Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში ქართველთა შევიწროების ახალი საბაბი - აფხაზთა მხარე ქართველ პარტიზანთა გააქტიურებაზე იწყებს ლაპარაკს


გალის რაიონში მცხოვრები ქართველების შესავიწროებლად აფხაზებს საბაბი არ ელევათ. გავრცელებული ცნობებით, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში აფხაზური მილიციის მორიგი

დამატებითი ძალებია შეყვანილი და ეს არის რეაქცია ტერაქტზე, რომელიც სოფელ თაგილონში 27 ნოემბერს განხორციელდა. თავდაპირველად გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ტერაქტს აფხაზების გმირი გივი წულაია ემსხვერპლა, არ დადასტურდა. სოხუმიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ წულაია მძიმედ არის დაჭრილი და მას სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობენ. აფხაზთა მხარე მომხდარში ქართველებს ადანაშაულებს, კერძოდ, პარტიზანებს. თუმცა გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის განახლებას უარყოფენ საქარველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები. რა ხდება გალის რაიონში, მართლაც შეიმჩნევა იქ პარტიზანთა გააქტიურება?

რაშიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველებს, კერძოდ კი, ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებს, გალის რაიონის დევნილობაში მოქმედი ადმინისტრაციის უფროსი ბადრი ბულისკირია თავად აფხაზების ბრალეულობას ხედავს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ სოფელ თაგილონში მომხდარი ტერაქტი, რომლის შედეგადაც აფეთქდა მანქანა, სადაც 3 აფხაზი, მათ შორის, აფხაზთა გმირი გივი წულაიაც იმყოფებოდა, ქართველი პარტიზანების მოწყობილი უნდა იყოს. ბადრი ბულისკირიას აქვს ინფორმაცია, რომ ტერაქტი აფხაზებს შორის საქმის გარჩევას მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გალის რაიონში ქართველ პარტიზანთა გააქტიურება უკვე რეალობაა, გალის რაიონის დევნილობაში მოქმედი გამგებელი კი ირწმუნება, რომ პარტიზანები არ გააქტიურებულან, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამის მუქარა. ბადრი ბულისკირიას ჩვენ ზუგდიდში დავუკავშირდით. გალის რაიონში პარტიზანთა შესაძლო გააქტიურებასა და 27 ნოემბრის ტერაქტთან დაკავშირებით მან შემდეგი განაცხადა:

[ბადრი ბულისკირიას ხმა] ”ჩვენი ინფორმაციით, პარტიზანები არ მოქმედებენ გალის რაიონში, ეს გამორიცხულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთმანეთს შორის მოხდა საქმის გარჩევა რაღაც თანხასთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, აფხაზებს შორის, თორემ ქართველები რომ იქ სიტუაციას არ აკონტროლებენ, იცით. ”

სოფელ თაგილონში მომხდარ აფეთქებაში ქართველ პარტიზანთა დადანაშაულებას უსაფუძვლოს უწოდებს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც. ის კატეგორიულად უარყოფს გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის განახლებას. ასეა თუ ისე, სოფელ თაგილონში მომხდარი აფეთქება გახდა მიზეზი ქართველებით დასახლებულ სოფლებში აფხაზთა მილიციის დამატებითი ძალების შესაყვანად. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ დამატებითი ძალები გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში შეიყვანა. ლაშა ბერულავა, გალის რაიონიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრნობით, აღნიშნავს, რომ ამჯერად დამატებითი ძალების წარმომადგენლები უფრო კარგად არიან შეიარაღებულნი, ვიდრე წინა ჯერზე შეყვანილი სპერაზმელები:

[ლაშა ბერულავას ხმა] ”განსაკუთრებით კონტროლდება ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი, ჩხრეკენ საეჭვო პირებს, საეჭვო სახლებს. ქართული მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც 27 ნოემბერს შევიდა ქართულ სოფლებში, უფრო აგრესიულად ეპყრობა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას, ვიდრე მანამდე მოქმედი სპეცრაზმელები. ”

სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, გალის რაიონის ქვედ ზონის სოფლებში დამატებითი 120 კაციანი სპეცრაზმი ნოემბრის შუა რიცხვებშიც იყო შეყვანილი, რაიონში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარების განმუხტვის მომიზეზებით. ამჯერად მიზეზი გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის აღკვეთაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები უარყოფენ პარტიზანთა გააქტიურებას.

შეგახსენებთ: გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის განახლების მუქარით ამ ცოტა ხნის წინ ყოფილი პარტიზანული შენაერთის - ”თეთრი ლეგიონის” - მეთაური ზურაბ სამუშია გამოვიდა. აფხაზთა მხრიდან გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, პარტიზანთა შესაძლო გააქტიურება დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.
XS
SM
MD
LG