Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიელ ჟურნალისტთა ფორუმი


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში დასრულდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა კონფერენცია, რომელიც ეუთოს ეგიდით მოეწყო. კონფერენციის

მონაწილეები განიხილავდნენ კანონმდებლობაში ცილისწამებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, რაც მასმედიის თავისუფლების მთავარ გამოწვევად მიიჩნიეს 21-ე საუკუნეში. მე გავესაუბრე კონფერენციის ორგანიზატორსა და მონაწილეებს. ეუთოს წარმომადგენელმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარასტიმ განაცხადა, რომ არ იცის ქვეყანა, სადაც ადამიანი თავისუფლად სუნთქავდეს.

[ჰარასტის ხმა რუსულად]

ცნობილი საბჭოთა სიმღერიდან აღებული ამ პარაფრაზით მიკლოშ ჰარასტიმ მიანიშნა, რომ კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების პრობლემატიკას. ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის თავისუფლების საკითხებში მითხრა, რომ მისი ოფისი ეხმარება მთავრობებს, მედიასა და მოქალაქეებს. ხელისუფლებას ეხმარება საკანონმდებლო პროექტების ექსპერტიზითა და რეკომენდაციებით, რათა კანონები უკეთ მიესადაგოს საერთაშორისო შეთანხმებებს ამ სფეროში. რაც შეეხება ჟურნალისტებს,

[ჰარასტის ხმა] “ჩვენ ვეხმარებით ჟურნალისტებს, უწინარესად, როცა მათი სამუშაო პირობები და თავად ჟურნალისტები საფრთხეში არიან, როცა მთავრობა აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებებს და არღვევს კანონის უზენაესობას. ასეთ დროს ყოველთვის ჟურნალისტების მხარესა ვართ.”

მოქალაქეთა დახმარებაზე ლაპარაკის დროს კი მიკლოშ ჰარასტიმ აღნიშნა, რომ ახალი დემოკრატიის სახელმწიფოთა მოქალაქეები გამოვიდნენ შიშის ცივილიზაციიდან. მათ სჯერათ, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს და ერთდროულად შიშითა და ცინიზმით ეკიდებიან მოვლენებს. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს გაიგონ, რომ თავისუფალი პრესა მათი ინტერესია, პრესის თავისუფლებას მხარი უნდა დაუჭირონ და არ მოეკიდონ ცინიკურად, - მითხრა ჰარასტიმ.

[ჰარასტის ხმა ინგლისურად]

როგორ ეკიდებიან პრესას ჩვენს მეზობლად, კარგად ჩანს აზერბაიჯანში გამომავალ ჟურნალ “მონიტორის” რედაქტორის ემრან ჰუსეინოვის მონათხრობიდან. 2001 წელს ჰუსეინოვი ერთი თვით ციხეშიც კი ჩასვეს ბაქოს მერის კრიტიკისათვის. თუმცა ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებამ დათმო საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პრესის წინაშე და ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მე ვკითხე ემრან ჰუსეინოვს, რა ცვლილებებს ატყობს სიტყვის თავისუფლებას აზერბაიჯანში ილხამ ალიევის პრეზიდენტობის დროს:

[ჰუსეინოვის ხმა] “ვითარება მკვეთრად გაუარესდა. საკანონმდებლო სფეროში იგივე დარჩა, აი, კანონის გამოყენების სფეროში კი გაუარესდა: გახშირდა ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები, რაც ჰეიდარ ალიევის დროს მიუღებელი იყო. მოიტაცეს ერთი რედაქტორი, ჩვენი ჟურნალის თანამშრომელს ხელისუფლების მწვავე კრიტიკისათვის დღისით-მზისით თავში არმატურა ჩაარტყეს. ყველაზე საინტერესო რეაქცია შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა: მან თქვა, ამ ჟურნალისტებს რაღაც ხომ უნდა ვუყოთო. განახლდა სასამართლო პროცესები მედიის წინააღმდეგ, მოსამართლეებს გამოაქვთ არამართლზომიერი გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, გაზეთებისა და ჟურნალების საზარალოდ, აჯარიმებენ მათ 10-12 ათასი დოლარით.”

ასე რომ, არის ქვეყნიერებაზე ადგილები, რომელთან შედარებით საქართველო დემოკრატიის წალკოტია.
XS
SM
MD
LG