Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრანკფურტერ ალგემაინე": "შევარდნაძეზე პოლიტიკური ნეკროლოგების წერა ნაადრევია"


ბოლო დღეების ტრადიციას არც დღეს ვუღალატებთ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ციტატას უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებული იმ რეპორტაჟებიდან თუ კომენტარებიდან,

რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს.

აი, როგორ აფასებს, მაგალითად, გერმანიის ყოველდღიური გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს:

"პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ნეკროლოგების წერა, როგორც ჩანს, ნაადრევია. მართალია, აღარავითარი იმედი აღარ არსებობს იმისა, რომ ოდესმე გამოქვეყნდება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჭეშმარიტი შედეგი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თავის მიზანს (პრეზიდენტის ჩამოგდებას) ვერც ოპოზიცია უახლოვდება. საპროტესტო აქციებმა საერთო-სახალხო მოძრაობის ხასიათი ვერ მიიღო. ამასთანავე, შევარდნაძე სუსტ პრეზიდენტად რჩება, რაც რუსეთის ინტერესებს უპასუხებს. მოსკოვი კარგა ხანია ცდილობს, განიმტკიცოს გავლენა კავკასიის ამ რესპუბლიკაში. და მას, მრავალი თვალსაზრისით, მოსახერხებელი პოზიცია უკავია. ჯერ ერთი, რუსეთს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოში მოქმედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალებთან, და მეორეც - რუსეთის ერთ-ერთი კომპანია საქართველოს დენის გამომრთველთან ზის - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასე რომ, გამორიცხული არ არის, საქართველოში მალე პუტინისეული "სტაბილურობა" დამყარდეს."

შეერთებული შტატების "უოლ სტრიტ ჯორნალი" ვითარებას ასე აფასებს: "ვაშინგტონი დიდხანს ედგა მხარში ბატონ შევარდნაძეს - როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელმაც ცივი ომი დაამთავრა, და როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელზეც კასპიის ზღვის რეგიონიდან მომავალი ნავთობის საექსპორტო მარშრუტი გადის. მაგრამ შეერთებული შტატების დემოკრატიულ ფასეულობებს ოპოზიცია უფრო მეტად განასახიერებს. რადგან ამასობაში ბატონი შევარდნაძე, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც, სულ უფრო მეტად იხრება ნაკლებად დემოკრატიული რუსული ბანაკისკენ: მარტო გასული კვირის მანძილზე იგი სამჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს."

დაბოლოს, ერთი ციტატა აშშ-ის კიდევ ერთი გაზეთიდან, "ჩიკაგო ტრიბიუნიდან": "თავის ზომასთან შედარებით ეს ოთხმილიონნახევრიანი ქვეყანა არაპროპორციულად დიდ ინტერესს წარმოადგენს როგორც თავისი ჩრდილოელი მეზობლისთვის, რუსეთისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე მის დასახმარებლად უკვე მილიარდი დოლარი გამოყო. ეს საქართველოს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, იმავე ლიგის წევრად აქცევს, რომლის წევრები არიან ამერიკის უმსხვილესი დახმარების მიმღებნი, ისრაელი და ეგვიპტე. აშშ-ის ინტერესის ერთი მიზანი საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობაა რუსეთის, შავ ზღვასა და თურქეთს შორის. მეორე მიზეზია ნავთობი. ეს უკავშირდება აზერბაიჯანის ნავთობსადაბოებიდან თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთამდე მილსადენის საქართველოს გავლით ამოქმედებას, რაც 2005 წლისთვის არის დაგეგმილი."
XS
SM
MD
LG