Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია - დიდი საპროტესტო აქციის მზადებაში


ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიცია, ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო - ლეიბორისტების, კონსერვატორების, ახალი მემარჯვენეების,

რესპუბლიკელების პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” შემადგენლობით - 30 მარტს პარლამენტის შენობის წინ გეგმავს დიდი საპროტეტსო აქციის გამართვას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების, თავისუფალი მედიის და ბიზნესის დაცვის მოწოდებებით. საპროტესტო აქცია 30 მარტისთვის კარგა ხნის წინ დაიგეგმა. ადრინდელი შეთანხმებით, მასზე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა უნდა წამოწეულიყო. მოთხოვნა ძალაში რჩება, თუმცა ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ახალი მოთხოვნებიც წამოსწია. 30 მარტის აქციის წინ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ დახურულ შეკრებაზე მოქმედების სტრატეგია შეიმუშავა. შეკრების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა.

ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას 29 მარტს, სტუმრის სტატუსით, “სახალხო ფორუმის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც უკვე ვთქვით, შეკრებაზე იყო მსჯელობა 30 მარტისთვის დანიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. საკოორდინაციო საბჭო, ადამიანის უფლებების, თავისუფალი მედიისა და ბიზნესის დაცვის მოთხოვნებით, საპროტესტო მიტინგის დღის 3 საათზე დანიშვნაზე შეთანხმდა.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ხვალ 3 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება ერთიანი მიტინგი. საზოგადოების ყველა წარმომადგენელს მოვუწოდებ ერთად დავდგეთ. მოვუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ, რათა არ დავუშვათ არაადეკვატური ხელისუფლებისგან ამ ქვეყნის ჩიხში შეყვანა, რომელიც სახეზეა.”(სტილი დაცულია)

ეს ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გახლდათ. მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა ხელისუფლების დაპირისპირება საზოგადოებასთან, დაპირისპირება მედიასთან, ბიზნესთან (იგულისხმება ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია ბიზნესმენთა ფედერაციაში ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლაზე, მისი ტელევიზიის ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ). ოპოზიცია ასკვნის, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიაზე. მას გადაწყვეტილი აქვს, არ წავიდეს კონფრონტაციაზე და აიძულოს ხელისუფლება, შეეგუოს არჩევნებში მარცხს. ამის შესახებ განცხადება, ”რესპუბლიკური პარტიის ” სახელით, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა :

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს კონფრონტაციულ სიბრტყეში გადაიტანოს ოპოზიციასთან დაპირისპირება, ჩვენ შევეცდებით ვაიძულოთ ხელისუფლება არჩევნებში მარცხს შეეგუოს. თუ ასე არ მოხდება, თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, მაშინ ის მოჰყვება მის მიერვე დაგეგმილ ხაფანგში, ნანგრევებში. ” (სტილი დაცულია)

საკოორდინაციო საბჭოს შეკრების შემდეგ კომენტარი გაკეთდა 29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზეც, რომლის მიხედვით, ორთაჭალის ციხეში პატიმართა ბუნტის ორგანიზატორად უკრაინაში მყოფი ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია იკვეთება. ეს უკანასკნელი ბუნტის შესახებ კონკრეტულ მითითებებს იძლევა, ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, სახელი და გვარი.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”ამათი ფანტასტიკა და ამათი შერყეული ფსიქიკა მე მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ მალე ბაღდადის ტერაქტებსაც შალვა ნათელაშვილს და ოპოზიციას დააბრალებენ. ”

საკოორდინაციო საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ 30 მარტის აქციაზე ათასობით ადამიანი მივა საკუთარი პროტესტის, საკუთარი პოზიციის გამოსახატავად. ოპოზიციის აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს სალომე ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზა”. ამ პარტიის ლიდერი 30 მარტს ხელისუფლებისგან არ გამორიცხავს პროვოკაციას და ამიტომ საზოგადოებას, ადამიანებს, ვინც ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მივა, წესრიგისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG