Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პრეტენზიები ფინანსური პოლიციის შეფის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ


ფინანსური პოლიციის შეფი დავით კეზერაშვილი პარლამენტართა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. მიზეზი წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია.

დავით კეზერაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო უპირისპირდებიან.

20 სექტემბერს ელენე თევდორაძის კომიტეტში უშუალოდ ფინანსური პოლიციის უფროსისგან უნდა მოესმინათ ინფორმაცია იმ გახმაურებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ზაფხულს სწრაფი კვების ობიექტში, ”ნიკალაში”, ჩატარდა. ამ სპეცოპერაციის გამო კეზერაშვილის უწყება თავის დროზე სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა ამას უწყების ხელმძღვანელის მიმართ ზემდგომთა დამოკიდებულება არ შეუცვლია. კეზერაშვილს რამე ვერც ოპოზიციის მიერ გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა დააკლო.

დავით კეზერაშვილის მიმართ პრეტენზიები 20 სექტემბერს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც, გამოითქვა და სასტუმრო ”მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზეც, რომელიც პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მხრიდან ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე საუბარს მიეძღვნა. დავაკონკრეტებთ, რომ ლაპარაკი ეხებოდა სამართალდარღვევას, რომლებიც კანადელი ინვესტორისთვის ”ქართული თამბაქოს წარმოების” 90 პროცენტიანი აქციების თაღლითური გზით წართმევასთან დაკავშირებით აღძრული საქმის წარმოებისას გამოიკვეთა. მას შემდეგ, რაც, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩარევის შედეგად, ფინანსურ პოლიციაში აღძრული საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ეჭვმიტანილები დაკავებულ იქნენ, საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქმე მოულოდნელად იხურება. მოპირისპირე მხარის მიერ რეკომენდებულ ექსპერტებს ამ კომისიაში მუშაობის საშუალებაც კი არ მისცეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანადელი ინვესტორის ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას ”ქართული თამბაქოს წარმოების” აქციის დღევანდელ მფლობელსა და ფინანსურ პოლიციას შორის და, თუ ასეა, საქმეში კეზერაშვილიც უნდა ერიოს, რადგან ფინანსურ პოლიციაში მის გარეშე არაფერი ხდება. ამის შესახებ სასტუმრო “მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა.


რას შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს , 20 სექტემბერს იქ ფინანსური პოლიციის შეფის თანადასწრებით უნდა ემსჯელათ სწრაფი კვების ობიექტ ”ნიკალაში” ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის მიერ ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციაზე.

კომიტეტის დახურულ სხდომაზე დეპუტატებს უშუალოდ დავით კეზერაშვილისგან უნდა მოესმინათ ახსნა-განმარტება იმის შესახებ, მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება, რბილად რომ ვთქვათ, შენიშვნებს, რომლებიც ქალებითა და ბავშვებით სავსე კვების ობიექტში ნიღბიანი და ავტომატიანი სპეცრაზმელების შეჭრასთან დაკავშირებით დღემდე გამოითქმის.

ფინანსური პოლიციის შეფი ყველა წესის დაცვით იყო მიწვეული პარლამენტში, თუმცა ის იქ არ გამოცხადებულა. კეზერაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოკლე წერილობითი განმარტების გაგზავნით შემოიფარგლა, რაც კომიტეტის წევრებისთვის და, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”არ მივცემთ არავის უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ კომიტეტს ასეთი დამოკიდებულებით. ამ საკითხს დღეს არ განვიხილავთ. მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი ბიუროზე, სესიაზე და ვიტყვით, რომ არ გვჭირდება კეზერაშვილი. მოვიდეს მისი უფროსობა და მოგვაწოდოს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება. ”

ადამიანის უფლებათა კომიტეტში ”ნიკალას” ინციდენტზე სასაუბროდ კეზერაშვილს აღარ მიიწვევენ, პარლამენტისადმი მის დამოკიდებულებაზე ახსნა-განმარტებას ზემდგომს, ფინანსთა მინისტრს, მოსთხოვენ, თუმცა არავინ იცის, შეცვლის თუ არა ეს რამეს. კეზერაშვილს თავის დროზე ვერაფერი დააკლო ოპოზიციის მიერ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა, სასამართლოს სანქციით განხორციელებულმა ჩანაწერებმა, რომლებიც მის მიმართ სერიოზულ ეჭვებს ბადებდა. ჩანაწერების საჯარო მოსმენას მოჰყვა სამთავრობო საათი პარლამენტში, სადაც უმრავლესობის წევრებმა კეზერაშვილის დაცვა მისი რევოლუციური წარსულის გახსენებით სცადეს.
XS
SM
MD
LG