Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების წესი იცვლება


საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების წესი იცვლება. მმართველმა ძალამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა პარტიების მიერ

წარდგენა დაგეგმა და ამ გეგმას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის სახეც შესძინა. ის ერთ ნაწილში საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას გარდა, ცალკეული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მმართველი ძალის მიერ ჩაფიქრებული ცვლილებები მაჟორიტართა კორპუსის ერთი პარტიის მიერ დაკომპლექტებაზეა გათვლილი. ასეა თუ ისე, კანონპროექტმა პირველი და მეორე მოსმენა განსაკუთრებული ხმაურის გარეშე გაიარა. მასთან დაკავშირებით მკვეთრი პრეტენზიები მხოლოდ დამოუკიდებელმა მაჟორიტარებმა გამოხატეს და ხუთშაბათისთვის ამ პრეტენზიებით პრეზიდენტთნა შესვლაც გადაწყვიტეს.

შეხვედრა ხუთშაბათ საღამოსთვის დაიგეგმა, თუმცა ფრაქცია ”დამოუკიდებელი მაჟორიტარების” წევრებს მასზე განსაკუთრებული იმედი არ დაუმყარებიათ. პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია. მას აღარ მიაჩნია საჭიროდ პარლამენტის ორ პალატად მოწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ასეთი იდეა ხიბლავდა და, ამდენად, დამოუკიდებელი მაჟორიტარების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელშიც მაჟორიტართა არჩევის წესი ორპალატიან პარლამენტზეა მორგებული, აქტუალური ვეღარ იქნება. ვალერი გელბახიანი სწორედ ფრაქცია ”დამოუკიდებელ მაჟორიტარებს” წარმოადგენს. მას აღარა აქვს საკუთარი კანონპროექტის აქტუალიზაციის ამბიცია, იქიდან გამომდინარე, რომ იცის საკითხისადმი პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის დამოკიდებულება. მაგრამ აქვს პრეტენზია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიმართ, რომელიც უნდა გახდეს საქართველოში პარლამენტის ( რაოდენობრივად შემცირებული ერთპალატიანი პარლამენტის) არჩევის წესის საფუძველი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, 150 წევრიან პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით უნდა ავირჩიოთ, 50 კი -მაჟორიტარული წესით. პრინციპულ ცვლილებას სწორედ მაჟორიტართა არჩევის წესი განიცდის. საინიციატივო ჯგუფებს ერთმევათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისა და ამ უფლებით პარტია აღიჭურვება. სწორედ აქ იკვეთება კანონპროექტსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის წინააღმდეგობა.

[ვალერი გელბახიანის ხმა] ” აქ უკვე საინიციატივო ჯგუფები უარყოფილია და პარტიებს ეძლევათ უფლება დაასახელონ კანდიდატები არა პერსონალურად, არამედ პარტიული სიის მიხედვით. ეს ძირეულად ცვლის კონსტიტუციურ პრინციპს და თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა, ამ კანონის მიღება დაუშვებელია. ”

ასე ვალერი გელბახიანი ფიქრობს. ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს კი კონსტიტუციაში სათანადო ცვლილების შეუტანლად ორგანული კანონის მიღება პრობლემად არ მიაჩნია. მაჟორიტარების არჩევის ახალი წესის განსაზღვრისას ის და მისი თანამოაზრეები მმართველი უმრავლესობის მიერ პოლიტიკაში დამკვიდრებული თამაშის წესებიდან გამოდიან. ფიქრობენ, რომ საქმის საკეთებლად მაჟორიტარებს პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან ალიანსი სჭირდებათ და ამიტომ ჯობს თუ მათი კანდიდატურების წარდგენას სწორედ პარტიები მოახდენენ და არა საინიციატივო ჯგუფები.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”პოლიტიკაში თუ გინდა მოხვიდე, ამის წესი არის პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანება. პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს ნდობა ამომრჩევლის და მისმა პროგრამამ და არა მარტო პიროვნებამ. შეიძლება ენდო პიროვნებას, მაგრამ პარლამენტში ის ვერაფერს გაგიკეთებს. ”

ვალერი გელბახიანი მიხეილ მაჭავარიანის ამ განმარტების უკან ერთ ჩანაფიქრს ხედავს - მაჟორიტართა კორპუსის ერთი პარტიის მიერ დაკომპლექტების ჩანაფიქრს:

[ვალერი გელბახიანის ხმა] ”თუ ერთმა პარტიამ სხვა პარტიასთან შედარებით ერთი ხმით მეტი მიიღო, ყველა მანდატი ამ პარტიას მიაქვს. ანუ აბსოლუტურად ართმევს სხვებს შესაძლებლობას, რომ წარმომადგენლობა ხმების მიხედვით განისაზღვროს. ”

ჩანაფიქრი, მართლაც, ასეთია. ცვლილებების სქემით, პარტიები, ვთქვათ, ორმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში 2 -2 კანდიდატს წარადგენენ. ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას და, შესაბამისად, მის მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებს. თუ ნაციონალური მოძრაობა ერთ ოლქში მიიღებს ლეიბორისტებზე ერთი ხმით მეტს, ორივე მანდატს წაიღებს.

ასეთი ცვლილების მიღება პარლამენტში პარასკევს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG