Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წინააღმდეგობები ახლავს თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას


საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”სახალხო ფორუმი” მერების და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევითობის მიღწევას 2 მიმართულებით ცდილობს:

ერთი მხრივ, საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას ითხოვს, მეორე მხრივ, პარლამენტში შეტანილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის დაკანონებას გულისხმობს. რეგლამენტით დაწესებული პროცედურების გავლით, საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა ახლახან წარედგინა პარლამენტის ბიუროს. ამით პროცესი წინ არ წაწეულა. ინიციატივა, კანონით დაწესებული თანმხლები განმარტებითი დოკუმენტაციით, სწორედ განმარტებით ნაწილში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, საინიციატივო ჯგუფს უკან უბრუნდება. რა ახალი წინააღმდეგობა შეხვდა თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას?


წინააღმდეგობა, თუკი წინააღმდეგობა შეიძლება ეწოდოს იურიდიული ხარვეზების გამო კანონპროექტის საინიციატივო ჯგუფისთვის დაბრუნებას, ფინანსური გაანგარიშების თაობაზე განმარტებით ბარათში დაშვებულმა ხარვეზებმა განაპირობაო, - განმარტავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] ”თვითონ პრობლემა არ არის, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, არ იყო სწორად მომზადებული და დაუბრუნდათ შესასწორებლად, თორემ ინიციატივა დარეგისტრირებულია.” (სტილი დაცულია)

მომხდარის დასაზუსტებლად მოვიყვანთ კანონს: ”თუ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს არ ერთვის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, პარლამენტის ბიურო იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილია კანონპროექტი დააბრუნოს უკან ხარვეზების გასასწორებლად.” ხსენებულ დოკუმენტებში იგულისხმება განმარტებითი ბარათი, საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, სადაც დასაბუთებული იქნება, რა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღება.

”სახალხო ფორუმის” საკანონმდებლო ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის შესახებ ითვალისწინებს ცვლილებას ქალაქ თბილისის შესახებ კანონში. ინიციატივა პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტთან ერთად, რაც შეეხება ფინანსურ გაანგარიშებას, ხათუნა გოგირიშვილის თქმით, ამ კუთხით განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებას ხარჯი დამატებითი ბიულეტენების დაბეჭდვისთვის მოჰყვება, რაც არასაკმარისია. შენიშვნას არ იღებს ”სახალხო ფორუმის” წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი. მისი აზრით, მმართველი ძალა მიზეზს ეძებს ინიციატივის უარსაყოფად:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”საქმე იმაშია , რომ მერის პირდაპირი გზით არჩევითობა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს არ იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს განმარტებით ბარათში მივუთითეთ. მათ არ უნდათ ეს გაიტანონ სესიაზე. თავიდან სხვა მიზეზს იშველიებდნენ, ამბობდნენ: საკანონმდებლო ინიციატივა რომ წარმოადგინეს, სხვა კანონებში ცვლილებების პროექტიც ხომ უნდა წარმოედგინათო.”

იმასთან დაკავშირებით, თუ რა არგუმენტაციით უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტი, საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტიდან წერილობით განმარტებას ელოდებიან. არ არის გამორიცხული, მათ შემდგომ სამოქმედო გეგმაში სასამართლოში ჩივილი შევიდეს. გააჩნია, რამდენად საფუძვლიანად მიიჩნევენ პარლამენტის წერილობით განმარტებაში მოყვანილ არგუმენტაციას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: საქმე ეხება ”სახალხო ფორუმის” საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალაქ თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის დამკვიდრებაა. ”სახალხო ფორუმი” მერების და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევითობისთვის საკითხის რეფერენდუმზე გატანასაც ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით სასამართლოში ედავება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ უარის გამო, რომელიც ხელმოწერების შეგროვების მოთხოვნაზე მიიღო. რაიონული და საქალაქო სასამართლოების დონეზე ”სახალხო ფორუმს” საქმე მოგებული აქვს, ჯერი უზენაეს სასამართლოზეა.
XS
SM
MD
LG