Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დროებითი მთავრობა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ემზადება


საქართველოს დროებითი მთავრობა მუშაობას ექსტრემალურ ვითარებაში იწყებს და ნომერ პირველ ამოცანად სტაბილურობის განმტკიცებასა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის ზედმეტი გართულებების გარეშე მიყვანას სახავს.

განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს საქართველოს პარლამენტიც. ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველგვარი დებატების გარეშე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იღებს. 28 ნოემბერს პარლამენტმა ერთხმად შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. სასტუმრო საქართველოში კი გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა.


რევოლუციის შემდეგ საქართველოში კონტრრევოლუციის აჩრდილის ეშინიათ. დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას გარკვეული რევანშისტული მოძრაობის ნიშნების არსებობის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იგორ გიორგაძის დაბრუნების საშიშროებაზე საუბარს იწყებს.
ყოფილი სახელისუფლებო ძალების ნაწილი კი დროებითი მთავრობის წინააღმდეგ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს.

კონსტიტუციური მართლწესრიგის აღდგენის მოთხოვნით, "სოციალისტების", "ლეიბორისტების", "მრეწველების", "აღორძინებისა" და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა, ინტელიგენციის ნაწილთან ერთად, პარასკევს "სახალხო კოალიცია" შექმნეს. ამ ახალი გაერთიანების მოქმედების ტაქტიკაა სტიქიური პროტესტი იმის წინააღმდეგ, რაც 22 ნოემბერს მოხდა. "სახალხო კოალიცია" იწყებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების აქტიური ბოიკოტირების კამპანიას. მასში გაერთიანებული ძალები დროებით ხელისუფლებას სავარძლებისთვის ბრძოლაში ადანაშაულებენ. წინასწარი ინფორმაციით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების კამპანიას, შესაძლოა, შეუერთდნენ "ახალი მემარჯვენეებიც". ასე რომ, რევოლუციას გარკვეული კონტრმოძრაობები ახლავს და განცხადება იმისა, რომ შევარდნაძის გადადგომით ქვეყანაში კრიზისი დაიძლია, რა თქმა უნდა, ნაადრევია.

დღეს ყველაზე მეტად დროებით ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება სჭირდება. თუ საზოგადოებაში იმედგაცრუების ტალღა აგორდა, ვარდების რევოლუციად მონათლული მოვლენის შედეგები სხვა იქნება. რა შეიძლება იყოს ეს სხვა, ამაზე ჯერჯერობით ნაკლებად საუბრობენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს ლამის ყოველდღიური შეკრებები ვითარების სიმძიმეს მოწმობს, წინ კი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია - არჩევნები, რომლისთვისაც ბოიკოტის გამოცხადებას არა მარტო აჭარის მეთაური, საქართველოში მოქმედი სხვა პოლიტიკური ძალებიც აპირებენ. ასეა თუ ისე, რევოლუციის უმთავრეს გმირს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო კამპანია დაწყებული აქვს. პარასკევს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მან ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის თავისი ხედვა გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის 6 მსურველის განცხადებაა შეტანილი, მათ შორის - იგორ გიორგაძის. სააკაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა ახალი თავმჯდომარით და, არსებითად, ძველი წესით ჩაატარებს. 15 კაციან საარჩევნო კომისიაში ხელისუფლების პირდაპირ კონტროლს 8 დაექვემდებარება.
საარჩევნო კოდექსში 28 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი, პარლამენტის თანხმობით. პარლამენტის ნებით, 5 კალენდარული დღით გაიზარდა პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა და, ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აეკრძალა არჩევნების შედეგების შეჯამება სასამართლო დავების დასრულებამდე.
XS
SM
MD
LG