Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ძირითადი თემა და ამ თემასთან დაკავშირებით დასმული მთავარი აქცენტები


13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ დათქმულ დროს გადააჭარბა და გვიან ღამით დასრულდა.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით მიგვანიშნეს, რა იყო მოლაპარაკების ძირითადი თემა. პუტინის და სააკაშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ყველაზე მეტი საქართველოში გაყინულ კონფლიქტებსა და ამ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე ითქვა. კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით რა მიმართულებით გაკეთდა აქცენტები და რა მინიშნებები დაინახეს პუტინისა და სააკაშვილის გამოსვლაში ქართველმა ექსპერტებმა?


პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულმა პრესკონფერენციამ ცალკეული ექსპერტები ასეთ დასკვნამდე მიიყვანა: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი ორივე პრეზიდენტს აქვს, თუმცა ისინი თბილისსა და მოსკოვს შორის დაგროვილი პრობლემების გადაჭრას სხვადასხვაგვარად ხედავენ და ამ მიმართულებით მათი პოზიციები უცვლელია. ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ხელმძღვანელის ალექსანდრე რონდელის თქმით, როგორც წესი, პრეზიდენტები ღია გამოსვლებისას აუდიტორიის ინტერესს ითვალისწინებენ და განცხადებებს საკუთარი მოსახლეობის გასაგონად აკეთებენ. აქედან გამომდინარე , უფრო საინტერესო და, შესაძლოა, გაცილებით მწვავეც ყოფილიყო საუბარი დახურულ კარს მიღმა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ის, რაც კარს უკან ხდებოდა, ალბათ, უფრო ღია იყო და, ალბათ, უფრო მწვავეც კი. ჩემი შთაბეჭდილებით, ორივე მხარე დარჩა ძველ პოზიციებზე, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთს გააცნეს საკუთარი შეხედულებები, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ”

მას, ვისაც პუტინისა და სააკაშვილის ერთობლივი ბრიფინგისთვის თვალყური არ მიუდევნებია, მოკლედ ავუხსნით რა მიმართულებით გაკეთდა ძირითადი აქცენტები საქართველოში ”გაყინული კონფლიქტების” პრობლემაზე საუბრისას.

შეკითხვას, რატომ არ სურს რუსეთს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”არათუ არ გვსურს, ჩვენ ვმუშაობთ კონფლიქტების მოგვარებაზე მოქმედი პროცედურების ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს ხელშეწყობით. მომავალშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ და როგორ გავხადოთ უფრო ეფექტიანი ეს პროცედურები. ”

ეფექტისთვის პუტინი ხალხის აზრის გათვალისწინების მომხრეა. რამდენად და როგორ ამართლებს კონფლიქტების მოწესრიგებისთვის ხალხის აზრის გათვალისწინება, ამის ნათელსაყოფად მან ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმი გაიხსენა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”რეფერენდუმზე ჩეჩნეთის მოსახლეობის ამბსოლუტურმა უმრაველსობამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის კონსტიტუციას და თქვა, რომ ჩეჩნეთი შედის რუსეთის ფედერაციაში . ასე რომ, საიდანაც არ უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა საკითხის დემოკრატიული გადაწყვეტა, ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი.”

ჩეჩნეთში რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმის გახსენებას და ამ რეფერენდუმით პრობლემის დემოკრატიულად გადაჭრად გასაღებას ალექსანდრე რონდელი ჩვეულებრივ თვალთმაქცობას უწოდებს. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი კი ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმის თემის წინ წამოწევს კოსოვოს გეგმასთან აკავშირებს:

[გოგი ხუციშვილის ხმა] ”უკავშირდება სხვა თემას ეს საკითხი, კოსოვოს გეგმას. რუსეთის გეგმა მდგომარეობს შემდეგში: ხელი შეუწყოს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რათა შემდგომ ეს გამოიყენოს ბერკეტად კავკასიაში. ”

კოსოვოს გეგმის და ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმის საქართველოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირება რომ არ გამოდგება, ეს მიხეილ სააკაშვილმა ასე ახსნა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ხალხს აზრი უნდა ვკითხოთ, თუმცა, როცა დღეს ვინმე აფხაზეთში შეივლის და მერე იტყვის, რომ იქ არავის უნდა საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, უნდა იცოდეს, რომ ყველა, ვისაც უნდოდა საქართველოში ყოფნა, იქიდან გამოყარეს. ანალოგიური მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონში. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. ”

”საქართველო არის პატარა, ლამაზი სახელმწიფო და მას დასაკარგი ტერიტორიები არა აქვს. ის არ აპირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ერთი გოჯის დათმობასაც კი. კავკასიაში კონფლიქტების გამწვავება მარტო საქართველოს არ დააზარალებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ძლიერ რუსეთს - რუსეთს, რომელიც აკონტროლებს საკუთარ რეგიონებს - შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ” - ასეთი იყო ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება. მან ილაპარაკა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობაზე. პუტინმა კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ იზიარებს აზრს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმის წახალისების თაობაზე, რომ რუსეთი, როგორც კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილე მხარე, აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG