Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში ”ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავი აღინიშნა


”ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავი საქართველოს პარლამენტში 22 ნოემბერს აღინიშნა, რადგან რევოლუციის დამაგვირგვინებელი ეტაპი 2003 წლის 22 ნოემბერს

რევოლუციონერების პარლამენტის შენობაში შეჭრით დაიწყო. მომხდარიდან 2 წლის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ვარდებით ხელში გამოცხადდნენ. დღის 4 საათზე იქ საზეიმო სხდომა რევოლუციის კადრების ჩვენებით დაიწყო. ”ვარდების რევოლუციის” გახსენების შემდეგ იყო პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა. ნინო ბურჯანაძემ რევოლუციის შედეგები შეაჯამა, შემდეგ კი კოლეგები და სტუმრები რუსთაველის სახელობის დარბაზში საზეიმო ღონისძიებაზე მიიპატიჟა. როგორ აღინიშნა საქართველოს პარლამენტში ”ვარდების რევოლუციის” 2 წლის თავი?

საზეიმო სხდომისთვის დაპირებული მცირე სიურპრიზი იყო რამდენიმეწუთიანი ვიდეოკლიპი, რევოლუციის ამსახველი კადრები, რაც სხომათა დარბაზში ვარდებით ხელში შესულმა დეპუტატებმა და სტუმრებმა იხილეს.


2 წლის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რევოლუციონერების შეჭრის თუ სხდომათა დარბაზიდან ყოფილი პრეზიდენტის გაყვანის ამსახველ კადრებს ამჟამინდელი დეპუტატები სიამაყით ადევნებდნენ თვალს. მათ შორის არ იყვნენ არც მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლები და არც ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრები. ოპოზიციამ უარი თქვა 22 ნოემბრის პლენარული სხდომის საზეიმო ნაწილს დასწრებოდა. ამ ფაქტს უმრავლესობაში შექმნილი საზეიმო განწყობა არ წაუხდენია. ეს იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავის შემაჯამებელ გამოსვლაში სინანული გამოთქვა ოპოზიციის საქციელის გამო. მისი გამოსვლა კი ასე დაიწყო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ძალიან რთულია ასეთი ემოციური კადრების შემდეგ საუბარი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მარგუნა ღმერთმა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ამ ისტორიული პროცესის მონაწილე. მე ვამაყობ იმ დღეებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ მეტი საამაყო გვექნება. მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ვარდების რევოლუცია არ დარჩება ჩვენს მთავარ მონაპოვრად. ”

”ჩვენი მთავარი მონაპოვარი იქნება საქართველოს ფეხზე დაყენება, საქართველოს გამთლიანება,” - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. საღამოს 4 საათზე განახლებული საზეიმო სხდომა იყო ხანმოკლე, პარლამენტარებს წინ ელოდათ საზეიმო მიღება, შეხვედრა სტუმრებთან, მათ შორის, პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ერთია “ვარდების რევოლუციის” მნიშვნელობა, მეორე კი - შემდგომი პერიოდის. ჩვენ ამ ღონისძიებებზე განსაკუთრებით არავინ მოგვიწვევია. ბევრმა ადამიანმა თვითონ გამოთქვა ამის სურვილი.”

ბევრმა ადამიანმა თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისაო, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და ამით ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ აფასებენ საქართველოს უცხოელი მეგობრები “ვარდების რევოლუციას”.

მაგრამ რევოლუციას საქართველოში ოპონენტები მაინც ჰყავს. როგორც უკვე ვთქვით, 22 ნოემბრის საზეიმო სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, მათ შორის, ”მემარჯვენე ოპოზიცია”. თუ რატომ, ამის განსამარტავად პარლამენტის თავმჯდომარეს დავით გამყრელიძის წერილის წაკითხვა მოუხდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ბატონი გამყრელიძე გვწერს: ”ვინაიდან რევოლუციის წლისთავების საზეიმო აღნიშვნების ბოლშევიკური სტილის ხელახალ დამკვიდრებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ვინაიდან ჩვენ გავემიჯნეთ რევოლუციას და ვემიჯნებით რევოლუციური ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ მასკარადებს, საჭიროდ არ მივიჩნევთ მონაწილეობა მივიღოთ რევოლუციის 2 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაში. 23 ნოემბერი ჩვენთვის გიორგობაა და ამ დღეს აღვნიშნავთ, როგორც ჯერ არს. ”

ეს დილის სხდომაზე მოხდა. დილის სხდომაზე იყო კიდევ უფრო საინტერესო განცხადება: ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” სახელით, დავით ბეძენიშვილმა მოუწოდა კოლეგებს, დაიწყოს მსჯელობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის თაობაზე. ნინო ბურჯანაძემ ეს გამოწვევა მიიღო და მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყებას.
XS
SM
MD
LG