Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები ახალი და ძველი არჩევნების შესახებ


1991 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის ძალზედ ცოტას შეუძლია შედარებით უკეთესი არჩევნების დასახელება. საზოგადოების უდიდესი ნაწილის

მეხსიერებაში წინა წლებში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულ არჩევნებად დარჩა. შედარებით უკეთეს არჩევნებს ერთეულები გამოყოფენ - ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის აზრით, აქამდე ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ობიექტური ბოლო ადგილობრივი არჩევნები იყო; ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასევე ყოფილ თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს კი სხვა არჩევნებზე უკეთესად 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები მიაჩნია.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები - ჯუმბერ ლომინაძე და ნანა დევდარიანი - 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს არჩევნების წინა დღეს განსხვავებულ მოლოდინს უკავშირებდნენ. ჯუმბერ ლომინაძე ოპტიმისტი ჩანდა და მისი ეს ოპტიმიზმი, გარკვეულწილად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეზე მისეულ შეხდულებას ემყარებოდა.

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] "ჭიაბერაშვილი ძალიან მონდომებულია, წესიერი კაცია. ახლა შეუძლებელს ვერ გააკეთებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ გაყალბებებს. ახლა ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ცხოვრებაში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ დავემსგავსოთ ქვეყანას. არჩევნები არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი. "

არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის როლი, ნანა დევდარიანის წინასწარი შეფასებით, ცოტა სხვაგვარია. მას ეეჭვება, არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაცია, ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებისას, ობიექტური იყოს.

[ნანა დევდარიანის ხმა] "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "სამართლიანი არჩევნები" თვითონ გაუწევს საკუთარ თავს მონიტორინგს და საკუთარ თავზე იტყვის, რომ ობიექტურია, მაშინ საფრთხეები, საერთოდ, არ არსებულა. - ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. "

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს დასაშვებად მიაჩნდა, რომ არჩევნები 15-20 პროცენტით გაყალბდებოდა, პირველ რიგში, სახელისუფლებო ძალების სასარგებლოდ. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან გაყალბების სავარაუდო მაჩვენებელი ვერ დაასახელა, იქიდან გამომდინარე, რომ ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბებას არ ელოდებოდა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნანა დევდარიანმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება გამორიცხა.

[ნანა დევდარიანის ხმა] "როდესაც მქონდა საუბარი ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, მე ვუთხარი, რომ ველოდი იმ არჩევნების 15-20 პროცენტით გაყალბებას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია სისტემის რეფორმირება. ქვეყანაში, სადაც 80 პროცენტით ყალბდებოდა, ეს დიდი პროგრესი იყო. 4 იანვრის არჩევნებისთვის იმდენად გაყალბებაზე არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზე, რამდენად იქნება 50 პროცენტს პლუს ერთი. " (სტილი დაცულია)

ნანა დევდარიანმა 4 იანვრის არჩევნების ერთ-ერთ საფრთხედ მიიჩნია არჩევნებზე გამოცხადებულ ადამიანთა რაოდენობის ხელოვნურად აწევის შესაძლებლობა, თუმცა დაიტოვა იმედი, რომ ასეთი რამ საჭირო არ გახდებოდა. რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამავე საფრთხეზე ჯუმბერ ლომინაძემაც ისაუბრა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ ყოფილი თავმჯდომარისთვის ბუნდოვანია, რა ციფრებიდან დაიგეგმა არჩევნებზე მისულ ადამიანთა რაოდენობის პროცენტული მონაცემის გამოყვანა, მით უფრო მაშინ, როცა აჭარაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია არ მომხდარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები, რომლებმაც ამდენი კრიტიკა მიიღეს არჩევნების არაზუსტი სიებით ჩატარების გამო, პრობლემას ისევ სიებში ხედავენ.

რაც შეეხება წარსულს, ნანა დევდარიანი ფიქრობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი თავმჯდომარეობისას ჩატარებული არჩევნები, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, ადრე ჩატარებულ არჩევნებზე უკეთესი იყო. რას ნიშნავს ამ არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგების გაუქმება და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დატოვება, მისთვის გაუგებარია. ჯუმბერ ლომინაძისთვის ახალი რეალობის მიერ მოტანილი გაუგებრობა არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციაში გატარება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა და არა პარლამენტმა. ლომინაძე ამ ფაქტს ცაიტნოტური მდგომარეობით ხსნის, მდგომარეობით, როცა თამაშის წესების დასაცავად, უბრალოდ, დრო არ რჩება. ის ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე უკეთესად ბოლო ადგილობრივ არჩევნებს ასახელებს - ამბობს, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ჩაერია.

ჯერი 4 იანვრის არჩევნების შეფასებაზეა. საქართველოში ხელისუფლება სწორედ არჩევნების მიზეზით შეიცვალა და როგორ შეაფასებს საერთაშორისო საზოგადოება ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG