Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკის წინსაარჩევნო სამზადისი


სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით ორშაბათს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ბლოკს საარჩევნო სიები უკვე მზად აქვს და მათი პრეზენტაცია უახლოეს ხანში მოეწყობა.

ორშაბათსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" საარჩევნო სიების პრეზენტაცია სამშაბათს "მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში" შედგება და ამ ღონისძიებას პრეზიდენტიც დაესწრება. სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიების მზაობაზე ედუარდ შევარდნაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ცოტა არ იყოს დამაბნეველი სიტუაცია შექმნა. აღნიშნულის თაობაზე ბლოკის სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ კომენტარს აკეთებენ, უმეტესობა კი აცხადებს, რომ ბლოკში - "ახალი საქართველოსთვის" საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერაც არ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა -"სახელისუფლებო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის სურათების გადაღების საშუალება ხვალ ყველა მსურველს ექნება. ბლოკს საარჩევნო სიები უკვე მზად აქვსო", მაგრამ, როგორც ირკვევა სამშაბათს "მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში" დაგეგმილ ღონისძიებაზე ბლოკის - "ახალი საქართველოსთვის" საარჩევნო სიათაგან, უფრო, მაჟორიტარი კანდიდატების სიის პრეზენტაცია შეიძლება შედგეს. ბლოკის ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტის არსებობასთან დაკავშირებით მისი სხვასხვაწარმომადგენლები განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ. თუ სახელისუფელბო ბლოკში გაერთიანებული "აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის" თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილების პროცესი დასრულებულია, ბლოკის სხვა სუბიექტების ლიდერები -" ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია და "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო ბლოკში კვოტების გადანაწილებაზე დავა კვლავაც გრძელდება.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] " სია იქნება, ალბათ, თვის ბოლოს, რადგან სიის დამტკიცების ბოლო ვადა არის 2 ოქტომბერი ".

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "მე გეტყვით, რომ არის სიის 5 თუ 6 ვარიანტი. მათი ავტორები არიან სხვადასხვა სუბიექტები და ვისაც როგორ უნდა, ისე ლაპარაკობს. საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია".
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " არა, მე მგონია, უკვე გადანაწილდა ეს კვოტები მთელ სიაში. იყო რაღაც გართულებები, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგდა. ხელი მოეწერა ბლოკის ერთიანობას, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოვაწერეთ ამას ხელი. ამით ამოიწურა პროცესი. ეხლა უნდა მოხდეს სიების პრზენტაცია და ამის შემდეგ საარჩევნო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას".

როგორც ვნახეთ, ირინა სარიშვილი-ჭანტურიასგან და გია გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, თამაზ ნადარეიშვილი სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიების სრულ მზადყოფნაზე საუბრობს. ის იმასაც აღნიშნავს, რამდენი ადგილი ერგო "აფხაზეთის გათავისუფლების პარტიას" ბლოკის ერთიან სიაში. "ჩვენ 3 ადგილს დავჯერდით, რადგან პარლამენტში 12 კაცი ისედაც გვყავს. შესაბამისად, მომავლ პარლამენტში 15 კაცი გვეყოლებაო," - თქვა ჩვენთან საუბრისას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიის კვოტებზე დავა ბლოკის ზოგიერთ სუბიექტთან დასრულებულია, ზოგიერთთან კი არა. ბდოკი "ახალი საქართველოსთვის" პროგრამა-მინიმუმით პარლამენტში 80 კაცის გაყვანას გეგმავს, პროგრამა მაქსიმუმით - 150 კაცის. ცნობილია, რომ ამ ბლოკის გრძელ საარჩევნო სიაში "სოციალისტებს" ყოველ 10 კაცში ერთი ადგილი უნდა მიაკუთვნონ. ეს ამ პარტიის ლიდერებს დიდად არ უნდა ახარებდეთ, მით უფრო, რომ ბლოკის შანსებზე საუბრისას ორშაბათს თვით ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ტრიუმფალური წარმატების მოლოდინში არ არის.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ვერ გეტყვით, რომ გარანტირებულია გამარჯვება. ბლოკი იბრძოლებს, მაგრამ ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან. ძლიერი ოპონენტები არიან და, დაე, გაიმარჯვოს უძლიერესმა".

თავად სახელისუფლებო ბლოკში უძლიერესი, რაღა თქმა უნდა, "მოქალაქეთა კავშირია" და საარჩევნოს სიის ყველაზე დიდი კვოტაც მისია.
XS
SM
MD
LG