Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშები და უსაფრთხოება - შესაძლებელია თუ არა ათასობით ადამიანის დაცვა პოტენციური საფრთხისგან?


მიმდინარე წლის უმთავრესი სპორტული მოვლენა ათენის ოლიმპიური თამაშებია, რომლის დაწყებამდე ზუსტად 137 დღე რჩება.



მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გამალებით ემზადებიან საბერძნეთში საასპარეზოდ, ხოლო ის, ვისაც ათენის ბილეთი ჯერ ჯიბეში არ უდევს, თამაშებამდე დარჩენილ შეჯიბრებებში ცდილობს საოლიმპიადო ლიცენზიების მოპოვებას. მაგრამ წლევანდელი თამაშები მარტო იმით როდია გამორჩეული, რომ ანტიკური ოლიმპიადების სამშობლოში ტარდება. და არც მხოლოდ იმით, რომ 1896 წელს სწორედ იქ, ათენში, აღორძინდა წარსულის ტრადიცია და საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს. ათენის ოლიმპიადის განსაკუთრებულობას უწინარესად ის განაპირობებს, რომ ეს იქნება ასეთი მასშტაბის პირველი მოვლენა გლობალური ტერორიზმის ეპოქაში.
რამდენად შესაძლებელია ასიათასობით სპორტსმენისა თუ მაყურებლის, ოფიციალური პირისა თუ ჟურნალისტის დაცვა ტერორისტებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხისგან? რადიო "თავისუფლება" ამ საკითხით დაინტერესდა.
ტერორიზმი და ოლიმპიური თამაშები - ეს თემა, ცხადია, ახალი არ გახლავთ. ბევრ თქვენგანს ეხსომება 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადის დროს მომხდარი ტრაგედია, როცა პალესტინელმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ისრაელი სპორტსმენები. იმ ინციდენტს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გვახსოვს 1996 წლის ცხელი ზაფხულიც, როცა ატლანტის ოლიმპიური თამაშების დღეებში ბომბი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი.
მოკლედ, ოლიმპიადის ორგანიზატორთა წინაშე უსაფრთხოების საკითხი უწინაც იდგა, მაგრამ არა იმდენად მწვავედ, როგორც დღეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა ოპერაციამ და მის შემდგომ დაწყებულმა გლობალურმა ანტიტერორისტულმა ომმა ვითარება მკვეთრად გაამწვავა და ადამიანების ნებისმიერი დიდი თავყრილობა ბოროტმოქმედთა პოტენციურ სამიზნედ აქცია.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ვერავითარი წინასწარი ზომები, რაოდენ მოფიქრებული და მასშტაბურიც უნდა იყოს, რისკს ნულამდე ვერ შეამცირებს. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში როგმა ხოტბა შეასხა ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის - საბერძნეთის ხელისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების, ევროპის კავშირისა და ისრაელის სპეციალისტებთან ერთად ზრუნავს თამაშების სტუმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების ღონისძიებები საბერძნეთის მთავრობას 650 მილიონი ევრო დაუჯდება. თამაშების მსვლელობაში, 13-დან 29 აგვისტომდე, მობილიზებული იქნება არა მარტო საბერძნეთის პოლიციისა და უშიშროების სამსახურის 40 ათასი თანამშრომელი, არამედ რეგულარული არმიის მოსამსახურეებიც.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ბრეფნი ო'რურკი ამ თემაზე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის პრესმდივანს ფილიპ პოუპს, რომლის თქმით, ოლიმპიური თამაშები საუკეთესო სამიზნეა ყველასთვის, ვისაც კი დედამიწაზე წყლის ამღვრევა განუზრახავს.
[ფილიპ პოუპის ხმა] "ამიტომ არის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა ზედმიწევნით სერიოზულად ეკიდება უსაფრთხოების საკითხს. ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაცია გამონაკლისი არ გახლავთ. ცხადია, სპორტსმენების გულისყური უშუალოდ შეჯიბრებებისკენ იქნება მიმართული, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის ამოცანაა, - და ეს მასთან და ეროვნულ გუნდებთან მომუშავე უშიშროების სამსახურების დაუღალავ შრომასაც გულისხმობს - უზრუნველყოს თამაშების უსაფრთხოება."
ამ საქმეში საბერძნეთი მარტო არ იქნება. სპორტისგან თვით ისეთმა შორს მდგომმა ორგანიზაციამაც კი, როგორიც ნატოა, მზადყოფნა გამოთქვა, დახმარების ხელი გაუწოდოს ათენის ოლიმპიადის ორგანიზატორებს. კერძოდ, როგორც თამაშების მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური კავშირი საბერძნეთს დაეხმარება საჰაერო და საზღვაო პატრულირებაში, აგრეთვე, ბირთვული, ბიოლოგიური თუ ქიმიური თავდასხმის პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებაში. საამისოდ ნატო საბერძნეთს "AWACS"-ის სისტემით აღჭურვილ სარადარო თვითმფრინავებსაც ათხოვებს.
თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრე ფილიპ პოუპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშების მსვლელობაში ნატოს ამა თუ იმ სახით ამოქმედება საჭირო არ გახდება. ანუ, თანამედროვე ოლიმპიზმის ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის ცნობილი პრინციპით "მთავარია მონაწილეობა", უმჯობესია, ისევ მხოლოდ სპორტსმენებმა იხელმძღვანელონ. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები საბერძნეთის დედაქალაქში 13-29 აგვისტოს გაიმართება და მასში საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG