Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სონია განდის გადაწყვეტილება, უარი თქვას ინდოეთის პრემიერ-მინისტრობაზე, მტკიცეა


ინდოეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კონგრესის პარტიის მოულოდნელმა გამარჯვებამ ყველას აფიქრებინა, რომ ქვეყანას სათავეში ამ პარტიის ლიდერი სონია განდი ჩაუდგებოდა.

რამდენიმე დღის წინათ სონია განდიზე ჩვენც ისე ვსაუბრობდით, თითქოს მისი პრემიერ-მინისტრობა უკვე გადაწყვეტიილი საქმე ყოფილიყო. მაგრამ მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროგნოზების კეთება არა მხოლოდ სპორტში, არამედ პოლიტიკაშიც სარისკო საქმეა.

ცნობა სონია განდის გადაწყვეტილების შესახებ, უარი თქვას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სამშაბათს გავრცელდა. ინდოეთის ყოფილი პრემიერის, რაჯივ განდის ქვრივმა, წარმოშობით იტალიელმა სონია განდიმ ცრემლმორეულმა აუწყა თავის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს:

[სონია განდის ხმა] "პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩემი მიზანი არ ყოფილა. ყოველთვის მწამდე, რომ თუ ოდესმე აღმოვჩნდებოდი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვარ, შინაგან ხმას დავუჯერებდი. დღეს ეს ხმა მეუბნება, რომ ამ თანამდებობაზე მორჩილად უნდა ვთქვა უარი."

მაგრამ ცრემლი მხოლოდ სონია განდის არ მორევია. მისი მრავალრიცხოვანი მომხრეები დელისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ, რათა განდი გადაწყვეტილების შეცვლაზე დაეყოლიებინათ. მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა კადრებმა, რომელზეც ერთ-ერთი დემონსტრანტი თვითმკვლელობით იმუქრება, თუ სონია განდიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

განდის ამასვე სთხოვდნენ მისი თანაპარტიელები, რომელთაგან ერთ-ერთმა, პარლამენტის დეპუტატმა მანი შანკერ აიერმა ასეთი ტემპერამენტიანი სიტყვებით სცადა თავისი ლიდერის დაყაბულება: [მანი შანკერ აიერის ხმა] "გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ. ჩვენ თქვენი ხელმძღვანელობა გვჭირდება, მხოლოდ სონია განდის პრემიერ-მინისტრობით არის შესაძლებელი, ეს პარტია და ინდოეთი ერთიანი დარჩნენ."

მაგრამ სონია განდის გადაწყვეტილება მტკიცე გამოდგა. ერთი მხრივ განდის, ცხადია, სურს, ჩააცხროს მისი "უცხოტომელობის" გამო გაჩენილი ვნებათაღელვა. მეორე მხრივ კი, გამორიცხული არ არის, მას საკუთარი უსაფრთხოებაც ადარდებდეს: მისი მეუღლეცა და დედამთილიც - ინდირა განდიც ხომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრებად ყოფნისას გამოასალმეს სიცოცხლეს.

ასეა თუ ისე, არჩევნებში გამარჯვებულმა კონგრესის პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი წამოაყენა. ეს გახლავთ მანმოჰან სინგჰი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რომელიც 1991-96 წლებში ინდოეთის ეკონომიკური რეფორმების სულისჩამდგმელად ითვლებოდა. სხვა საკითხია, რამდენად ხელეწიფება ეკონომიკის საკითხებში ღრმად განსწავლულ პოლიტიკოსს, უხელმძღვანელოს მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოს, რომლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.

თუ პრეზიდენტი კონგრესის პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ კაბინეტს დაამტკიცებს, მანმოჰან სინგჰი ინდოეთის ისტორიაში პირველი სიკჰი პრემიერ-მინისტრი გახდება.
XS
SM
MD
LG