Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამის ჰუსეინის დატყვევებით საბოლოოდ დასრულდა მისი მმართველობის 25-წლიანი ეპოქა


"ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაპატიმრებულია" - 14 დეკემბერს, ნაშუადღევს გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ კვირა დღის მშვიდი რიტმი დაარღვია

და საინფორმაციო სააგენტოები, თუ ტელეარხები, ჟურნალ-გაზეთების რედაქციები თუ რადიოსადგურები - ჩვენისა არ იყოს - ფუტკრის მოფუსფუსე და აფორიაქებულ სკებს დაამსგავსა.

სადამ ჰუსეინის დაკავების ამბავი საზოგადოებას ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე აუწყა ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა:

[პოლ ბრემერის ხმა] "ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ის დავიჭირეთ!" (ტაში, შეძახილები)

როგორც გაიგონებდით, პოლ ბრემერს სადამ ჰუსეინის სახელიც კი არ უხსენებია: "ჩვენ ის დავიჭირეთო", მხოლოდ ეს თქვა.

მაინც, ვინ არის კაცი, რომელსაც თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ეპყრა ხელთ თავისი ქვეყნის მართვის სადავეები და რომლის სახელიც შიშის ზარს ჰგვრიდა მილიონობით ადამიანს არა მხოლოდ ერაყში?

ამ კითხვებით რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა კეთლინ ნოქსმა ჰუსეინის ერთ ძველ ნაცნობს მიმართა.

1960-იან წლებში აჰმედ ალ-რიკაბი ციხეში იჯდა წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის. მეზობელ საკანში სასჯელს იხდიდა პატიმარი სახელად სადამ ჰუსეინი, თავაზიანი კაცი, რომელიც თანამესაკნეებს დროდადრო ყავას უხარშავდა ხოლმე. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ეს მშვიდი კაცი, როგორც ალ-რიკაბი იხსენებს, თვით ციხის უფროსობის წინაშეც არ იხრიდა ქედს.

ერთ დღეს ციხეში შეხლა-შემოხლა მომხდარა ბაათის პარტიის წევრი პატიმრების დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის. ეს პარტია 1963 წელს მოწყობილი გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ დამარცხებულ იქნა და პარტიის აქტივისტებიც, ცხადია, ციხეში მოხვდნენ. მოქიშპეებთან ციხის უფროსი მისულა და მათგან ახსნა-განმარტება მოუთხოვია. აჰმედ ალ-რიკაბი იხსენებს, რომ ხმის ამოღება ვერავის გაებედა:

[აჰმედ ალ-რიკაბის ხმა] "ციხის უფროსმა თქვა, შეკითხვაზე რატომ არაფერს მპასუხობთო. უცებ ყველამ ერთხმად მიუგო: ამხანაგი სადამი გიპასუხებთო! და სადამმაც თქვა: ჩვენ რამადანის რევოლუციონერები ვართ. თქვენ გენერალ აბდულ ქარიმ ყასიმს ფეხებს უკოცნიდით, ჩვენ კი გადაგარჩინეთ და წელში გამართვის საშუალება მოგეცით. მაგრამ მალე ჩვენ დავბრუნდებით და ყველა ვაგებინებთ პასუხს ჩადენილი დანაშაულებისთვისო."

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, სადამ ჰუსეინი 1937 წლის აპრილში დაიბადა ღარიბ ოჯახში, ქალაქ თიქრითის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში. მამა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გარდაცვლილა, ხოლო მამინაცვალი პატარა ბიჭუნას, როგორც ამბობენ, ცუდად ექცეოდა.

მისი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისად 50-იანი წლებია მიჩნეული, როცა ის შეუერთდა ბაათის (ანუ განახლების) ახალდაარსებულ პარტიას, სოციალისტურ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად არაბული სამყაროს გაერთიანებას ისახავდა.

1959 წელს ჰუსეინმა მონაწილეობა მიიღო თავდასხმაში გენერალ აბდულ ქარიმ ყასიმის წინააღმდეგ - ერაყის მაშინდელი ლიდერისა, რომელმაც ერთი წლით ადრე ბრიტანეთის მიერ დაწესებული მონარქია დაამხო.

ის თავდასხმა წარუმატებელი გამოდგა და სადამმა თავს გაქცევით, უფრო ზუსტად კი, როგორც ამტკიცებენ, მდინარე ტიგროსის გადაცურვით უშველა. ამიერიდან სადამ ჰუსეინის პიროვნებას მყარად მიეკერა მამაცი და ძლიერი კაცის იარლიყი.

როცა 1963 წელს ბაათის პარტია ხელისუფლების სათავეში მოექცა, სადამ ჰუსეინის ეგვიპტიდან ისევ სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ბაათის მმართველობამ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სულ რამდენიმე თვეს გასტანა და კიდევ ერთი გადატრიალების შედეგად ბაათისტების დიდმა ნაწილმა ციხეში ამოყო თავი. სწორედ მაშინ შეხვდა იგი ჩვენს თანამოსაუბრეს, აჰმედ ალ-რიკაბის.

რამდენიმე წლის შემდეგ სადამ ჰუსეინმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და ძალაუფლების მწვერვალისკენ აღმასვლა დაიწყო. ამაში მას ის გარემოებაც უწყობდა ხელს, რომ ბაათის პარტიის ლიდერი, აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი, მისი ნათესავი გახლდათ. 1968 წელს, როცა ალ-ბაქრმა, კიდევ ერთი გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტის სავარძელი იგდო ხელთ, სადამ ჰუსეინი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ იმ პერიოდის ერაყში გარკვეული წარმატებები შეინიშნებოდა. საგანგებო სახელმწიფო პროგრამის წყალობით, მოსახლეობაში მკვეთრად იკლო წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვმა, რამაც სადამ ჰუსეინის იუნესკოს პრემია მოუტანა. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა მთელს ახლო აღმოსავლეთში საუკეთესოთა შორის იყო. ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდამ ხელი შეუწყო ერაყის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასაც.

სადამ ჰუსეინის ვიცე-პრემიერს ტარიყ აზიზს თუ დავუჯერებთ, სადამი ალ-ბაქრს პატიოსნად და ერთგულად ემსახურებოდა. მაგრამ როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, ჰუსეინი თანდათანობით იმზადებდა ნიადაგს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პოსტებზე თავის უახლოეს თანამოაზრეებს ნიშნავდა.

1979 წელს სადამ ჰუსეინმა დრო მომწიფებულად ჩათვალა და ავადმყოფი ალ-ბაქრი აიძულა, "სუსტი ჯანმრთელობის მიზეზით" გადამდგარიყო. ცოტა ხანში სადამ ჰუსეინმა თათბირზე მიიწვია ბაათის პარტიის რამდენიმე ასეული მაღალი რანგის წევრი. ახალმა პრეზიდენტმა შეკრებილთ გამოუცხადა, ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდაო. ხმამაღლა წაიკითხეს "შეთქმულთა" გვარები. "დანაშაულში მხილებულნი" სათითაოდ გაჰყავდათ გარეთ და იქვე ხვრეტდნენ. ამ თავყრილობის ამსახველი ვიდეოფირი მთელს ქვეყანაში გარვცელდა, რათა ყველასთვის ნათელი გამხდარიყო: სადამ ჰუსეინის მმართველობა აბსოლუტური იქნებოდა, ხოლო ნებისმიერი ურჩობა სიკვდილით დაისჯებოდა.

მალე სადამის გარშემო პიროვნების კულტი შეიქმნა. მან საკუთარი სისხლით გადაწერა ყურანის ტექსტი - როგორც ამბობენ, იმის დასამტკიცებლად, აქაოდა წინასწარმეტყველ მოჰამედის პირდაპირი მემკვიდრე ვარო. სადამის სადიდებლად წერდნენ ლექსებს, იღებდნენ კინოფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს...

ხელისუფლების სათავეში სადამ ჰუსეინის მოსვლის წელს მეზობელ ირანში მომხდარმა ისლამურმა რევოლუციამ დაამხო პროდასავლურად განწყობილი შაჰის მმართველობა და აიათოლა ხომეინის რადიკალური ისლამური რეჟიმი დაამყარა. მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო მომდევნო წელს დაიწყო ომი, რომელმაც რვა წელიწადს გასტანა.

ამასობაში სადამ ჰუსეინისა და დასავლეთის ურთიერთობა უმჯობესდებოდა. დასავლეთის ლიდერები შიშობდნენ, რომ ირანის რევოლუცია ირანის საზღვრებს გასცდებოდა და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერდნენ ერაყს - იმ იმედით, რომ სწორედ ბაღდადი მოახერხებდა ირანის ისლამური რევოლუციის დამუხრუჭებას. ცხადია, იმ პერიოდში ვაშინგტონიც და ლონდონიც თვალს ხუჭავდნენ სადამ ჰუსეინის ბოროტმოქმედებებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო ერაყის ქურთი მოსახლეობის ერთი ნაწილის გაჟლეტა მომწამლავი გაზის გამოყენებით.

მაგრამ ერაყ-ირანის ომს 1990 წელს მოჰყვა სადამ ჰუსეინის კიდევ ერთი სამხედრო კამპანია, რომელმაც მას დასავლეთი, როგორც მოკავშირე, საბოლოოდ დაუკარგა - ეს გახლდათ ქუვეითის დაპყრობის ცდა. ერაყის ჯარი მეზობელ ქუვეითში შეიჭრა და ეს პატარა ქვეყანა თავის მე-17 პროვინციად გამოაცხადა. მაგრამ საქმეში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალები ჩაერიენ და ერაყის არმიის იერიში უკუადგეს.

სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში მილიონზე მეტი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს - ომების, ეთნიკური წმენდისა თუ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების შედეგად. ოდნავი დაუმორჩილებლობაც კი სიკვდილით ან, უკეთეს შემთხვევაში, ციხით ისჯებოდა. წამება ჩვეულ მოვლენად იყო ქცეული.

სადამ ჰუსეინი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც დაუნდობელი იყო. 1996 წელს სადამ ჰუსეინის ორმა სიძემ ერაყი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა მეზობელ იორდანიაში. სადამმა მათ შეუთვალა: თუ დაბრუნდებით, ღალატს გაპატიებთ და შვილებივით მიგიღებთო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიძეები სიმამრს ენდნენ და მართლაც დაბრუნდნენ ერაყში: ორივე მათგანი დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში დახვრიტეს.

1991 წელს, ქუვეითის სამხედრო კამპანიაში განცდილი მარცხის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ სადამ ჰუსეინმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ გამოუცხადა გამოწვევა: როცა უარი თქვა, უპირობოდ ეთანამშრომლა განიარაღების საერთაშორისო ექსპერტებთან. ასეა თუ ისე, მის მორიგ ურჩობას შედეგად შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ჯარების მიერ ერაყის დაპყრობა მოჰყვა. მიმდინარე წლის აპრილში, ბაღდადის დაცემის შემდეგ, სადამ ჰუსეინი იმალებოდა. ვიდრე დღეს ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელი ხელმძღვანელი პოლ ბრემერი საზოგადოებას აუწყებდა, ჩვენ ის დავიჭირეთო:

[პოლ ბრემერის ხმა] "ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ის დავიჭირეთ!" (ტაში, შეძახილები)
XS
SM
MD
LG