესი.”დიდი რვიანის” სამიტთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მოლოდინებზე მინდა გესაუბროთ.

საქართველოში პოლიტიკოსები საჭირბოროტო საკითხებზე თავისი გადასახედიდან საუბრობენ და ერთმანეთისგან რადიკალურდ განსხვავებულ მოსაზრებებს აყალიბებენ. ურთიერთგანსხვავებული მოლოდინები უკავშირდება ”დიდი რვიანის” სამიტსაც. ის, რომ მასზე საქართველოსა და მოლდავეთის საკითხებს ახსენებენ, კარგია, მნიშვნელოვანია - ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, მოლოდინების თვალსაზრისით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებზე გაცილებით ოპტიმისტები ჩანან.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”მთავარია, რომ იქ საქართველოზე ლაპარაკი იქნება. დღის წესრიგშია საქართველო და მოლდოვა და ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ” (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. მის მიერ ნახსენები მხარდაჭერა - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა - რომ იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრს დავით ზურაბიშვილს, თუმცა ის არ ელის, რომ საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა - მათ შორის, ”დიდი რვიანის” სამიტზე გამოხატული - რუსეთს საქართველოს მიმართ პოლიტიკაში გარდამტეხი ცვლილებების შეტანას აიძულებს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ამერიკის შეერთებული შტატები კი მხარს გვიჭერს, ის დაინტერსებულია აქ ენერგეტიკული პროექტებით, ნავთობსადენით, გაზსადენით, სამხედრო სტრატეგიით და სტაბილურობით. სამხედრო დაძაბულობის ესკალაცია აქ მისთვის არის მკვეთრად მიუღებელი. ასე რომ, პრეზიდენტის განცხადებები ამ სამიტის წინ არის ხალხის დაბოლება, რომ ახლა გვეშველება. ” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტმა თქვა, რომ ” ‘დიდი რვიანის’ სამიტის შემდეგ გამოჩნდება საით წავა მსოფლიო, იქნება თუ არა მასში დაცული პატარა სახელმწიფოს ინტერესები, პატარა სახელმწიფოების ბრძოლა დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის .” სხვა, უფრო კონკრეტული, მოლოდინი არსებითად არც შეიძლება იყოს. ”დიდი რვიანის” სამიტზე მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა გლობალური საკითხები უნდა განიხილონ. პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის აზრით, განხილვის პროცესში უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება ამ საკითხებთან დაკავშირებით, ან პოზიციათა შეჯერების მცდელობა მაინც უნდა გამოიკვეთოს. მაგრამ გლობალურ საკითხებზე მსჯელობისას დიდი სახელმწიფოების ლიდერები გვერდს ვერ აუვლიან ქცევის წესებზე მსჯელობას:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ამ გლობალურ საკითხებში არის ნორმები, ქცევის საკითხი. რაღაცა მომენტებში რუსეთი არღვევს ამ ნორმებს, სხვებიც არღვევენ, ვერ გაექცევი ამ საკითხზე მსჯელობას. ვთქვათ, რუსეთის მიუღებელი ქცევა საქართველოს მიმართ, მოლდავეთის მიმართ, კონფლიქტების თემა... ჩვენ ვიცით, რომ უნდა ითქვას ამ საკითხებზე, იმიტომ რომ სამიტზე უნდა მოხდეს პოზიციათა შეჯერება ყველა საკითხზე, მათ შორის, ქცევის ნორმებზე. ”(სტილი დაცულია)

რუსეთის, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის, მიმართ, ალბათ, გამოჩენილი იქნება გარკვეული ლმობიერება. მასპინძლის პოზიცია რუსეთს, ამ მხრივ, გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ეს დიპლომატიაში მიღებული ნორმაა, - ფიქრობენ ექსპერტები. თუცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ქცევის ნორმების დარღვევას არ გაუხსენებენ. ასეთია მოლოდინი. ”დიდი რვიანის ” სამიტის წინ ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა დიდი და პატარა სახელმწიფოების - რუსეთის და საქართველოს - ურთიერთობაში ახალი დამამძიმებელი შტრიხი შეიტანა . ”თუ საქართველო ოსების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მისი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება,” - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველო კი გმობს ცხინვალში მომხდარ აფეთქებას და კიდევ ერთხელ განუმარტავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის ესკალაციას გეგმავს.



XS
SM
MD
LG