Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ''ბორჯომის'' იმპორტი აკრძალა


ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსებისა და ღვინის აკრძალვის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა სამომხმარებლო ბაზრიდან

საქართველოში ჩამოსხმული მინერალური წყლების განდევნაც გადაწყვიტა. მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განკარგულებით, სავაჭრო ქსელიდან ამოღებას ექვემდებარება „ბორჯომის“ სამარკო ნიშნით ჩამოსხმული მინერალური წყალი რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად რუსი სპეციალისტები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებენ, თუმცა საქართველოში შიშობენ, რომ ქართული ნაწარმის აკრძალვით რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა.

ვიდრე ბორჯომის ხეობაში მოპოვებული მინერალური წყალი მომხმარებლის ხელში მოხვდება, მის ხარისხზე „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის“ სპეციალისტები ზრუნავენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბორჯომის ნატურალური მინერალური წყალი აკმაყოფილებს როგორც სახელმწიფო, ასევე ევროპულ სტანდარტს, რის დასტურადაც პეტერბურგში, მოსკოვსა და ევროპის სხვა ქალაქებში მოპოვებული არაერთი ოქროს მედალი გამოდგება, თუმცა, ბორჯომის სავაჭრო მარკისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ქართული მინერალური წყლის რეალიზაცია მაინც აკრძალა.

[გენადი ონიშჩენკოს ხმა] „ასეთი, არცთუ მარტივი, გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღიეთ, რაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ბორჯომის სამარკო ნიშნით გატანილ წყლებში ამ დასახელების სასმელთან მაღალპროცენტული შეუსაბამობა აღმოჩნდა.“

ონიშჩენკო ამტკიცებს, რომ იცავს რუსეთის სამომხმარებლო ბაზარს ფალსიფიცირებული ნაწარმის მოზღვავებისგან და სწორედ ამ მიზნით იკრძალება საქართველოში ჩამოსხმული ღვინო და მინერალური წყალი. დაახლოებით ამ შინაარსის წერილი მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა, თუმცა მიხეილ სვიმონიშვილს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გულწრფელობისა არ სჯერა:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] „მერამდენედ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკა. შეიძლება იყოს პრობლემა და პრეტენზია პროდუქციის ცალკეული პარტიების მიმართ, მაგრამ როცა საკითხი მთელ ქვეყანას ეხება, ცხადია, საკითხი სცილდება ტექნიკურ პროლემებს.“

ბორჯომის ხეობაში მინერალურ წყალს მე-19 საუკუნის ორმოციანი წლებიდან ასხამენ, ბოთლებში მისი დაფასოება კი 1851 წლიდან რუსმა აფთიაქარმა, გვარად ზახაროვმა, დაიწყო. ამჟამად ბორჯომის სამარკო ნიშნით ცნობილ მინერალურ წყალს ერთადერთი კომპანია, „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“, აწარმოებს. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილება უკვე აისახა კომპანიის საქმიანობაზე. კერძოდ: 2006 წლის 5 მაისს “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” შეაჩერა “ბორჯომის” გადატვირთვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ხოლო ექსპორტისათვის განკუთვნილი ვაგონების ტრანსპორტირება გაურკვეველი ვადით გადადო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ კომპანია ქართული წარმომავლობის გამო ისჯება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, რაც უკვე აშკარად ეკონომიკური ემბარგოს სახეს იძენს. ბუნებრივია, ჩვენ ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.“

რეაგირებაში ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესაძლო დატოვებას გულისხმობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ქცევით რუსეთი ვერასოდეს გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას (გამორიცხულია) WTO-ში შესვლის.“

თუმცა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა უკვე არაერთხელ აჩვენა, რომ მოსკოვს, ცრემლების გარდა, არც მუქარის სჯერა. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტებს აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ „ბორჯომს“ რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე დაბრუნება გაუჭირდება, არადა, იმ 27 ქვეყნიდან, სადაც შარშან ქართული მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდა, რუსეთმა ყველაზე მეტი - წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონამდე - ბოთლი მოიხმარა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG