Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

¨გარდიანი¨ და ¨უოლ სტრიტ ჯორნალი¨ განსხვავებულად აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს


შარშანდელი ნოემბრის მოვლენების შემდეგ, რასაც თბილისში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა,

თითქმის დღე არ გაივლის, უცხოეთის რომელიმე გაზეთმა თუ ჟურნალმა საქართველოსადმი მიძღვნილი სტატია არ გამოაქვეყნოს - იქნება ეს რეპორტაჟული ხასიათის წერილი თუ ანალიტიკური დაკვირვება. ასეთი სტატიების რიცხვი განსაკუთრებით იზრდება არჩევნებისწინა პერიოდში და მის შემდგომ, როცა ყველაზე მსხვილი გაზეთები საქართველოში მიავლენენ ხოლმე თავიანთ სპეციალურ კორესპონდენტებს. ასეა ამჯერადაც. დღეს ორ ასეთ პუბლიკაციაზე გიამბობთ.

ორივე სტატია, რომელზეც გვინდა გესაუბროთ, რედაქციებში ბათუმიდან არის გაგზავნილი. ერთი დაიბეჭდა ბრიტანეთის გაზეთ "გარდიანის" 1 აპრილის ნომერში, ხოლო მეორე - "უოლ სტრიტ ჯორნალის" ევროპის გამოცემაში, 2 აპრილს. დავიწყოთ პირველით.

"გარდიანში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორია ჯონ ლოგლანდი, ბრიტანეთის "ადამიანის უფლებათა დამცველი ჰელსინკის ჯგუფის" წარმომადგენელი. თავის წერილს ლოგლანდი იწყებს ლორდ ბალფურის სიტყვების გახსენებით, რომელიც ბრიტანეთის საგარეო უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს 1918 წელს უთქვამს: "ერთადერთი, რაც კავკასიაში მაინტერესებს, არის სარკინიგზო ხაზი, რომელიც ნავთობს ბაქოდან ბათუმში ჩაიტანს. ადგილობრივ მოსახლეობას კი ისემც უქნია, ერთმანეთი სულ ნაკუწ-ნაკუწ აუჩეხიაო".

მას შემდეგ მსოფლიოს გეოპოლიტიკაში ბევრი არაფერი შეცვლილაო - დასძენს სტატიის ავტორი ლორდ ბალფურის გამონათქვამს და ამის დასტურად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ფაქტი მოჰყავს; და თან იქვე აღნიშნავს, ვიდრე მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდოდეს, ნავთობი ბაქოდან ბათუმში, ძველებურად, მატარებლის ცისტერნებით გადააქვთო.

მისი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს მსოფლიოს მასმედიის ესოდენ დიდ დაინტერესებას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ლიდერებს შორის გამწვავებული კონფლიქტით. ავტორი დასავლელ კორესპონდენტებს აშკარად საყვედურობს იმისთვის, რომ მათ შექმნეს "მითი" საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის შესახებ, რომელიც აჭარის ავტორიტარულ მმართველს დაუპირისპირდა.

"ქართველები სხვაგვარად ფიქრობენ - განაგრძობს ჯონ ლოგლანდი. - ჰოლანდიის ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ახალი პრეზიდენტის ჰოლანდიელმა მეუღლემ სანდრა რულოფსმა განაცხადა, ჩემი ქმარი ცდილობს, განაგრძოს ძველი ტრადიცია ძლიერი ქართველი ლიდერებისა, როგორიც იყვნენ სტალინი და ბერიაო. შარშან, ნოემბერში, თბილისისკენ თავისი სვლა სააკაშვილმა დაიწყო მიტინგით სტალინის ძეგლთან, ამ უკანასკნელის მშობლიურ ქალაქ გორში. დასავლეთის მედია კი, თითქოს აქ არაფერიო, კვლავაც განაგრძობს ტიტინს სააკაშვილის დემოკრატობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელში ჩაგდებული ძალაუფლება იანვარში მოწყობილი კენჭისყრის შედეგად მან 95-პროცენტიანი გამარჯვებით გაიმყარა და გასულ კვირაში ისიც კი თქვა, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მყავდეს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპატუტებიო."

"გარდიანის" პუბლიკაციისგან, რომელსაც აქ, ცხადია, სრული სახით ვერ გთავაზობთ, სრულიად განსვავებული სულისკვეთებით არის დაწერილი "უოლ სტრიტ ჯორნალში" დაბეჭდილი სტატია, რომლიდანაც მხოლოდ ერთ ციტატას შემოგთავაზებთ:

"ბატონ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, იამაყოს იმ იშვიათი პოლიტიკური შემობრუნებით, მისმა ქვეყანამ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ რომ განიცადა - ანუ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელიც სკანდალურ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ამ უსისხლო ამბოხმა, სხვა ყველაფერთან ერთად, დამამცირებელი, პოლიტიკური თვალსაზრისით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ბატონი სააკაშვილის ყოფილ მენტორსა და, მოგვიანებით, მისსავე მოწინააღმდეგეს, ედუარდ შევარდნაძეს. მაგრამ უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც საქართველოს შთამბეჭდავი ახალგაზრდა ლიდერის წინაშე დგას, ის არის, შეძლებს თუ არა იგი ამ წარმატების განმტკიცებას ხანგრძლივი სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის დამკვიდრებით ქვეყანაში, რომლის ისტორიასაც არაერთი უბედურება და გამოუყენებელი შესაძლებლობა ახსოვს."

XS
SM
MD
LG