Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარგზავნილი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში ''პატარ-პატარა წარმატებებზე'' საუბრობს


არჩევნებისწინა პერიოდში და, განსაკუთრებით, ახლა, 2 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და საერთო დაძაბულობის ფონზე,

ჩრდილში მოექცა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცხარე პოლიტიკური დაპირისპირების შემხედვარე მოსახლეობას (ან, ყოველ შემთხვევაში, მის დიდი ნაწილს) ნაკლებად ახსენდება აფხაზეთი ან შიდა ქართლი. ამ მხრივ ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო აქტიურობენ.

ოთხშაბათს გაეროს წარგზავნილი საქართველოში ჰაიდი ტალიავინი უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგა მოხსენებით, რომელშიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ბოლო ხანს მიღებული ზომები მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის უმთავრეს საკითხებში არსებული პრინციპული უთანხმოებების მიუხედავად, მოხერხდა მცირე ნაბიჯების გადადგმა პატარ-პატარა, პრაქტიკული ხასიათის საკითხების მოსაგვარებლად; რაც იმავე ტალიავინის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი წარმატებების იმედს იძლევა.

სხდომის შემდეგ ჰაიდი ტალიავინი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ უამბო, რომ გასულ თვეში გაერომ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლებისთვის მოაწყო მოგზაურობა ბოსნიასა და კოსოვოში - რეგიონებში, რომელთა გამოცდილება კონფლიქტისშემდგომი აღმშენებლობისა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბების საქმეში უთუოდ გამოადგებათ როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს.

[ჰაიდი ტალიავინის ხმა] "მე ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტის დროს ორივე მხარის წარმომადგენლებს თვალი აეხილათ. ყველაფერი, რსააც იქ ვაკეთებთ, ხდება რთული საშინაო სიტუაციის ფონზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ."

ჟურნალისტებთან საუბარში, რომელთა შორის რადიო "თავისუფლების" ნიუიორკელი კორესპონდენტი ბობ მაკმეჰონიც იყო, ჰაიდი ტალიავინიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამჟამად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას აფხაზეთის საკითხისადმი ყურადღებას არ მოუდუნებს.

[ჰაიდი ტალიავინის ხმა] "პოლიტიკური სიტუაცია ახლა ბუნდოვანია. და ამან, ცხადია, შეიძლება გავლენა მოახდინოს სამშვიდობო პროცესზე იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანთა ფიქრები, შესაძლოა, მხოლოდ იქითკენ არ იყოს მიმართული, რა ძალისხმევას ახარჯავენ გაერო ან მხარეები სამშვიდობო პროცესის გაღრმავებას."

ჰაიდი ტალიავინიმ დასძინა, რომ მისი მთავარი ყოველდღიური ამოცანაა, უზრუნველყოს იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში. ამასთანავე, გაეროს წარგზავნილმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ორგანიზაციის მზარდი როლი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
XS
SM
MD
LG