Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტს მორიგი დადგენილების მიღება მოუწევს


ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტს მორიგი დადგენილების მიღება მოუწევს. პარლამენტის თავდაცვის

და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ, სადაც მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს მიმართა რეკომენდაციით, 15 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს საკითხი სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით მორიგი დადგენილების მიღების თაობაზე. მინდა პარლამენტში 13 თებერვალს შემდგარი მოსმენისა და მისი შედეგის შესახებ გესაუბროთ.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტს მორიგი დადგენილების მიღება მოუწევს. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული მოსმენის შემდეგ (დავაზუსტებ, მთავრობის წევრების მოსმენის შემდეგ) პარლამენტის ბიუროში შევიდა რეკომენდაცია 15 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შემდეგნაირად დგება:

[გივი თარგამაძის ხმა] ”ამოქმედდეს მეოთხე მუხლი. ჩვენ მივიღებთ 15 -ში შესაბამის დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლის ამოქმედებას. შესაძლოა, იყოს იქ დამატებითი საკითხები, მაგრამ არა მგონია. ეს უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული დადგენილება.”

ეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის კომენტარი გახლდათ. მან ახსენა მეოთხე მუხლი, რაშიც პარლამენტის გასული წლის 11 ოქტომბრის დადგენილების მეოთხე მუხლი იგულისხმა. ეს არის დადგენილება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ, რომლის მეოთხე მუხლიც ამბობს: ”პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში, 2006 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს პარლამენტი მოითხოვს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებისა და არსებული სტრუქტურების გაუქმებას. ”

იმ დადგენილების მიღების დღიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციას რომ არავითარი პროგრესი არ მოჰყოლია, ამის შესახებ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავას არაერთხელ მოუხდა ხაზგასმით ეთქვა, რომ სამშვიდობო ოპერაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არ შემდგარა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს, 1992 წლიდან მოყოლებული, მანდატით დაკისრებული მოვალეობები თითქმის არც ერთ ეტაპზე არ შეუსრულებიათ.

[გოგა ხაინდრავას ხმა] ” რუსეთის, როგორც მედიატორის, როლი: 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმების მიხედვით, შერეული სამშვიდობო ძალების მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელი არის გამომგზავნი სახელმწიფო. ანუ ყველა იმ ფაქტზე, რომელზეც ვლაპარაკობთ, პასუხისმგებელი არის რუსეთი და ამიტომ მისი, როგორც მშვიდობის გარანტის, როლი სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება, რასაც ადასტურებს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ”

ფაქტები ბევრი ჩამოითვალა: სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები გადაადგილდებიან როკის გვირაბით და არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული გვირაბი დახურულია. სამშვიდობო ძალები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას და ხშირად თავად უქმნიან მშვიდობიან ადამიანებს საფრთხეს. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ და ბოლო დროს გახმაურებელ დარღვევებს აღარ ჩამოვთვლით, თუმცა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე არაერთი ასეთი დარღვევა იქნა ნახსენები. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის ჭეშმარიტი როლის დემონსტრირებისთვის თავდაცვის მინისტრმა უჩვეულო ხერხს მიმართა და პირდაპირ სხდომათა დარბაზში ახალქალაქის რუსეთის სამხედრო ბაზიდან ცხინვალში გაყიდული ”სტრელას” ტიპის იარაღი წარმოადგინა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”ეს არის მკაცრი აღრიცხვის იარაღი, მისი საშუალებით შეიძლება ჩამოგდებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის საფრენი აპარატი და ის ნომრები, რომლებიც გადაფხეკილია, თანამედროვე საშუალებებით მარტივად შეიძლება იქნეს წაკითხული, რის შემდეგაც იოლად დადასტურდება, რომ ის ეკუთვნის ახალქალაქის სამხედრო ბაზას. ”

კომიტეტების სხდომიდან გარეთ გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი აუცილებლად უნდა გავიდეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით ფრთხილი დამოკიდებულება გამოხატა საგარეო საქმეთა მინისტრმა. გელა ბეჟუაშვილის აზრით, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებით უნდა სცადოს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მიღწევა, ამისთვის კი სამშვიდობო ოპერაციის მოქმედი ფორმატის შეცვლა. ჯერი პარლამენტზეა. მოითხოვს თუ არა ის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, ეს 15 თებერვალს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG