Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რწმუნებულების შემდეგ პრეზიდენტი ხალხში გასვლას და ხალხისთვის მოსმენას მინისტრებსაც ავალებს


სამხარეო რწმუნებულების შემდეგ ხალხში გასვლის, ხალხთან ახლოს ყოფნისა და ხალხის მოსმენის დავალებას მინისტრები იღებენ. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ხალხთან მუდმივი

ურთიერთობა აუცილებელია, ჩვენ უნდა ვუსმინოთ ხალხს, ვუსმინოთ!” - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სწორედ მინისტრებს მიმართა. პრეზიდენტის მიმართვა მინისტრებისადმი სრული სახით ტელევიზიების პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა მთავრობის წევრებს ხალხთან ურთიერთობა საჯაროდ დაუწუნა და საჯაროდ დაავალა მათ ამ ურთიერთობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათ შორის, რიგითი მოქალაქეების სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა. რატომ სვამს პრეზიდენტი ასე მწვავედ ხალხთან ურთიერთობის საკითხს და რა კონკრეტულ ამოცანებს უსახავს ის მთავრობის წევრებს?

უმთავრესი არის ის, რომ ხალხს სჯეროდეს ეფექტიანი, ხალხის პრობლემებზე მომუშავე მთავრობის არსებობის. პრეზიდენტმა იცის, რომ ამისთვის კონკრეტული საქმეებია საჭირო და, საქმეებთან ერთად, ქცევაც. მინისტრები კაბინეტებში არ უნდა გამოიკეტონ და კაბინეტებიდან არ უნდა უამბობდნენ ხალხს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ. ასე მათ არავინ დაუჯერებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ნურავის ნუ დაემალებით კაბინეტებში, რადგან კაბინეტებში დამალული მინისტრი კაბინეტიდან იქნება გაძევებული ჩემ მიერ. ხალხთან მუდმივი ურთიერთობა აუცილებელია! ჩვენ უნდა ვუსმინოთ ხალხს, ვუსმინოთ! კი არ უნდა მოვუყვეთ ხალხს, უნდა ვუსმინოთ. ეს იყო ჩვენი და ჩვენი რევოლუციის მთავარი ლოზუნგი. ”

პრეზიდენტი მთავრობის წევრებს ამ ბოლო დროს ხშირად შეახსენებს რევოლუციის მთავარ ლოზუნგს. მან ამას წინათ სამხარეო რწმუნებულებს მოსთხოვა ხალხში გასვლა და ხალხის პრობლემების უშუალოდ ხალხისგან გაცნობა, რწმუნებულების შემდეგ კი ხალხის მოსმენა მინისტრებს დაავალა. ხალხის გასაგონად ხალხთან ახლოს ყოფნის თაობაზე გაცემულ დავალებებს სააკაშვილის ოპონენტები რეიტინგზე ზრუნვით ხსნიან. ასეა თუ ისე, რევოლუციური ლოზუნგებით და რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას აღარა აქვს ნდობის ისეთი ხარისხი, როგორიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებში ჰქონდა. გავიდა დრო , ხალხში რევოლუციური ეიფორია გაქრა და ხელისუფლება, მართლაც რომ, კაბინეტებში შეიკეტა. ჩვენ არა ერთხელ შევსწრებივათ, როგორ უსაყვედურებენ მის წარმომადგენლებს ყველაზე გაჭირვებულები შეკითხვით - ”რატომ არ გვიღებთ? რატომ არ გვხვდებით? ”

[ქალების ხმა] ”ერთი მიღება გვინდა, რატომ არ გვხვდებით? რატომ? როცა ჩვენი გვერდში დადგომა გინდოდათ, ხომ ამოგიდექით გვერდში? ”

ეს ჩანაწერი 2005 წლის 27 სექტემბრისაა. “რატომ არ გვიღებთ?” - ამ შეკითხვას ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისული აფხაზეთიდან დევნილი შავოსანი ქალბატონები ხელისუფლების წარმომადგენელ ქალბატონებს უსვამდნენ.

რატომ არ ხვდებით ხალხს? რატომ არ უპასუხებთ რიგითი მოქალაქეების შეკითხვებს, მათ სატელეფონო ზარებს ? ეს შეკითხვა პრეზიდენტსაც გაუჩნდა, ოღონდ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების - მინისტრების -მისამართით.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” დავიწყოთ იმით, რომ არც ერთი მინისტრი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არასდროს არ იღებთ ტელეფონებს. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იღებს ტელეფონს, იმიტომ რომ ჰო-ს თქმაც შეუძლია და არა-სიც. თქვენ, ეტყობა, იმის შიშით, რომ “არა” არ უთხრათ ვინმეს, არ იღებთ ტელეფონს, კახა ბენდუქიძის გარდა. საკმარისია სხვა ტელეფონებიდან ავკრიფო თქვენი ნომერი და არ პასუხობთ. აი, ჭიპაშვილი არასდროს არ პასუხობს ზარს. თქვენ არ ხართ იმპერატორები, თქვენ ხართ პატარა ქვეყნის პატარა, მაგრამ სერიოზული სამინისტროების მინისტრები.”


პატარა ქვეყნის პატარა, მაგრამ სერიოზული სამინისტროების მინისტრებს სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემისა და მოქალაქეთა თხოვნებზე, მოქალაქეთა წინადადებებზე რეაგირების გარდა, საკუთარ სტრუქტურებში ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება დაევალათ იმისთვის, რომ სხვადასხვა საბუთების მოსაპოვებლად მოქალაქეებს აღარ სჭირდებოდეთ ინსტანციიდან ინსტანციაში სირბილი და გრძელ რიგებში დგომა. ” ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მთავრობა მის სამსახურშია, მის გვერდითაა.” - პრეზიდენტის ამ დავალების შესრულებას უკვე შეუდგნენ რწმუნებულები, ოთხშაბათს მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე ეცნობოდა იმერეთში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებული. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ მინისტრები.
XS
SM
MD
LG