Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა აღარ აშინებს


საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ კონფლიქტის ზონებიდან რუსეთის საშვიდობო ძალების გაყვანა აღარ აშინებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს

დადგენილებას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების შესახებ, ის წამმზომს ჩართავს და რუსეთს მისცემს უკანასკნელ შანსს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში გარდატეხის შესატანად. არც საქართველოს პარლამენტში და არც მთავრობაში არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებზე მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალები პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე შეიცვლიან მოქმედების სტრატეგიას. მოლოდინი უფრო იმისაა, რომ საქართველოს მოუწევს რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა. რამდენად მზად არის საქართველო ასეთ შემთხვევაში კონფლიქტის ზონებში მშვიდობის უზრუნველსაყოფად?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე რუსეთის სამშვიდობო ოპერაციები შეწყდება - რა ძალამ ან ძალებმა შეიძლება აიღონ პასუხისმგებლობა ცეცხლის განუახლებლობაზე? -ამ შეკითხვით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს მივმართე. პასუხები ასეთი იყო:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”პუტინმა თქვა, თუ იტყვით, ჩვენ გავიყვანთ სამშვიდობო ძალებს და დარჩებით ერთი-ერთზეო. ჩვენ აღარ გვეშინია ამის. ჩვენ გვყავს საკმარისი სამშვიდობო ძალები და შეიძლება სამშვიდობო მისია თავად ოსებთან და აფხაზებთან ერთად განვახორციელოთ და არაფერია ამაში საშიში. ”(სტილი დაცულია)

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”რატომაც არა. თუნდაც ორმხრივი კონტინგენტები, რუსების გარეშე. ჩვენ მაინც ერთმანეთთან დიალოგით უნდა აღვადგინოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ არადა, შეიძლება დროთა განავლობაში გამოიძებნოს მესამე ქვეყანა, რომელიც იქნება მზად გაეროს მანდატით ან სხვა მანდატით ჩაერთოს როგორც მშვიდობის უზრუნველმყოფელი. ” (სტილი დაცულია)


გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ მესამე ძალა, რომელიც გაეროს ფორმატით ან ნებისმიერი სხვა ფორმატით ჩაერთვება სამშვიდობო ოპერაციაში, დღესდღეობით არ ჩანს. თუმცა გვახსოვს, რომ აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი რამდენჯერმე აქტიურად გამოთქვა უკრაინამ, იყო შემოთავაზებები თურქეთიდანაც. პრობლემა სამშვიდობო ოპერაციის ფორმატშია. აფხაზეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელით ახორციელებს და, კოტე გაბაშვილის თქმით, უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტს რუსეთის კონტინგენტის ჩანაცვლება არ შეუძლია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ უკრაინა არ არის თანამეგობრობის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყანა. რაც შეეხება თურქეთს და სხვა სახელმწიფოებს, სამშვიდობო ოპერაციაში მათ მონაწილეობას ფორმატის შეცვლა სჭირდება. ფორმატის შეცვლა გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა, იქ კი რუსეთს ვეტოს უფლება აქვს და ამიტომ ისევ და ისევ რუსეთის პრობლემა დგება. კოტე გაბაშვილი გაეროს ფორმატზე უარის თქმასაც კი არ გამორიცხავს. ასეთი სითამამე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე დამყარებულ იმედებს ეფუძნება. საქართველოს ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზეთიდან და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნას საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. რუსეთის სამშვიდობო მისიაზე უარის თქმას და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რუსეთის კონფლიქტების მხარედ აღიარებას ის მიესალმება, თუმცა არ ჰგონია, რომ საერთშორისო თანამეგობრობა მოიწონებს აფხაზეთიდან და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას - ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ საქართველო არ გამორიცხავს აგრესიულ ქმედებებს აფხაზებისა და ოსების მიმართ. ”მთავარი ქცევაა, ქმედებები და არა წარმოდგენები. საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი არათანმიმდევრული ქმედებები და განცხადებები კი ვერავის დაარწნუნებს იმაში, რომ ის სამშვიდობო კურსის ერთგულია, ” - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.


პარლამენტის დადგენილების მიღების შემდეგ, ანუ ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსეთს განესაზღვრება ვადა სამშვიდობო ოპერაციების გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპერაციები შეწყვეტილად გამოცხადდება. დადგენილების მიღებისთანავე საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მზადება კონფლიქტის ზონებში ახალი სამშვიდობო გარანტიების შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG