Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუსეთის სამშვიდობო ძალებს ულტიმატუმს უყენებს


თუკი რუსეთი არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი სამშვიდობო მისიების ეფექტიანობის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლება

მიმართავს სათანადო ზომებს კონფლიქტის ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გასაყვანად. საქართველოს პარლამენტში დასრულდა მუშაობა დადგენილების პროექტზე, რომელშიც განსაზღვრულია კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტის ვადები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოიკვეთება პროგრესი აღნიშნულ ოპერაციებში. დადგენილების პროექტი ჟურნალისტებს 29 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. როგორია საქართველოს პარლამენტის მორიგი ულტიმატუმი რუსეთის არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების მიმართ?


დადგენილებას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების შესახებ საქართველოს პარლამენტი ოქტომბრის პირველ დეკადაში მიიღებს. დადგენილების მიღების დღიდან საქართველოს მთავრობას დაევალება გაააქტიუროს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე. მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლამდე უნდა მოახსენოს პარლამენტს ყოფილ ავტონომიურ ოლქში არსებული მდგომარეობის შესახებ და თუ პროცესი უწინდებურად უარყოფითად იქნა შეფასებული, თუკი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნა მიღწეული, სამშვიდობო ოპერაცია შეწყვეტილად იქნება გამოცხადებული. დადგენილების პროექტი არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის ვადად 2006 წლის 25 თებერვალს ასახელებს. დადგენილების პროექტში მითითებულია აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის ვადაც - 2006 წლის 15 ივლისი. ამ შემთხვევაშიც მთავრობას დაევალება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გააქტიურება და თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნა, თუკი აფხაზეთში მდგომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს უწინდებურად ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები ერქმევა, საქართველოს მთავრობას მოეთხოვება უსწრაფესი ზომების გატარება აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასაყვანად. ”კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი” თავისი პათოსით ჰგავს დადგენილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მისაღწევად მიიღო. მაშინდელი დადგენილების მიღება ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას უდავოდ წაადგა. არის იმედი, რომ კარგად იმუშავებს ის დადგენილებაც , რომელსაც პარალამენტი მალე, ალბათ, უპრობლემოდ მიიღებს. ნინო ბურჯანაძის თქმით, დადგენილება მიჩნეულ უნდა იქნეს სამშვიდობო ოპერაციათა ეფექტიანობის მიღწევის უკანასკნელ მცდელობად:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ეს არის ჩვენი უკანასკნელი მცდელობა იმისა, რომ მხარეებმა გაიგონონ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ ნათქვამი სიტყვები...დადგენილებაში ნათლად წერია, რა ევალება ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ასეთ შემთხვევაში სამშვიდობო ოპერაციები უპირობოდ შეწყვეტილად იქნება გამოცხადებული. ”


ალბათ, საინტერესოა, რა ნაბიჯების გადადგმა დაევალება საქართველოს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროდ იქნება მიჩნეული აფხაზეთსა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაააქტიურებს მუშაობას საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის მოპოვებისა და ახალი სამშვიდობო ოპერაციების დაწყების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას კი დაევალებათ მოახდინონ აქტიური სამართლებრივი რეაგირება სხვა სახელმწიფოთა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და იკავებენ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და სხვა თანამდებობებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებში და ასე შემდეგ.

დაბოლოს, პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას 2005 წლის 1 დეკემბრამდე დაევალება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმების რეალიზების დეტალური სამოქმედო რუკის შემუშავება.
XS
SM
MD
LG