Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და რიგი პოლიტიკოსები, საზოგადოების ნაწილთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ


პარასკევს თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. დილით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

შეიკრიბნენ, სამინისტროს შენობას შავი ლენტები შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების მხრიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნების იგნორირება. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, საზოგადოებას მოუწოდა საღამოსთვის სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილიყვნენ. 5 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დანიშნულ საპროტესტო აქციას მანამდე პარლამენტის შენობის წინ სალარო აპარატებთან დაკავშირებით ლეიბორისტების და კონსერვატორების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. ყველამ ერთად თანაგრძნობა გამოუცხადა სანდრო გირგვლიანის ოჯახს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელების გამოვლენის გამო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავება და ამავე სამინისტროს 4 მაღალჩინოსნისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება ვნებათაღელვის ჩასაცხრობად საკმარისი არ აღმოჩნდა.
იანვარში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებას აქტიურად უპირისპირდება. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ითავა. გასულ პარასკევს კოალიციის ინიციატივით შედგა ხალხმრავალი შეკრება კინოს სახლში და წაკითხულ იქნა ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელსაც უმალვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მიმართვით ხელისუფლებას მოეთხოვა ერთი კვირის მანძილზე უზრუნველეყო მკვლელობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა; ითქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ერთი კვირის თავზე შედგებოდა საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, საკუთრივ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით. ხელისუფლებისთვის წაყენებული ერთგვარი ულტიმატუმის ამოწურვამდე ხუთშაბათს თბილისში შედგა აქცია ”ავტოსიცოცხლის სიგნალი სიკვდილის ბრიგადებს.” იყო მოლოდინი, რომ ეს აქცია ხელისუფლებისთვის გასაგონს გახდიდა საზოგადოების მოთხოვნას, მის განწყობილებას, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. საღამოს 6 საათზე თბილისის ქუჩები ავტოსიცოცხლის სიგნალმა გააყრუა, ოდნავ მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”პოლიციას ჩვენ დავუჭერთ მხარს ბოლომდე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, ამ კაბინეტში ჯონდი ბაღათურია ხომ არ დავისვა ან შალიკო ნათელაშვილი? ან გიორგაძე, თავისი გოგიტიძით? ეს ძალიან სასაცილო და უბადრუკი რაღაცაა. ”

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ”მისი განცხადებები მისი პრობლემაა. ჩვენი აქციები გაგრძელდება, სანამ მერაბიშვილის გადაყენება არ მოხდება და არ მოხდება მისი სისტემის დემონტაჟი. ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩერდებით არც ერთ შემთხვევაში. ”

ასეთი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი კაკაბაძის, რეაქცია პრეზიდენტის გამოსვლაზე. მას ჩვენ პარასკევს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შემდგარ არცთუ ხალხმრავალ აქციაზე ვესაუბრეთ. მოგვიანებით ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შედგა. იქ მანამდე პარლამენტის წინ შეკრებილი მოვაჭრეებიც მოვიდნენ. აქციის მონაწილეებს მიმართეს ოპოზიციური ძალების სხვადასხვა წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოკლულის დედამაც:

[ირინა ენუქიძის ხმა] ”თუ თქვენ დღეს აღიმაღლებთ ხმას იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, თქვენს შვილებს უკეთეს მომავალს მისცემთ! ”

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათ მოთხოვნებს, მათ საპროტესტო გამოსვლას კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ასე უპასუხა :

[გიორგი არველაძის ხმა} ” ამ აქციების მიზანი, მათი ერთადერი მიზანი არის, რომ შემდეგ რუსეთის არხებზე გაკეთდეს კომენტარები. ჩვენ ამათ არ ავყვებით, ჩვენ ოპოზიციას არ გავყვებით ტელედებატებში - საქმე გვაქვს საკეთებელი. ”

ეს განცხადება არველაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
XS
SM
MD
LG