Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბიტურიენტები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ


მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ბევრი აღიარებს გასული წლის წარმატებად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შარშანდელ

გამოცდებს სამარცხვინოს უწოდებენ. მათ შორისაა ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ეროვნული გამოცდებით გაწბილებული ახალგაზრდების ინტერესებს იცავს. ახალგაზრდები კი განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უჩივიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების გარეთ უსამართლოდ დარჩნენ. სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 5 იანვარს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ის მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და, მასთან ერთად, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი 3 აბიტურიენტმა შეიტანა: თეონა კიკნაძემ, გვანცა ნაროზაულმა და თამუნა მაისურაძემ. რატომ მიიჩნევენ ისინი თავს უსამართლოდ დაჩაგრულად და რას ედავებიან გამომცდელებს? ამის თაობაზე ერთ-ერთი მათგანი, თეონა კიკნაძე, ამბობს:


[თეონა კიკნაძის ხმა] ”თავიდან მქონდა 70 ქულა, გავაპროტესტე და მომიმატეს 2 ქულა და ჩემს ნაშრომებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ კიდევ უნდა მქონოდა 2 ქულა. ანუ ეს ორი ქულაც უნდა ჩაეთვალათ. ”


თეონა კიკნაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საკუთარი გვარი და სახელი გაზეთ ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სიაში ამოიკითხა (უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა წინასწარ სიაში). მაგრამ გაირკვა, რომ სიხარული ნაადრევი იყო. საბოლოო სიაში თეონამ საკუთარ გვარსა და სახელს ვეღარ მიაგნო, ისევე როგორც გვანცა ნაროზაულმა და თამუნა მაისურაძემ. ახალგაზრდება მიიღეს განმარტება, რომ გაზეთ ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სიაში ტექნიკური ხასიათის უზუსტობები იყო და დაიწყო დავაც. ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა წინასწარი სიიდან ამოგდებული ახალგაზრდების ნაშრომები ცნობილ სპეციალისტებს გადაამოწმებინა. ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ცნობილმა სპეციალისტებმა - მათ შორის, თამაზ კვაჭანტირაძემ და ავთანდილ არაბულმა - მას წერილობით აცნობეს საკუთარი შეხედულება იმის თაობაზე, რომ შეფასების ცენტრში ადგილი უნდა ჰქონოდა ქულების დაკლებას. იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მოპასუხე მხარეს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის იურიდიულ კონსულტანტს გიორგი თაქთაქიშვილს, მივმართეთ. ის ამბობს, რომ ამა თუ იმ აბიტურიენტისთვის ქულის დაკლების მტკიცებულებად ვერ გამოდგება ამა თუ იმ სპეციალისტის აზრი იმის შესახებ, რომ ტესტის რომელიმე შეკითხვას სწორ პასუხად შეესატყვისება პასუხი, რომელიც არ არის სწორ პასუხთა ნუსხაში:


[გიორგი თაქთაქიშვილის ხმა] ”ამ ტესტების სწორი პასუხები არის გამოქვეყნებული. როგორც ტესტის შინაარსი, ასევე ტესტის სწორი პასუხები შეთანხმებულია სპეციალისტების ფართო წრეში. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ტესტები და შეფასების სქემა მზადდებოდა 5 სპეციალისტის მიერ. ამიტომ, როცა დღეს ამბობ, ამ შეფასების სქემაში მოცემულ პასუხთან მიმსგავსებული პასუხი გავეცი და რატომ არ ჩამითვალეთო, ამაზე პასუხი მარტივია: იმიტომ არ ჩაგითვალე, რომ არ უპასუხე ისე, როგორც წერია შეფასებების სქემაში და მეორე: როგორც შენ ჩაგითვალე და გაგისწორე, ისე ჩავუთვალე და გავუსწორე 32000 ადამიანს. ” (სტილი დაცულია)


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ამას გაიმეორებდა სასამართლო პროცესზეც, თუმცა 5 იანვარს პროცესი მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით ჩაიშალა. გიორგი თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს უწყება მან უშუალოდ პროცესის წინა დღეს მიიღო და სწორედ ამ დაგვიანების გამო არ მივიდა მოპასუხე მხარე სასამართლო პროცესზე. ამ დროს მოსარჩელე მხარე ირწმუნება, რომ უწყება სამინისტროს ადმინისტრაციას 29 დეკემბერს გადაეცა. ერთიანი ეროვნული გამოცდებით გაწბილებული ახალგაზრდების ადვოკატს ეეჭვება, სასამართლომ გადაწყვეტილება ახალგაზრდების სასარგებლოდ გამოიტანოს და მათ მეორე სემესტრიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისვლის საშუალება მიეცეთ. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ საკითხს სამართლიანობა კი არა, პოლიტიკა წყვეტს. საქართველოში ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვის შემდეგ ის ევროპის სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG