Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იწუნებს ოპოზიცია 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და, პირიქით, რით ხიბლავს ეს პროექტი უმრავლესობას


საქართველოს პარლამენტმა თითქმის დაასრულა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ამის შემდეგ დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები საფინანსო-

საბიუჯეტო კომიტეტს გადაეგზავნება, საიდანაც, შეჯერებული სახით, მთავრობას გადაეცემა. თავის მხრივ, მთავრობა პარლამენტში დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში შეიტანს მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს, რომლის მიღებაც ერთი მოსმენით მოხდება. გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, ამდენად, მთავრობის პროექტისადმი ოპოზიციურ ფრაქციებში არსებული უარყოფითი დამოკიდებულება ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს ვერ შეუშლის. საქართველოს პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს, სავარუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს.


მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვამ საპარლამენტო უმრავლესობაში ორიოდე შენიშვნა გამოკვეთა. პირველი გახლავთ ის, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ უდიერად მოეპყრო მიწისძვრით დაზარალებულებს და ბიუჯეტის პროექტში მათი პრობლემები არ გაითვალისწინა. მეორე შენიშვნა მდგომარეობს იმაში, რომ, 2006 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა უარს ამბობს სახელმწიფო დაცვისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაფინანსების გაზრდაზე. უმრავლესობაში გამოკვეთილი ეს ორი შენიშვნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკმაოდ მწვავე ფორმით გამოითქვა, შენიშვნების ავტორები ბესო ჯუღელი და დავით კირკიტაძე ფინანსთა მინისტრს, გარკვეულწილად, დაემუქრნენ კიდეც, თუმცა განხილვის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრთან დაპირისპირებას წერტილი პარლამენტის თავმჯდომარემ დაუსვა, როცა თქვა, რომ არ ელოდა, თუ მთავრობა ბიუჯეტის ასეთ ზრდაზე წავიდოდა. ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ ქმნის პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის უფრო არსებით შეფასებას, მისი მთავარი დადებითი მახასიათებელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და, მათ შორის, უმრავლესობის ლიდერებისთვის ბიუჯეტის ზრდაა. ციფრებში ის ასე გამოიხატება: შემოსავლითი ნაწილი - 2 მილიარდ 910 მილიონ 170 ათასი, გასავლები - 3 მილიარდ 164 მილიონ 515 ათასი. ბიუჯეტის ასეთი ზრდა, მაია ნადირაძის თქმით, ერთ რამეს ნიშნავს - იმას, რომ ხელისუფლება კორუფციას მოერია. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და კორუფცია - ამ თემაზე განსხვავებული აზრი აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში, თუმცა დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი ასეთია:


[მაია ნადირაძის ხმა] ”ესე იგი ასეთი და ამდენი მომტირალი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ბიუჯეტის სად შეიყარა არ ვიცი. მათი ლოგიკა ასეთია, ბავშვები რომ ამბობენ: 5 თითი ხომ არის. ისე დავითვლი, რომ ოთხი გამოვიდესო.”(სტილი დაცულია)


ვინ ითვლის ასე, ამის დაზუსტებაზე მეტად ოპოზიციას ის აწუხებს, ვინ და როგორ დათვალა ან რატომ გათვალა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ:


[დავით ზურაბიშვილის ხმა] ” 505 მილიონი გაწერილია სხვა სახის მომსახურებაში. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს და ადმინისტრაციას სხვა ხარჯებში შემონახული აქვს მთელი ხარჯვითი ნაწილის 30 პროცენტი, მთავრობის კანცელარიას - 50 პროცენტი .... ”(სტილი დაცულია)


მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული სხვა ხასიათის

მომსახურების თუ სხვა ხასიათის დანარჩენი მომსახურების ბუნდოვანი მუხლები ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარეს დავით ზურაბიშვილს უქმნის საფუძველს თქვას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გაუმჭვირვალეა და ამით ის კორუფციის დამარცხებაზე კი არა, კორუფციის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. მეორე ოპოზიციური ფრაქციის - ”მემარჯვენე ოპოზიციის” - სახელით პარლამენტის სხდომაზე გამოსულმა დავით საგანელიძემ ხაზი მომავალი წლის პრიორიტეტების არათანმიმდევრულ გამოკვეთას გაუსვა, პრიორიტეტად თავდაცვის სფეროს დაფინანსების შემდგომი ზრდა რჩება. დავით საგანელიძის ლოგიკით, თუ ქვეყანა ომისთვის ემზადება, ეს გასაგებია, მაგრამ როცა ხელისუფლების უმაღლესი პირები სამშვიდობო განცხადებებს აკეთებენ, ეს გაუგებარია...


[დავით საგანელიძის ხმა] ”და თუ ისევ ომისთვის ვემზადებით, გაუგებარია, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რიცხოვნებას 859 ადამიანით ვამცირებთ. ”

ოპოზიციის მიერ შემჩნეული სხვა გაუგებრობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უმრავლესობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს იწონებს და მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს.
XS
SM
MD
LG