Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მწერალი ქალის სხვა სახე: ანა კორძაია-სამადაშვილი


გასულ ოთხშაბათს თბილისის ლიტერატურული კაფეების შესახებ გიამბეთ და გაგაცანით მამაკაცი, რომელიც, ერთი შეხედვით, “არამამაკაცურად” მიჩნეულ საქმეს – ნამცხვრების

ცხობას – წარმატებით მისდევს. სიუჟეტი, რომელსაც რუბრიკა “სხვა სახე”დღეს წარმოგიდგენთ, გარკვეულწილად, გასული კვირის “ლიტერატურულ” თემატიკას აგრძელებს - ოღონდ, თუ მაშინ მხოლოდ ლიტერატურულ კაფეზე გესაუბრეთ, დღეს “სხვა სახე” გაგაცნობთ მწერალ ქალს, ანა კორძაია-სამადაშვილს, რომელსაც, როგორც სიუჟეტიდან შეიტყობთ, უმრავლესობისგან, მართლაც, ბევრი “სხვა სახის” შეხედულება თუ გამოცდილება განასხვავებს.

ანა კორძაია-სამადაშვილს რამდენიმე დღის წინ, გვიან საღამოს, კაფე “პარნასში” შევხვდი. ანასთან გასაუბრება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც შევიტყვე: მალე ანას მეორე წიგნი გამოვა, რომელსაც “მე, მარგარიტა” ერქმევა და რომელიც ანას ძველ და ახალ მოთხრობებს გააერთიანებს. ანას მოთხრობების პირველი კრებული, “ბერიკაობა”, სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით დაიბეჭდა და პირადად მე მასში შესული რამდენიმე მოთხრობა სისადავისა და რადიკალიზმის უჩვეულო შერწყმის გამო მომეწონა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თემატიკაც – კერძოდ, ის, რომ ამ მოთხრობების ავტორი არ გაურბოდა ქალების ცხოვრების თანმხლები სირთულეების ღია და აშკარა ასახვას.

თუმცა, როგორც ანასთან საუბარში გავარკვიე, მოთხრობების წერის დაწყებამდე ანამ პირველი ტექსტი გერმანულ აუდიტორიას დაუწერა და თბილისის კომუნალურ საცხოვრებელ სივრცეებზე მოუთხრო:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “პირველად დავწერე არქიტექტურული ჟურნალისათვის, რომელიც გამოდიოდა გერმანიაში, “შტატბაუველტი”, რომელსაც ჰქონდა გამოძახილი, და სრულიად მოულოდნელი, იმეილების მეშვეობით. საქმე ის არის, რომ გერმანულენოვანი მკითხველი არის ძალიან აჟიტირებული და როდესაც რამე მოსწონს, აუცილებლად უნდა, რომ გამოთქვას თავისი აზრი. მაშინ დავწერე “ჩემი საცხოვრებელი ადგილები თბილისში” და იქ აღვწერე “კომუნალკა”, როგორც მოვლენა. ოღონდ არა მოსკოვური “კომუნალკა”, რომლის შესახებაც ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც ჰქონდათ, არამედ თბილისური “კომუნალკა” ჩუღურეთში, სადაც გავიზარდე და ვიყავი ძალიან ბედნიერი ქალი.” (სტილი დაცულია)

ანა განათლებით სლავური ენების სპეციალისტია. როგორც თვითონ ამბობს, წერა მისთვის ახალი პრაქტიკაა – საქმე, რომელიც მან 21-ე საუკუნეში ჟურნალისტიკით დაიწყო. მისი მოთხრობების გამოქვეყნებაც ჟურნალისტიკის შედეგად მოხდა – ანა გაზეთ “24 საათში” მუშაობდა, როდესაც კრიტიკოსმა და გამომცემელმა მალხაზ ხარბედიამ პირველად დაუბეჭდა მოთხრობები. მანამდე კი ანა სხვადასხვა დროს განსხვავებული საქმეებით იყო დაკავებული:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “მანამდე ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი რამ შესაძლებელი იყო. ვმუშაობდი კინოსტუდიაში, ჩინეთის საელჩოში, გამომცემლობაში – ოღონდ კორექტორად და რედაქტორად; არანაირი კავშირი მე მხატვრულ ლიტერატურასთან არ მქონია. პარლამენტშიც კი ვმუშაობდი, კვლევით დეპარტამენტში. სახელმწიფო მოხელე გახლდით.

ანას, საერთო მეგობრების წყალობით, რამდენიმე წელია, რაც ვიცნობ. თუმცა მხოლოდ ახლახან შევიტყვე ის, რომ ადრე ანა სერიოზულად მისდევდა კრიშნაიზმს, და რამდენიმე წელი აქვს გატარებული შვედეთში, რადჰაკრიშნას ტაძარში. ერთი შეხედვით, ეს ისტორია შეიძლება ვინმემ ერთგვარ სტერეოტიპადაც აღიქვას – შემოქმედებითი ადამიანის მხრიდან აღმოსავლური - და, კერძოდ, ინდური -ფილოსოფიით გატაცების სტერეოტიპად, რომელიც, როგორც წესი, ერთგვარი მოდური მოვლენის ხასიათს ატარებს ხოლმე. მაგრამ ანა ამ სტერეოტიპის გავლენას გადაჭრით უარყოფს და ამბობს, რომ ეს მსოფლმხედველობა მისი პიროვნების ნაწილია – მუხედავად იმისა, რომ დღეს იგი რელიგიას აქტიურად აღარ მისდევს:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “ყველაფერი დაიწყო 1988 წელს ქალაქ სოხუმში, სადაც მე დავესწარი რადჰა იატრას – ეს არის დიდი მსვლელობა, რომელიც ეძღვნება უფალ ჯაგანადჰას. ჯაგანადჰა არის სამყაროს შემოქმედი, ვედური ტრადიციის თანახმად. იქ აღმოვაჩინე კაცი, რომლის ნამდვილი სახელი – კარმული, როგორც იტყვიან – არის პოლ ბაროუ და რომლის სახელიც გახლავთ პრაბჰავიშნუ სვამი, რომელიც არის ჩემი მოძღვარი. 1988-ში გადავწყვიტე, რომ ეს კაცი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს არ იყო არანაირად ორიგინალობის საკითხი ან რამე მსგავსი. ოღონდ, სამწუხაროდ, მე დავარღვიე პრინციპები და ახლა ვერავინ იტყვის, რომ მე ვარ ვაიშნავი და პრაბჰავიშნუ სვამის მოსწავლე – მიუხედავად იმისა, რომ მე თავს ასეთად ვგრძნობ.”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელსაც ანა უარყოფს, მისი მოთხრობების “ფემინისტურ” ტექსტებად შერაცხვაა, თუმცა აღიარებს, რომ ლიტერატურის კრიტიკოსების თუ მკითხველების მხრიდან ეს სტერეოტიპი დროდადრო გამოკრთება ხოლმე. ანა ამას შემდეგ ახსნას უძებნის:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “შეიძლება იმის გამო, რომ ჩემი ქალები არ ტირიან. და შეიძლება იმიტომ, რომ ვწერ ქალებზე – იმიტომ, რომ ქალებს უკეთ ვიცნობ, ვიდრე კაცებს, თავისთავად ცხადია. რამდენ მამაკაცსაც არ უნდა ვიცნობდე, მე ხომ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა ტრიალებს იმის ანთებულ ტვინში. წარმოდგენაც კი არ მაქვს.”(სტილი დაცულია)

ქალებს ეძღვნება ის წიგნიც, რომელიც მალე გამოვა და რომელსაც “მე, მარგარიტა” ჰქვია. ანას თქმით:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “ეს ბევრი მარგარიტაა ერთად. ეს მარგარიტები ძალიან ბევნი არიან – ეს არიან მარგარიტები 5 ან 6 თაობაში, შეიძლება შვიდშიც, რვაშიც. არიან ქალები, მრავალი თაობა ქალებისა, რომლებიც მარტო ქალები არიან და რომელთა არსებობაშიც მამაკაცებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ, გარდა იმისა, რომ ჩასახეს ოდესღაც. და მათ არ იციან, როგორ და რანაირად გახდნენ ისეთები, როგორებიც არიან.

საუბრის ბოლოს ანას 90-იანი წლების ქართულ ლიტერატურაზე დავუსვი ზოგადი შეკითხვა. იგი ფიქრობს, რომ თანამედროვე ლიტერატურა არსებობს და რომ მის გარკვეულ ზოგად ტენდენციებსა და სტილზეც შესაძლებელია საუბარი; მაგრამ, ანას აზრით, ამ ლიტერატურას ვიწრო აუდიტორია ჰყავს და მასშტაბური მოვლენებისგან ის ჯერ კიდევ შორსაა:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “მე არა ვარ დარწმუნებული, რომ 90-იანი წლების ქართული ლიტერატურა არის იმდენად ფასეული, რომ, ღმერთო ჩემო, თუ მსოფლიომ ვერ გაიცნო, დავიღუპეთ. მაგრამ თავისთავად ძალიან კარგია. ის ფაქტი, რომ მე, ზარმაცი ადამიანი, ვკითხულობ ყოველ წიგნს, რომელიც გამოდის, მე მგონი, იმის ნიშანია, რომ ეს ლიტერატურა იკითხება და ეს ლიტერატურა არსებობს.”

ჩემი და ანას საუბარი კიდევ ერთი სტერეოტიპის კრიტიკით დასრულდა – სტერეოტიპის, რომელიც, ანას აზრით, საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს თანამედროვე ლიტერატურაში და რომელსაც ის წარსულში მომხდარი მოვლენების თუ ნაკლებად მიმზიდველი გმირების რომანტიზაციას უწოდებს:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] “ბედოვლათის სინდრომი, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირიდან გვერგო, მე მგონი, დღემდე მუშაობს. ძალიან სიმპათიურია ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი აქვს, ჩამოგრძელებული ცხვირი, უნებლიე შარდვა, ფული არ აქვს, ცოლმა მიატოვა, ლოთია – მაგრამ “ისეთი კარგი ბიჭია!..” რატომღაც ეს სტერეოტიპი არსებობს, სიმპათიურ გმირად გამოგვყავს რაღაცა სრულიად დაუდგენელი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუსაძლისი და აუტანელია.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG