Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა ერაყის მართვის სადავეები ამ ქვეყნის მთავრობას დაგეგმილზე ორი დღით ადრე გადააბარა


28 ივნისს - დაგეგმილზე ორი დღით ადრე - შეერთებულმა შტატებმა ერაყის მართვის სადავეები ამ ქვეყნის გარდამავალ მთავრობას გადააბარა, რითაც ბევრი გააკვირვა,

პირველ ყოვლისა კი ისინი, ვინც, აფეთქებებითა თუ შეიარაღებული თავდასხმებით, 30 ივნისისთვის დანიშნული ცერემონიის ჩაშლას გეგმავდა. რა პოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდა ერაყის მთავრობისთვის სუვერენობის გადაცემის ეს ნაჩქარევი და მოულოდნელი ცერემონია?

პირველი მინიშნება იმაზე, რომ 30 ივნისისთვის დაგეგმილი ცერემონია უფრო ადრე გაიმართებოდა, გაკეთდა არა ბაღდადში, არამედ სტამბოლში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები სამიტს მართავენ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად დღის წესრიგში სწორედ ერაყში უსაფრთხოების პრობლემა აქვთ შეტანილი.

ორშაბათს დილით ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მთავრობა მზად არის, თუნდაც დაუყოვნებლივ ჩაიბაროს ქვეყნის მართვის სადავეები.

[ჰოშიარ ზებარის ხმა] "მზად ვართ, თუნდაც 30 ივნისზე ადრე ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა. მჯერა, რომ გავუმკლავდებით ერაყში მოქმედ ელემენტებს - ტერორისტებს, კრიმინალებს, სადამისტებსა და ანტიდემოკრატიულ ძალებს - და სუვერენობის დადგენილ ვადამდე გადმობარებით დავანახებთ, რომ მზად ვართ ჩვენი ამოცანის შესასრულებლად."

ჟურნალისტების ცდა, ზებარისთვის როგორმე ზუსტი თარიღი დაეტყუათ, უშედეგო გამოდგა. სამაგიეროდ, სულ მალე ბაღდადში მომუშავე ჟურნალისტებს აცნობეს, სასწრაფოდ შეკრებილიყვნენ ე.წ. "მწვანე ზონაში", რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს. ის, ვინც მართლაც მოასწრო ბაღდადის ცენტრში მდებარე, კარგად დაცულ შენობაში გამოცხადება, მოწმე გახდა ნაჩქარევი, ყოველგვარ საზეიმოობას მოკლებული ცერემონიისა, რომელსაც - როგორც ერაყის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან - მხოლოდ აუცილებელი ხალხი ესწრებოდა.

ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელი ხელმძღვანელი პოლ ბრემერი მომცრო ოთახში შეხვდა ერაყის პრეზიდენტს ღაზი იავარსა და პრემიერ-მინისტრს იად ალავის და მათ წაუკითხა თავისივე განკარგულება, რომელშიც იგი მიესალმება ერაყის ღირსეულსა და თანასწორუფლებიან შესვლას მსოფლიოს თავისუფალ სახელმწიფოთა რიგში. ამ დოკუმენტს პოლ ბრემერი ხელს აწერს უკვე როგორც ადმინისტრაციის "ექს-ხელმძღვანელი".

ძალაუფლების ესოდენ ნაჩქარევმა გადაცემამ, ბუნებრივია, არაერთი შეკითხვა წარმოშვა. მაგალითად, ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრ ალავის ჰკითხა, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ბოლო რამდენიმე დღეში ძალადობის ფაქტების გახშირებასთანო; რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

[იად ალავის ხმა] "არა, ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფოდით; და ჩვენი ხალხის დასაცავად, ცხადია, თანდათან ჩავაბარეთ სუვერენობა სხვადასხვა მინისტრებს. რამდენიმე დღის წინათ ეს პროცესი დავასრულეთ და მართვის სადავეები ჩავაბარეთ დარჩენილ 11 მინისტრსაც."
XS
SM
MD
LG