Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მომავალი წლისთვის სამშვიდობო ოპერაციებში გარდატეხის მიღწევა იქნება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2006 წელს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე არაეფექტიან სამშვიდობო ოპერაციებში გარდატეხას ელის.

საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით გააქტიურებისთვის საგარეო უწყებას სერიოზულ სტიმულს მისცემს დადგენილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს და რომლის ძალითაც რუსეთს კონკრეტული ვადები განესაზღვრება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის მისაღწევად. ხუთშაბათს სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან და მათ საგარეო უწყების მიერ ბოლო 6 თვის მანძილზე გაწეული სამუშაოს შესახებ მოახსენა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან შეხვედრა და მათთვის გასული 6 თვის მანძილზე საგარეო უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავად მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის, ინიციატივით მოხდა. სალომე ზურაბიშვილმა საჭიროდ მიიჩნია პარლამენტარებითვის დეტალურად მოეთხრო სექტემბრის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე, კონკრეტულად, გაეროში გამართულ შეხვედრებზე; ეთქვა, რას ელის საქართველო გაეროს რეფორმირებისგან, რის გაკეთებას აპირებს საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მთავარი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩასართავად და რა ნაბიჯები იდგმება ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყების დაფინანსების ზრდის ტენდენციაზეც გამახვილდა ყურადღება - ითქვა, რომ, დაფინანსების გაუმჯობესების პირობებში, საქართველო კიდევ 6 სახელმწიფოში გახსნის თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ითქვა საქართველოს 2 ელჩის არადამაკმაყოფილებელ მუშაობაზე, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

დავიწყოთ იმით, თუ როგორ უყურებს საქართველო გაეროს რეფორმირების პროცესს და ელის თუ არა ის რამეს მისგან.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”ვუჭერდით მხარს პროექტს, რომელიც გულისხმობს უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების გაზრდას ისე, რომ მუდმივი წევრების გაზრდა არ გააძლიერებდა ვეტოს უფლებას.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ეს პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლახან ნიუ-იორკში, გაეროში, გამართულ შეხვედრებზე გამოხატა. იქ მას სურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაც, მაგრამ ლავროვის პასიურობის გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველო იქნება ტესტი გაეროს რეფორმირების წარმატებულობის გასარკვევად. მინისტრი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო გააქტიურების განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღნიშნავს, ამას გარდა, ამ პროცესებთან მიმართებით ევროკავშირის გააქტიურების მნიშვნელობას და დასძენს, რომ ძალიან მალე საქართველოს საგარეო უწყება მთელი დატვირთვით დაიწყებს მუშაობას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების გაუმჯობესების მისაღწევად. ”კონფლიქტები შეიძლება იყოს გაყინული, მაგრამ არ შეიძლება გაყინული იყოს სამშვიდობო პროცესი,” - აღნიშნა მან პარლამენტარებთან შეხვედრაზე და შეკითხვას, არის თუ არა საქართველო მზად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტისთვის, ისე როგორც ამას პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, უპასუხა:

[სალომე ზურაბიშვილსი ხმა] ”შუალედური საშუალებები არსებობს, არსებობს სხვა ორგანიზაციების შემოყვანის საშუალება, ევროკავშირის უფრო აქტიურად ჩართვის საშუალება. ამ წლის ბოლომდე უნდა დავინახოთ სრული სურათი იმის, თუ რა ინსტრუმენტები გვაქვს ხელთ და, ხშირ შემთხვევაში, არ ვხმარობთ.”

ინსტრუმენტები, სალომე ზურაბიშვილის მინიშნებით, მრავალია და, ამდენად, მისივე თქმით, რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებზე უარის თქმის შემთხვევაში, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის კურსიდან გადახვევას გეგმავს. მაინც რა ინტრუმენტების გამოყენება შეუძლია საქართველოს სამშვიდობო ოპერაციების გაყინული წერტილიდან დასაძრავად? - ამის დადგენას საგარეო უწყება წლის ბოლომდე შეეცდება. ამ და სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრის გარდა,
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს შესჩივლა იმის გამო, რომ ვერაფერს უხერხებს 2 ელჩს, რომელთა მუშაობითაც უკმაყოფილოა , რადგან მათი გამოწვევა არ შეუძლია. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრი ამ ელჩების სახელებს და გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს.
XS
SM
MD
LG