Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინააღმდეგობის ახალი ფორმა თბილისში


"არჩევნების გაყალბების წინააღმდეგობის ფრონტმა" გარკვეული დროით წინააღმდეგობის სხვა ფორმა აირჩია და მოსახლეობას სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები დროებით შეწყდა; სამაგიეროდ, იმის საჩვენებლად, რომ თბილისელებს არ სურთ ამ ხელისუფლების მორჩილება, ორშაბათს დილით დედაქალაქის ქუჩები უჩვეულო ხმაურმა გააყრუა. მაშინ, როცა პრეზიდენტის ტრადიციული რადიოინტერვიუ დაიწყო, თბილისის ქუჩებში მოძრაობა მცირე ხნით შეწყდა და მანქანებიდან ერთდროულად გაისმა საყვირის ხმა. ხელისუფლებას - პირველ რიგში კი, პრეზიდენტს - არც ეს ხმა შეუსმენია. ედუარდ შევარდნაძემ 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ გადადგება.


[აქციის მონაწილის ხმა მანქანების საყვირების ფონზე ] "ეს სოციალისტური მთავრობა უნდა წავიდეს, კომუნისტური შევარდნაძის მეთაურობით. მორჩა, დამთავრდა მაგათი დრო. "

ასეთი ხმაურით და ასეთი პათოსით დაიწყო საქართველოში ახალი სამუშაო კვირა. მოწოდებას, რომ ორშაბათს, პრეზიდენტის რადიოინტერვიუს დაწყებისას, მოქალაქეებს მანქანების საყვირების ახმაურებით გამოეხატათ პროტესტი ხელისუფლების მიმართ, ბევრი ადამიანი აჰყვა. რუსთაველის პროსპექტიდან საპროტესტო ხმაურს პრეზიდენტის კაბინეტამდეც უნდა მიეღწია და თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში შევარდნაძე გამოეხმაურა კიდეც პროტესტის ამ ფორმას, თუმცა მისთვის ჩვეული მშვიდი და გაწონასწორებული ტონით. მის გამოხმაურებაში სიახლე არ ყოფილა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ თანამდებობიდან არ გადადგება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "თუ პრეზიდენტი თვითონ არ მოისურვებს, განცხადებას არ დაწერს, ან ხელი არ შეეშლება, არ გადადგება."

ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებისა და ახალი პარლამენტის შეკრების მოლოდინშია; აპირებს გამოვიდეს მოხსენებით პარლამენტის სხდომაზე და 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზოს. მისივე თქმით, ეს, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს.
ედუარდ შევარდნაძის მიერ დაპირებული ცვლილებების სიკეთისა ბევრს რომ არ სჯერა, ამას ამ დღეებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები მოწმობს. რაც არ უნდა არ ეშინოდეს ამ გამოსვლების, შევარდნაძე, როგორც უმაღლესი პასუხისმგებელი პირი, ფეთქებადსაშიში ვითარების განმუხტვას უნდა ცდილობდეს. მაგრამ ის, რაც მან ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, არის კიდევ ერთი საბაბი მასა და მის ოპონენტებს შორის დაპირისპირების გასაღრმავებლად.



[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ჩვენ ორიენტირებულები ვართ მეგობრებზე - მეგობრებზე, რომლებიც გვეხმარებიან. ჩვენ ვლაპარაკობდით საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ ურთიერობა რუსეთთან. ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სამჯერ დარეკა, დაინტერესდა აქ არსებული მდგომარეობით და შემომთავაზა დახმარება, ნიშნავს, რომ იწყება ახალი ურთიერთობა."

თუ პრეზიდენტისთვის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია მეგობრებზე ორიენტაციას ნიშნავს, ოპოზიციურ ლიდერებს მეტი საბაბი აქვთ იმისათვის, რომ მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდონ. ამ მოწოდებამ გამოხმაურება ჯერჯერობით უფრო საქართველოს რეგიონებში პოვა, ვიდრე დედაქალაქში. დაუმორჩილებლობის კომიტეტის თბილისში მოქმედება ჯერჯერობით პრეზიდენტის ტრადიციული რადიოინტერვიუს თანმდევი ხმაურით ამოიწურა, რასაც მოგვიანებით მოძრაობა "კმარას" აქტივისტი გოგონების ერთობ მშვიდობიანი აქცია მოჰყვა. ის სახელმწიფო კანცელარიასთან და სხვა ობიექტებთან გამაგრებული პოლიციელებისთვის ყვავილების დარიგებით გამოიხატა.
XS
SM
MD
LG