Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასულ გულიევის დაპატიმრება უკრაინაში


ორშაბათს უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში დააკავეს აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რასულ ყულიევი,

რომელიც შეერთებული შტატებიდან ბაქოში მიემგზავრებოდა. ყულიევი, რომელსაც შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, აზერბაიჯანში 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. შეძლებს თუ არა იგი ამას, გაურკვეველია, ვინაიდან აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, არ შეუშვას იგი თავის ტერიტორიაზე. ამავე დროს ყულიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას აზერბაიჯანში ჩასვლისთნავე დაპატიმრება ემუქრება.

თუ რა ვითარებაა ყულიევთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული რედაქციის დირექტორის მოადგილეს, ალი ქენანს.

[ქენანის ხმა] "ვითარება კვლავაც ბუნდოვანია. ნათელია ერთი, რომ რასულ ყულიევი აზერბაიჯანში არ ჩავიდა იმ მიზეზით, რომ იგი უკრაინის ხელისუფლებამ დააკავა ქალაქ სიმფეროპოლში. ყულიევის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მისი თვითმფრინავი 17 ოქტომბერს მიუახლოვდა ბაქოს აეროპორტს, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიეცა მისთვის დაჯდომის საშუალება და ამის შემდეგ თვითმფრინავი სიმფეროპოლში გაფრინდა."

ძნელი სათქმელია, როგორ დამთავრდება ყულიევის გარშემო ატეხილი ხმაური, მაგრამ ერთი რამ ცხადია: აზერბაიჯანის ხელიუფლება ერთობ შეფიქრიანებული და შეშინებულია.

[ქენანის ხმა] "მეთვალყურეთა აზრით, რასულ ყულიევი ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ლიდერად ითვლება და არჩევნების წინ ბაქოში მისმა ჩასვლამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. ყულიევი დეპუტატობის კანდიდატად არის რეგისტრირებული. ამავე დროს მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ყულიევს არჩევნებში მონაწილეობაში... მაგრამ აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა. ქუჩებში გამოყვანილ იქნა ჯარები, აეოროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოაწყვეს დამცველი კორდონები, ასობით ადამიანი დააპატიმრეს. ამით მან აჩვენა, თუ რამდენად ეშინია ყულიევისა."

საქმეს ისეთი პირი უჩანს, უკრაინის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს ყულიევის გათავისუფლებას. ყირიმის ოლქსი პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ალექსანდრ დომბროვსკიმ განაცხადა:

[დომბროვსკის ხმა] "მისი მომავალი ბედი დამოკიდებული იქნება გამოძიების ინიციატორზე - აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ, ბრალდების წაყენებაზე. მოცემული საქმე შეიძლება განხილულ იქნეს ორმოც დღემდე ვადაში, სანამ არ ჩამოვა ყველა საბუთი მოცემული მოქალაქის ექსტრადიციის თაობაზე."

ხოლო რა ელის ყულიევს აზერბაიჯანში, ამის შესახებ სრულიად არაორაზროვნად ისაუბრა ორშაბათს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა ზაქირ გარალოვმა.

[გარალოვის ხმა] "ჩვენი ციხეები ევროპის კავშირის სტანდარტებისაა და ჩვენ ციხეში საგანგებო საკანი მოვამზადეთ რასულ ყულიევისთვის. ჩვენ მას დიდი ხანია ვეძებდით, ინტერპოლიც კი იყო ჩართული მის ძებნაში. ასე რომ, როგორც კი იგი აზერბაიჯანის ტერიტორაზე ჩამოვა, სასამართლოს განაჩენი სისრულეში იქნება მოყვანილი."

არჩევნებამდე სამ კვირამდეა დარჩენილი. სავსებით შესაძლებელია, მანამდე ვერ გაირკვეს, მოახერხებს თუ არა ყულიევი მასში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG