Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ მელქაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ


“ოთარ მელქაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ” - ასე ჰქვია სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის ცნობილმა

სპეციალისტმა ოთარ მელქაძემ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა. აღნიშნული სარჩელით ოთარ მელქაძე ითხოვს რეაგირებას იმ კანონდარღვევებზე, რომლებსაც, მისი ზრით, იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების არჩევასთან დაკავშირებით ჩატარებული კონკურსისას ჰქონდა ადგილი. მინდა მოგითხროთ, როგორ დატოვეს ამ კონკურსის საფუძველზე ოთარ მელქაძე თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლებას ამ ბოლო დროს აინტერესებს უსმინოს ხალხს. ვფიქრობ, მის წარმომადგენლებს იმ ადამიანის მოსმენაც უნდა აინტერესებდეთ, რომლის წიგნებზეც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტები იზრდებიან.

[ოთარ მელქაძის ხმა] ”მე მივმართავდი ხელისუფლებას, განათლების მინისტრს, უფრო ზევითაც, დაუფიქრდნენ იმას, რას აკეთებენ. მე მალაპარაკებს არა მარტო ჩემი და იმ ჩემი კოლეგების მდგომარეობა, რომლებიც უმუშევარნი დარჩნენ ან რაღაც წინადადებებს დასთანხმდნენ, არამედ ისიც, რომ ე. წ. იურიდიული ფაკულტეტის გამოცდილება უარეს შედეგებს გამოიწვევს სხვა ფაკულტეტებზე და ეს იქნება სერიოზული უკმაყოფილების ტალღა.”(სტილი დაცულია)

ოთარ მელქაძე ხელისუფლებას ურჩევს დაფიქრდეს იმაზეც, რა ხდება უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რადგან, მისი აზრით, ძირითადად, ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ქმნიან ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს - სასამართლოში იქნება ეს, პროკურატურაში თუ, გნებავთ, პარლამენტში. ”არ შეიძლება უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს უსამართლობის ატმოსფეროს აგუებდეს,” - ამბობს ბატონი ოთარი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან 13 წლის მანძილზე იმუშავა, 1995 წელს იქვე მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი . სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის ეს პროფესორი წლების მანძილზე უნივერსიტეტში თავის მიერვე დაფუძნებულ მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა და, დაწყებული ნულოვანი ბიბლიოთეკის შევსებით, ბევრს აკეთებდა ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების გუნდის მოსამზადებლად.

[ოთარ მელქაძის ხმა] ”ასეთი მიდრეკილებაა იურიდიულ ფაკულტეტზე: განსაკუთრებით აინტერესებთ სამოქალაქო სამართალი, ნაკლებად - სისხლის სამართლის სპეციალობა, კიდევ უფრო ნაკლებად - კონსტიტუციური სამართალი. რაღაც ფორმებს ვიგონებდი, ინიციატივით ჩემ მიერ და ჩემი ასპირანტების მიერ გამოცემულ წიგნებს ვარიგებდი, ამით ვცდილობი ბავშვებში ინტერესი გამეღვივებინა.” (სტილი დაცულია)

ოთარ მელქაძის ავტორობით გამოცემული წიგნები უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სახელმძღვანელოებად გამოიყენება. ოთარ მელქაძე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობს ახალ გამოცემებზე, უნივერსიტეტს კი ნაკლებად აკითხავს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით ის იქ ლექციებს აღარ კითხულობს, რადგან ასე ინება უნივერსიტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ, მათთან ერთად კი პროფესორების ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ - კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციული თანამდებობების პირებიც ჭარბად იყვნენ და, რაც მთავარია, კონკურსანტებიც.

[ოთარ მელქაძის ხმა] ” თავად იმან, რომ არ იყო განაცხადები ვაკანსიებზე, კონკურსის ჩამტარებლები თავად აღმოჩნდნენ კონკურსანტებს შორის. კომისიაში 13 წევრიდან ყველამ მოიპოვა პროფესორის თანამდებობა. მათ შორის 3 გახდა მიმართულების პროფესორი.”(სტილი დაცულია)

ოთარ მელქაძემ საკონკურსოდ 3 პროგრამა წარადგინა, პრეტენზია მიმართულების პროფესორობაზე ჰქონდა, თუმცა ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს ( ყოველ შემთხვევაში, ოქმში ასე ჩაწერეს). შემდეგ მოხდა ისე, რომ კონკურსის შედეგების გადასახედად 3 კაციანი ალტერნატიული კომისია შექმნეს ( მისი ერთ-ერთი წევრი დეპუტატი ნიკა რურუაც იყო). შედეგები გადახედული კი არა, მოწონებულ იქნა. კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით არსებულ 2 ვაკანსიაზე კი ოთარ მელქაძეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, - როგორც თავად ამბობს, გარკვეულ ხრიკებზე აგებული შეთანხმებების საფუძველზე, - კარი გამოუხურეს. ბრძანება მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ არ დაწერილა. ოთარ მელქაძე, უბრალოდ, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. საკონსტიტუციო სამართლის ცნობილი სპეციალისტი ლაპარაკობს კანონდარღვევებზე, რომელთაც, მისი მტკიცებით, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარებულ კონკურსზე ჰქონდა ადგილი. სასამართლოში შესაბამისი სარჩელიც შეტანილი აქვს. ასე რომ, ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება მთელ ამ ისტორიას, რას გახდება ქართულ სასამართლოში საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი.
XS
SM
MD
LG