Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სახელით ამ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან მიახლოებაში დახმარებას ჰპირდება


საქართველოში დიდი სტუმრიანობაა. ფინეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების მიღების შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ლატვიის პრეზიდენტს ვაირა ვიკე-ფრაიბერგას უმასპინძლა.

ის, ლატვიის სამთავრობო დელეგაციისა და ბიზნესმენთა ჯგუფის თანხლებით, თბილისს 4 ოქტომბერს ესტუმრა. ბაქოსა და თბილისში გამართული ოფიციალური შეხვედრების ამოწურვის შემდეგ ლატვიის პრეზიდენტს უკვე ერევანში ელიან. ვაირა ვიკე-ფრაიბერგას თბილისში ვიზიტის შესახებ მოგითხრობთ.

ბაქოდან თბილისში, თბილისიდან ერევანში - ასეთია ლატვიის პრეზიდენტის კავკასიური ტურნეს მარშრუტი. ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ ბაქოში დატოვა დაპირება იმის თაობაზე, რომ ლატვია აზერბაიჯანს ევროპულ სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება; იგივე ითქვა თბილისშიც, სადაც ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტმა 3+ 3 - ის ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურება შესთავაზა - თბილისში ბალტიის სახელმწიფოებისა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამიტის მოწვევის წინადადებით. მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვისთვის უკრაინისა და საქართველოს მიერ ინიცირებულ რეგიონალურ თანამშრომლობაში ლატვიის ჩართვასაც. ამიტომ თბილისში ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან გამოთქვა იმედი, რომ კიევში ”ბორჯომის დეკლარაციის” ხელმომწერი სახელმწიფოების ლიდერების შეკრებას (მათ შორის ლიტვის პრეზიდენტიც იგულისხმება) ლატვიის პრეზიდენტიც დაესწრება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”იცით, რომ აგვისტოში მოვაწერეთ ხელი “ბორჯომის დეკლარაციას” უკრაინის პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ დეკემბრის პირველ რიცხვებში შევიკრიბებით კიევში. იქ იქნება რუმინეთის პრეზიდენტი, ლიტვის პრეზიდენტი და, იმედს გამოვთქვამთ, ლატვიის პრეზიდენტიც, იმიტომ რომ ლატვია არის მნიშვნელოვანი მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესებისა მთელ რეგიონში, ლიდერი ამ პროცესების. ”

მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები ლიდერი ქვეყნის სეიმმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. საკუთარი პრეზიდენტობის უმთავრეს ამოცანად მან მაშინ ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანება დასახა, პარალელურად კი დადო პირობა, რომ ყველაფერს იღონებდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ფსიქოლოგი და ფოლკლორისტი ქალბატონი დღეს წარმატებული ქვეყნის პრეზიდენტია, ქვეყნისა, რომლის ხალხმაც უმოკლეს ვადებში შეძლო ევროკავშირამდე და ნატომდე მისასვლელი ურთულესი გზის გავლა. ლატვიის პრეზიდენტი ლატვიის სახელით საქართველოს აღუთქვამს დახმარებას ახლა უკვე საქართველოს მიერ გასავლელი ამ გზის წარმატებით დაძლევაში და აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა შეეგუოს საქართველოში არსებული კონფლიქტური კერების ქრონიკულ პრობლემებად ჩამოყალიბებას. თბილისში პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე მას ჰკითხეს, რამდენად დაუჭერს ევროპა მხარს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სხვა ძალებით ჩანაცვლებას, რამდენად არის შესაძლებელი აფხაზეთსა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ლატვიის ჩართვა. პასუხი შემდეგნაირი იყო:

[ვაირა ვიკე-ფრაიბერგას ხმა] ” ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგნი. ნატოს ალიანსს შეუძლია რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ტერიტორიული თავდაცვიდან კოლექტიურ თავდაცვაზე გადავედით. ჩვენ ვავითარებთ მობილურ დანაყოფებს, რომელთა გადასროლაც შეიძლება ნებისმიერ წერტილში. ჩვენი დანაყოფები არიან ავღანეთში, ერაყში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა არ შეიძლება იყოს გამორიცხული. ”

ლატვიის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რის შემდეგაც თბილისსა და რიგას შორის პირდაპირი საჰაერო რეისები ამუშავდება. გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება ინვესტიციების წახალისების შესახებაც.
XS
SM
MD
LG