Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის ერთი წლისთავი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზეც აღინიშნა


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, როგორც იქნა, შედგა და მასზე იურიდიულად გაფორმდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ერთ პარტიაში გაერთიანება.

სახელისუფლებო ძალას დღეიდან ერთი პარტია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - წარმოადგენს. ყრილობამ, რომლისთვისაც მმართველი ძალის წარმომადგენლები დიდი ხანია ემზადებოდნენ დაამტკიცა წესდება და აირჩია პოლიტიკური საბჭო. ამ ფორმალური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ ყრილობის ძირითადი ნაწილი რევოლუციის დღეების გახსენებას და ხელისუფლების ბოლო ერთი წლის მიღწევების შეჯამებას დაეთმო. ყრილობა ორგანიზატორებმა სანახაობრივ ღონისძიებად წარმოადგინეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობისთვის დიდხანს ემზადებოდნენ, მათ შორის, უშუალოდ 22 ნოემბერს, ყრილობის გახსნამდე. ყრილობის სანახაობრივი ნაწილისთვის მსახიობები და რეჟისორები გენერალურ რეპეტიციას რამდენიმე საათის მანძილზე გადიოდნენ. რეპეტიცია ასეთი იყო:

[ხმა რეპეტიციიდან]

მსახიობები რევოლუციური ლიდერების განცხადებებს ახმიანებდნენ. ყრილობის გახსნამდე სპორტის სასახლეში წესრიგს საქართველოს სახელმწიფო დროშებით ხელდამშვენებული ახალგაზრდები იცავდნენ. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა აქტივისტები იყვნენ. საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულმა ყრილობის დელეგატებმა და ყრილობაზე მოწვეულმა სტუმრება - ისინიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ან მხარდამჭერები იყვნენ - დარბაზი გაავსეს. მე რამდენიმე მათგანს ყრილობის წინ გავესაუბრე, ყველა მათგანი რევოლუციით მოსული ხელისუფლების დამსახურებებს აღნიშნავდა:

[ყრილობის დელეგატების ხმები]

“ბევრი რამ გაკეთდა სასიკეთო. ეს რომ ხალხმა არ დაინახოს, არ შეიძლება.”

“ გაამაართლა კი არა, მეტიც. ცარიელ ადგილზე მოვიდა და რამდენიმე თვეში შეიძლება სახელმწიფოს აშენება? აცალეთ ცოტა და ნახეთ, როგორ საქართველოს ააშენებს. “

უფრო კონკრეტულად მიღწევების შესახებ ყრილობის დელეგატებისა და სტუმრებისთვის დარიგებულ სპეციალურ საგაზეთო გამოშვებაში ეწერა. წლევანდელი 23 ნოემბრის წინ ეს გამოშვება საქართველოს მოქალაქეებს კარდაკარ დაურიგეს. მინიმალური პენსია 28 ლარი ხდება, საქართველოში მშობიარობა უფასოა, პედაგოგების სახელფასო დავალიანება აღარ არსებობს, მიწის გადასახადი უფასოა, ტექდათვალიერება უფასოა - ასეთია მოკლე ჩამონათვალი უკვე გაკეთებული საქმეების. ამ საქმეებზე ვრცლად ყრილობაზე “ვარდების რევოლუციის” გმირებმა და დღვანდელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ისაუბრეს. მათგან ორი, სააკაშვილი და ჟვანია, უკვე ერთ პარტიას, “ ნაციონალურ მოძრაობას”, წარმოადგენს., ნინო ბურჯანაძე - არა. ნიშნავს თუ არა ეს მათ შორის გარკვეულ უთანხმოებას? ფაქტია, რომ სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე ერთმანეთის მხარდამხარ წარდგნენ და ერთიანობის დემონსტრირება მოახდინეს - ერთიანობის, რომლის აუცილებლობაზეც პრეზიდენტს ასეთი წარმოდგენა აქვს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ძალა ერთობაშია. ვინც ქადაგებს დაქსაქსულობას, ვერ ხვდება, რომ დაქსაქსულობა, თუნდაც რაღაც თემის გარშემო, ნიშნავს საქართველოს ერთიანობის დაკარგვას. “

ერთიანობის დემონსტრირება შედგა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რაღა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია. პოლიტსაბჭოს წევრებად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობამ “ნაციონალური მოძრაობისა” და აწ ყოფილი “გაერთიანებული დემოკრატების” - მანამდე კი “მოქალაქეთა კავშირის” - ცნობილი სახეები დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG