Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პირველი დღე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის გარეშე


საქართველო ხავერდოვანი რევოლუციის ეიფორიიდან გამოსვლას იწყებს. იმ დიდი სახალხო ზეიმის შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოეწყო საქართველოში,

გათენდა ორშაბათი და ამ დღეს აღარავის აღარ მიუგდია ყური შევარდნაძის ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუსთვის. 24 ნოემბერს საქართველოში დაიწყო ხანა, რომლის დაწყებასაც წელიწადნახევარში ელოდებოდნენ. საქართველოში ედუარდ შევარდნაძის 30 წლიანი მმართველობა დასრულდა და ამ დასასრულმა, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინთან ერთად, დაბადა ისეთივე უპასუხო კითხვები, ისეთივე გამოცანები, როგორსაც ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკა ბადებდა. რა იყო გუშინ და რა იქნება ხვალ? ეს კითხვა საქართველოში დღეს ყველაზე აქტუალურია. როგორი იყო საქართველოში პირველი დღე შევარდნაძის მმართველობის გარეშე?


ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების ორკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სახალხო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულებულია. ედუარდ შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ საქართველოს, პრეზიდენტის ნაცვლად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. მას მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენების უფლება არა აქვს და ქვეყნის ახალ საპარლამენტო და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიყვანა ედუარდ შევარდნაძის მიერ დატოვებული მინისტრებით ევალება. მათ შორის აღარ იქნება კობა ნარჩემაშვილი, რომელსაც ორშაბათს ორჯერ მოუხდა საზოგადოებისთვის თავისი გადაწყვეტილების გამოცხადება. პირველად თქვა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნებისთვის თანამდებობიდან არ გადადგებოდა; მოგვიანებით კი, ნინო ბურჯანაძესთან შემდგარი საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს იმ მოტივით, რომ თანამდებობაზე მისმა დარჩენამ არ გამოიწვიოს მორიგი ვნებათაღელვა. ნარჩემაშვილმა გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო, თუმცა მას მოუწოდეს ასე მოქცეულიყო. რაც შეეხება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - პირველი, რაც ნინო ბურჯანაძემ ახალ ამპლუაში გააკეთა, იყო პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების გიგი წერეთლისთვის გადაბარება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული განკარგულების გაუქმება და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. უშიშროების საბჭოზე სტაბილიზაციის შენარჩუნებისა და ძალოვანი უწყებების დაფინანსების მწვავე საკითხები განიხილეს. უშიშროების საბჭოს სხდომას არ დასწრებიან: სახელმწიფო მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და აწ უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. გამოჩნდნენ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულებიც. ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებები გააკეთეს იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულებმა, აგრეთვე, ფოთის მერმა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან წასვლა მართებს კიდევ რამდენიმე კორუმპირებულ რწმუნებულს და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაც, რომლის თავმჯდომარემაც ვერ გაამართლა ეუთოს ნდობა. სხვა შესაცვლელებს ულტიმატუმს "კმარას" აქტივისტები უყენებენ. 24 ნოემბერს, დღისით, "კმარას" ლოზუნგით ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის როინ მეტრეველის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამ დღის მიწურულს კი რუსთაველის პროსპექტზე ახალგაზრდებმა გააგრძელეს გამარჯვების ზეიმი, რაც ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტით აღინიშნა. მოკლედ, ვნებების დაცხრომის მიუხედავად, აჭარის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი ახალი პრობლემების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ საზეიმო განწყობილებაა. თუმცა ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. საზოგადოების ცხოვრებაში კი მთავარი კითხვა - გადადგება თუ არა შევარდნაძე, შეცვალა კითხვამ - რას მოიტანს ახალი დასაწყისი.
ედუარდ შევარდნაძე წავიდა, მაგრამ დარჩა მის მიერ განუხორციელებელი 2 უმთავრესი მიზანი: კორუფციის დამარცხება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ და სხვა მიზნებისთვის ახალი პროგრამის ამუშავებამდე შევარდნაძის შემცვლელმა ქვეყანას ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებით დატვირთული გარდამავლი პერიოდი უნდა გადაატანინოს.
XS
SM
MD
LG