Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაზრეთის და მარნეულის რაიონის სოფელ დამია გერარხის მცხოვრებნი საპროტესტო გამოსვლების გამო დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ


დაბა კაზრეთის ქართველი მცხოვრებლები და მარნეულის რაიონის სოფელ დამია გერარხის ეთნიკური აზერბაიჯანელები თბილისში, სახალხო დამცველის ოფისში, მსგავსმა პრობლემებმა მიიყვანა.

კაზრეთელები ამა წლის იანვარში, ელექტროენერგიისა და წყლის მოთხოვნით, გზის გადაკეტვისთვის საპროტესტო გამოსვლის რამდენიმე მონაწილის დაპატიმრების გამო ჩივიან, დამია გერარხის მცხოვრებნი კი - თებერვალში შემდგარი გამოსვლების მონაწილეთა დღემდე პატიმრობაში ყოფნის გამო. კაზრეთელებისგან განსხვავებით, მარნეულის რაიონელმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა თებერვალში ცენტრალური მაგისტრალი მიწის მოთხოვნით გადაკეტეს. მარტში მოთხოვნები შეიცვალა: კაზრეთელები და დამია გერარხის მცხოვრებნი ახლობლების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

ციცო მოდებაძე დაბა კაზრეთის მკვიდრია და თუ ორიოდე თვის წინ უშუქობა და უწყლობა გარეთ გამოსვლას და გზის გადაკეტვაში მონაწილეობის მიღებას აიძულებდა, დღეს ხელისუფლებას იანვარში კაზრეთელების საპროტესტო გამოსვლის შემდეგ დაპატიმრებული შვილის გათავისუფლებას სთხოვს. ის ფიქრობს, რომ იანვარში კაზრეთში დიდი უსამართლობა მოხდა და მაშინდელი საპროტესტო გამოსვლის გამო მის შვილთან ერთად დაპატიმრებულები უსამართლობის მსხვერპლნი არიან:

[ციცო მოდებაძის ხმა] ”ჩემი შვილი სამსახურიდან წაიყვანეს 5 დღის შემდეგ, 4 კიდევ აიყვანეს. აქ იყო ძალიან დიდი უსამართლობა. არაფრის გულისთვის -წყალი მოითხოვეს თუ შუქი და ამის გამო, სხვა არაფერი არ ყოფილა. ”(სტილი დაცულია)


ქალბატონ ციცოს ნაამბობით, არაფრის გამო საქართველოს ისედაც გადაჭედილ საპატიმროებში დამატებით 5 პირი მოხვდა, მასობრივი არეულობის მცდელობის ბრალდებით. მასობრივი არეულობის მცდელობისთვის დღემდე პატიმრობაში რჩება მარნეულის რაიონის სოფელ დამია გერარხის რამდენიმე მცხოვრებიც. თებერვალში მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით მიწის ნაკვეთების განაწილების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. გზის გახსნა პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა, მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, დაკავებულ იქნა მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში ეჭვმიტანილი 15 ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ერთი ქალი, რომელსაც პატიმრობიდან თავის გამოსახსნელად - ძმის, ჰუსეინ ალიევის, განმარტებით - სახლის გირაოში ჩადება დასჭირდა და თებერვალში აქციის დარბევისას მიღებული დაზიანებების გამო დღემდე მწოლიარეა. დის და თანასოფლელების გასაჭირმა ჰუსეინ ალიევი სახალხო დამცველის ოფისში მიიყვანა. მისი და კაზრეთელი ციცო მოდებაძის ჟურნალისტებთან შეხვედრა იქ ოპოზიციის, კერძოდ კი, ”კონსერვატიული პარტიის” ორგანიზებით მოხდა.

[ჰუსეინ ალიევის ხმა] ”ჩვენ წელიწადში ერთხელ გვაქვს ნოვრუზის დღესასწაული. საწყენია, რომ ამ დროს უმიზეზოდ ციხეში ზიან ჩვენი ძმები, დები, მამები. ტირიან. მე პარტიის წევრი ვარ, მეც ქართველების ძმა ვარ. გვერდით სადახლოს ბაზარია, ბაზარი დაკეტილია, საბაჟო დაკეტილია, მიწა არ გვაქვს, მიწას არ გვაძლევენ. გთხოვთ ქართველებს, გაგვიგეთ. ” (სტილი დაცულია)

ეს სწორედ ჰუსეინ ალიევი იყო. ის მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ქართველ ხალხს, შესმენილ იქნეს მარნეულის რაიონის ეთნიკური აზერბაიჯანელების მოთხოვნები, მათ შორის, საპროტესტო გამოსვლის დროს დაპატიმრებული დამიაგერარხელების გათავისუფლების მოთხოვნა.

ჩვენ დავინტერესდით, რა ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებები მათი საპროტესტო გამოსვლის ძალის გამოყენებით დაშლისას. სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ სოფელ დამია გერარხის მცხოვრებლების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა იყო უკანონო ქმედება და ადგილობრივ ადმინისტრაციას კანონი ძალის გამოყენების უფლებას აძლევდა, მაგრამ იქვე დასძენს:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ნამდვილად იყო უფლებების დარვევა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს წაართვეს კასეტები, რომელზეც ასახული იყო, როგორც სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, კადრები იმის შესახებ, თუ როგორ არბევდნენ და უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები ადამიანებს. ამასთან დაკავშირებით სათანადო ორგანოებს ჩვენ რეკომენდაციებით მივმართეთ.”

რეკომენდაციები ასეთი იყო: გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებით გამოყენებას და გაირკვეს, ვინ წაართვა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ვიდეოკასეტები და დაისაჯონ ეს პირები.
სახალხო დამცველი არასწორად მიიჩნევს ელექტროენერგიის და წყლის მოთხოვნით კაზრეთში შემდგარი საპროტესტო გამოსვლის გამო რამდენიმე პირისთვის პატიმრობის შეფარდებას, რადგან, მისი აზრით, იმ კანონდარღვევისთვის, რაც შეიძლება მაშინ მომხდარიყო, სრულიად შესაძლებელი იყო ამ პირების წინააღმდეგ ალტერნატიული ღონისძიებების გატარება, მაგალითად, თავდებით გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG