Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განხეთქილება მემარჯვენე ოპოზიციაში, მრეწველები საკუთარი ფრაქციის შექმნის ინიციატივით გამოდიან


“მემარჯვენე ოპოზიციაში” განხეთქილებაა, მრეწველები საკუთარი ფრაქციის შექმნის ინიციატივით გამოდიან და მომავალ კვირაში აპირებენ ამ ინიციატივისთვის ხორცშესხმას.

გოგი თოფაძის პარტიას პარლამენტში მხოლოდ 7 კაციანი წარმომადგენლობა ჰყავს. დეპუტატთა ეს რაოდენობა ფრაქციის შექმნისთვის საკმარისი არ არის, თუმცა მაჟორიტარებს შორის უკვე ნაპოვნია აუცილებელი რესურსი ფრაქციის შესაქმენლად. ზურაბ ტყემალაძე მრეწველების სახელით განმარტავს, რომ ახალი ფრაქცია საპარლამენტო ოპოზიციის გასაძლიერებლად და გასამრავალფეროვნებლად იქმნება, მაგრამ ასე არ ფიქრობენ მრეწველების, შეიძლება ითქვას, უკვე ყოფილი პოლიტიკურ პარტნიორები, ახალი მემარჯვენეები. მინდა მემარჯვენე ოპოზიციაში წარმოქმნილ რღვევაზე გესაუბროთ.

მრეწველებმა საკუთარი ფრაქციის შექმნა რომ გადაწყვიტეს, ეს “ახლებს” საგაზეთო სტატიებიდან და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობებიდან არ შეუტყვიათ. მოსალოდნელი დაშორიშორების შესახებ მრეწველებმა “ახლები” საქმის კურსში ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ჩააყენეს და უკვე 2 თებერვლიდან აქტიურად დაიწყეს საუბარი პარლამენტში მოსალოდნელ სიახლეზე - ახალი ფრაქციის შექმნაზე. მომავალ კვირას საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიცია” ორ ნაწილად გაიყოფა და მრეწველების 7 კაციანი ჯგუფი, მაჟორიტარებს შორის მოძიებული რამდენიმე დეპუტატის ხარჯზე, ფრაქციად ჩამოყალიბებას შეძლებს. მრეწველთა წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ირწმუნება, რომ ახალი ფრაქცია ოპოზიციის ფლანგზე მემარჯვენე ოპოზიციის ჩარჩოებში დაიკავებს თავის ადგილს, ახალი მემარჯვენეები კი აცხადებენ, რომ პარლამენტში წერტილი ესმება მრეწველების ოპოზიციაში ყოფნას:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ” ოპოზიციაში ყოფნა არ არის სასიამოვნო და კომფორტული, მან დაღლა იცის. როგორც ჩანს, მრეწველებიც გადაიღალნენ და გადაწყვიტეს სასათბურო მდგომარეობა შეიქმნან ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. სხვა არაფერია ის, რომ სწორედ ბესო ჯუღელის 3 წარმომადგენელი აღმოჩნდა გაჭირვების ტალკვესი მათთვის. მრეწველების ოპოზიციაში ყოფნა ამით დასრულდა. ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს შორის ეწერებიან, რომლებიც წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს პარლამენტში. ”

ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ჩვენთან საუბრისას ახსენა 3 მაჟორიტარი, რომლებიც დღემდე იმ ფრაქციაში იწერებიან, რომლის თავმჯდომარეც ბესო ჯუღელია . მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სწორედ მათი შემოერთებით აქვთ განზრახული მრეწველებს ფრაქციის შექმნა. ზურაბ ტყემალაძე არ აკონკრეტებს, ეგულებათ თუ არა მას და მის თანამოაზრეებს მოკავშირეები ფრაქცია “მაჟორიტარებში” და ირწმუნება, რომ ფრაქციის შექმნის თაობაზე კონსულტაციები 7-8 დეპუტატთან წარმოებს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”არის ხალხი, რომლებიც იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და იზიარებენ ჩვენს პოზიციებს , რატომაც არა ..... უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისთვის, ჰყავდეს დამოუკიდებელი ფრაქცია. ” (სტილი დაცულია)

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ზღვარს მრეწველებმა და “ახლებმა” ერთ ბლოკში ყოფნით, ერთიანი სიით, გადააბიჯეს და გარკვეული პერიოდის მანძილზე პარლამენტში ერთადერთ, 17 წევრიან, ოპოზიციურ ფრაქციას წარმოადგენდნენ. იყო იდეა პარლამენტში შემდგარი ერთობა პარტიების გაერთიანებით გამყარებულიყო და გაძლიერებულიყო. ასეთი იდეით თავის დროზე ახალი მემარჯვენეების პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავად ზურაბ ტყემალაძე გამოვიდა, მაგრამ მყარი გაერთიანება ვერ შედგა. მრეწველებმა ნოემბერში საკუთარი პარტიის - ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”- ყრილობა მოიწვიეს და პარტიის თავმჯდომარედ ისევ გოგი თოფაძე აირჩიეს. პარტიამ საკუთარი თამაში დაიწყო. ცალკე ფრაქცია ნიშნავს დამატებით კვოტას პარლამენტის ბიუროში და საკუთარ წარმომადგენლობას საპარლამენტო კომიტეტებში, მაგრამ ცალკე ფრაქციის შექმნა მარტო ამ მიზეზით არ უნდა გადამწყდარიყო. მემარჯვენე ოპოზიციაში არსებობდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, მაშინ როცა მემარჯვენეები დაუშვებლად მიიჩნევენ მაგისტრალური გაზსადენის ”გაზპრომისთვის” მიყიდვას, ზურაბ ტყემალაძემ მრეწველების სახელით თქვა, რომ გაზსადენის ”გაზპრომისთვის” გადაცემა მიზანშეწონილი იქნებოდა. მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ამ ფაქტს ფრაქციის წევრებს შორის დაპირისპირება არ გამოუწვევია. მამუკა კაციტაძის თქმით, მრეწველების გადაბირებაზე უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მუშაობდა და სწორედ მათი მუშაობის შედეგია ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატივა.
XS
SM
MD
LG