Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში აფხაზებს დამატებითი ძალები შეჰყავთ


გალის რაიონში აფხაზებს დამატებითი ძალები შეჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, იქ 100-120 კაციანი სპეცრაზმი იქნა შეყვანილი, თითქოსდა,

მძიმე კრიმინალური ვითარების განსამუხტავად. არადა, გალის რაიონში კიდევ ადამიანი იქნა მოკლული. რა ხდება გალის რაიონში, რა მიზეზით ემატება იქ მსხვერპლს მსხვერპლი?

გარდაცვლილთა გვამები გალის რაიონის სოფლების - ნაბაკევისა და სიდას -საზღვარზე იქნა აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები ქართველები უნდა იყვნენ, მკვლელები კი - როზა მირცხულავას შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. არსებობს ვერსია, რომ ტყეში ხის საჭრელად გასულ ქართველებს აფხაზმა თავდამსხმელებმა მოსთხოვეს ინფორმაცია ამას წინათ გაუჩინარებული აფხაზი მილიციელის, ოთარ ჯერგენიას, ადგილსამყოფლის შესახებ და პასუხი ვერ მიიღეს , რის შემდეგაც ქართველები წამებით დახოცეს. აქვე შევნიშნავთ, რომ 18 ნოემბერს დილით აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა აფხაზი მილიციელის გაუჩინარების საპასუხოდ გატაცებული ძმები მორგოშიები, დამატებითი ძალები კი გალის რაიონის სოფლებში - თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში - 17 ნოემბერს შეიყვანა.

ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა აღნიშნავს, რომ გალის რაიონში შეყვანილ აფხაზურ სპეცრაზმში რუსი მებრძოლებიც არიან. გალის რაიონის სოფლებში აფხაზების დამატებითი 120 კაციანი სპეცრაზმის განაწილებას ადასტურებს ზუგდიდში მოქმედი გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბადრი ბულისკირიაც. მისი ინფორმაციით, აფხაზთა დამატებით ძალებს ქართველების მიმართ პირდაპირი აგრესია ჯერ არ გამოუვლენიათ, თუმცა მათმა გამოჩენამ ქართულ მოსახლეობაში შიში გააძლიერა:

[ბადრი ბულისკირიას ხმა] ”შიშის ფაქტორია იქ. დღეს შემოვა ერთი დაჯგუფება, სამის დღის მერე გავა, მერე კიდევ სხვა შემოდის. ეს შიშის სინდრომია. ერთი რომ შემოვა, ვიღაცას გაიტაცებენ ან წაიყვანენ პოლიციაში.”

ბადრი ბულისკირია ადასტურებს, რომ გალის რაიონის ქართველებს კრიმინალები და აფხაზი მილიციელები თუ სპეცრაზმელები ერთნაირად ავიწროებენ. ამას გარდა, გარკვეულწილად გამკაცრებულია ზომები ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზეც.
გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების კიდევ უფრო გამკაცრებას სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს. სოხუმში საქართველოსგან სამხედრო აგრესიას რეალურად მიიჩნევენ და, ალბათ, შიშობენ, გალის ქართველობა საბაბად არ იქნეს გამოყენებული. თბილისშიც მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გალის რაიონიდან ქართველების გამოდევნა და ამით აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის დასრულება აქვს განზრახული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დღეებში გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი.

17 ნოემბერს აფხაზთა მხარემ არ მიიღო მონაწილეობა ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაში. აფხაზებმა თავი აარიდეს შეხვედრას, რომელზეც გალის რაიონში ბოლო პერიოდში შემქნილ მდგომარეობაზე - მათ შორის, დანიელ წურწუმიას მკვლელობის ფაქტზეც - იყო მსჯელობა. აფხაზთა მხარემ განმარტა, რომ ჭუბურხინჯის შეხვედრაზე გამოუცხადებულობით პროტესტი იქნა გამოხატული საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიმართ, რადგან გალის რაიონში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით ცრუ ცნობები ვრცელდება. აშკარაა, რომ აფხაზები რეალობის შელამაზებას ცდილობენ. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, მდგომარეობა რომ უკიდურესად მძიმეა, ამის შესახებ განცხადება, აფხაზეთში სტუმრობის შემდეგ, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმაც გააკეთა.
XS
SM
MD
LG