Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეაჩერა ვლადიმირ პუტინმა არჩევანი მიხაილ ფრადკოვზე?


პარასკევს რუსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ ქვეყნის პარლამენტი, რომელიც დიდწილად ვლადიმირ პუტინის მომხრეებით არის დაკომპლექტებული,

მხარს დაუჭერს პრეზიდენტის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარედ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილ პოლიტიკოსს დაამტკიცებს. რა მოსაზრებამ აიძულა რუსეთის ლიდერი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორიოდე კვირით ადრე გაეთავისუფლებინა ძველი პრემიერი და ახლის კანდიდატურა წამოეყენებინა? ამ საკითხზე რამდენიმე ვარაუდი არსებობს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს გენადი გრიზლოვს არ დაუმალავს, რომ პუტინის მომხრე პარტიის, "ერთიანი რუსეთის" დეპუტატები, რომელთა ხელშიც მანდატების ორი მესამედია, პარასკევისთვის დანიშნულ კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ მიხაილ ფრადკოვის კანდიდატურას.
რამდენადაც მოულოდნელი იყო ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფრადკოვის კანდიდატურა წამოეყენებინა, იმდენად არავის გაჰკვირვებია ამ თანამდებობიდან ფრადკოვის სეხნიის, მიხაილ კასიანოვის მოხსნა. ჯერ ერთი, კასიანოვის პიროვნებას მეტისმეტად მჭიდროდ უკავშირებდნენ რუსეთის წინა პრეზიდენტის, ბორის ელცინის სახელს და ბიზნესის იმ წრეებსაც, რომელთა წარმომადგენლები პუტინს დიდად არ ეხატება გულზე. და მეორეც: შარშან, როცა გენერალურმა პროკურატურამ ნავთობკომპანია "იუკოსის" წინააღმდეგ საქმე წამოიწყო, კასიანოვმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ პროკურორის გადაწყვეტილებები. როგორც მოსკოვის სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი, ანდრეი პიონტკოვსკი აღნიშნავს,
[ანდრეი პიონტკოვსკის ხმა]: "ის, რომ პუტინისა და კასიანოვის ურთიერთობა ძალიან სწრაფად უარესდებოდა, შესამჩნევი იყო ბოლო ნახევარი წლის მანძილზე. უწინარესად, ეს უკავშირდება იმ დამოუკიდებელ პოზიციას, რომელიც კასიანოვმა "იუკოსის" საქმეში დაიკავა. მან არაერთხელ, სრულიად მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოთქვა თავისი უთანხმოება პროკურატურის მოქმედებისადმი, რომელსაც, ეჭვგარეშეა, თავად პუტინი წარმართავდა და იწონებდა."
როცა ფრადკოვი თავის სასურველ კანდიდატად დაასახელა, პუტინმა ამომრჩეველს განუმარტა, მინდა იცოდეთ, როგორ მთავრობას უნდა ელოდეთ, თუ პრეზიდენტად ისევ მე ამირჩევთო.
მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ფრადკოვს რუსი ამომრჩეველი ნაკლებად იცნობს ან, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ იცნობს. ამდენად, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შეექმნას მას შთაბეჭდილება მომავალ კაბინეტზე, თუ არაფერი იცის მის თავმჯდომარეზე.
თავის დროზე ფრადკოვი რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრი იყო, ბოლო დრომდე კი ევროპის კავშირში რუსეთის წარმომადგენლად მუშაობდა, რის გამოც მას უცხოეთის დიპლომატიურსა თუ სავაჭრო წრეებში უფრო იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. ექსპერტთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს გარემოება პუტინს ხელს აძლევს სწორედ ახლა, როცა მოსკოვი ყოველ ღონეს ხმარობს ევროპის კავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
ხოლო ის, რომ სამშობლოში ფრადკოვის გავლენა ნულის ტოლია, პუტინს ნაკლებად ადარდებს. პირიქით, როგორც ანდრეი პიონტკოვსკი ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრად ახლა სწორედ მორჩილი და იოლად სამართავი ადამიანი სჭირდება.
[ანდრეი პიონტკოვსკის ხმა]: "ფრადკოვი ზუსტად ასეთი ხელსაყრელი ფიგურაა. ერთი მხრივ, იგი აბსოლუტურად მართვადია, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებითა და წარმოშობით ძალოვანი გახლავთ და, როგორც მრავალი ექსპერტი ფიქრობს, ჩეკისტიც იყო ახალგაზრდობის წლებში. მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს იმიჯი ელცინისდროინდელი ლიბერალური მთავრობის წევრისა, რის გამოც დასავლეთმა ეს დანიშვნა დადებით სიგნალად მიიღო."
ასეა თუ ისე, ეჭვგარეშეა, რომ პრემიერ-მინისტრად მიხაილ ფრადკოვის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება. თუ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებმა რუსეთის პარლამენტი, ბევრის აზრით, პრეზიდენტის მარიონეტულ ორგანოდ აქცია, ახლა - მთავრობის თავმჯდომარედ მიხაილ ფრადკოვის დამტკიცების შემთხვევაში - აუცილებლად ალაპარაკდებიან მარიონეტულ კაბინეტზე.
XS
SM
MD
LG