Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები გააქტიურდება


საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური ჩართვის იმედი აქვს. ამ მხრივ ოპტიმიზმი

კიდევ უფრო გააძლიერა შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე გაკეთებულმა განცხადებებმა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის გეგმას, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი მომავალ კვირას ვენაში, ეუთოს სამიტზე, წარადგენს. რას ნიშნავს აშშ-ის ეს მხარდაჭერა?

მხარდაჭერა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს კონდოლიზა რაისმა აღუთქვა. შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ვენაში, ეუთოს სამიტზე, ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტის გეგმას ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”განვიხილეთ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების ჩვენი გეგმა და მივიღეთ მხარდაჭერის პირობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ რუსეთთან, დე ფაქტო ხელისუფლებასთან და ხალხთან, რაც მთავარია, და სერიოზული პროგრესი გვექნება ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ”

ზურაბ ნოღაიდელმა ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ოდნავ მოგვიანებით შედგა შეხვედრები გავლენიან სენატორებთან. მათ საქართველოს პრემიერს პირობა მისცეს, რომ ამერიკის სენატი აუცილებლად მიიღებს საგანგებო რეზოლუციას ჩვენ მირ ნახსენები გეგმის მხარდასაჭერად. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გმობს ყოველგვარ ასეთ მხარდაჭერას. ცხინვალში არ სურთ სამშვიდობო პროცესში იმ ზესახელმწიფოს აქტიური ჩართვა, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს შეიარაღებაში ეხმარება. თბილისში ფიქრობენ, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და მასთან ერთად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებით შეიძლება რუსეთისთვის ახსნა იმის, რომ მისი პოლიტიკა ცხინვალის რეგიონისა თუ აფხაზეთის მიმართებით ცივილიზებულ ურთიერთობებს არანაირად არ შეეფერება და, ბოლოს და ბოლოს, მოვა დრო ამ ყველაფერზე სათანადო რეაგირებისა. ასეთი განმარტებითი მუშაობა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის თქმით, დაჩქარებულ ვადებში უნდა წარიმართოს, რადგან, პარლამენტის დადგენილების თანახმად, რუსეთს 2006 წლის თებერვლამდე აქვს ვადა სამშვიდობო მისიაში გარდატეხის შესატანად - ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”თუ რუსეთი არ დათმობს თავის აგრესიულ პოლიტიკას ამ ორი რეგიონის მიმართ, მაშინ მისი სამშვიდობო ძალები ჩვენ მიერ შეცვლილი იქნება ცხინვალში, შემდეგ კი - აფხაზეთში. ”

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - ამასთან ერთად, მისი მომავალი გამოსვლა ვენაში, ეუთოს სამიტზე, - ჯდება იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობას პარლამენტმა შესთავაზა. ვგულისხმობთ მუშაობას საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რადგან ამ ეტაპისთვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივა ხდება აქტუალური, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ ამ ინიციატივის არსს:
კონფლიქტის ორივე მხარე აცხადებს უპირობო უარს ძალის გამოყენებაზე, რის შემდეგაც საქართველოს მხარე კისრულობს სოციალურ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინაშე. 1990-92 წლებში კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ამოქმედდება ქონებრივი რესტიტუციის კანონი. საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას ერთჯერადად გადაუხადოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას 1991 წლის შემდეგ დაგროვილი საპენსიო დავალიანება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივის თანახმად, სამშვიდობო შეთანხმების ამოსავალი პირობა უნდა გახდეს ერთა თვითგამორკვევის, კულტურული თვითმყოფადობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა. კონფლიქტის მოგვარების პროცესში გამოცხადდება სამწლიანი გარდამავალი პერიოდი და ამ პერიოდში პროცესებზე ზედამხედველობას განახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG